ხომ მაღელვებს მე ასე

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ხომ მაღელვებს მე ასე
ავტორი: ტერენტი გრანელი


ხომ მაღელვებს მე ასე
თეთრი ფიქრის თარეში.
სხვა პოეტი ვერ დასწერს
ლექს ოთახის გარეშე.

და ზეციდან - ეს ღმერთი,
და გულიდან - ეგ სისხლი.
და ვარ თითქმის ყოველთვის
განწყობილი ლექსისთვის.

მიწა, ცა უმაღლესი, -
ხომ პოეტის გულია.
და მგონია მე ლექსი
ყველგან გაბნეულია.

გული შენთვის გავწირე,
ირგვლივ ვხედავ რაღაცებს.
წუხელ ლექსი დავწერე,
დღეს გადამაქვს ქაღალდზე.

რესურსები ინტერნეტში[edit]