Jump to content

ჭანდარი

From Wikisource
ჭანდარი
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1914 წელი


მინდორზე იდგა ჭანდარი
ტოტ-გართხმით, როგორც კარავი,
წვიმის და პაპანების დროს
მშრომელი ხალხის მფარავი.

დაღლილნი მუშაობითა,
გულ-მკერდს ოფლ-გადამდინარნი,
იმ ხის ქვეშ თავსა იყრიდენ
მუშები სახე-მცინარნი,
სტკბებოდენ გრილის სიოთი
ზეზე მყოფნი თუ მძინარნი.

ხესა ჰლოცავდენ, ამბობდენ:
„ხეო, იცოცხლე, ღვთიანო!
უშენოდ გემო წყალს არ აქვს,
ვერც პურს ვჭამთ, როცა გვშიანო!“
დამწკრივდებიან ხის გრილში,
წინ სუფრას გაიშლიანო.
ჩრდილი სამოთხეს სჯობია,
როცა ყანასა ჰმკიანო.
ლობიოს სჭამენ ან მაწონს,
სხვა იმათ რა იციანო!
ცოტ-ცოტა ღვინოსაც შაჰსმენ,
გულით დარდს გადიყრიანო.
შაჰშრებათ ოფლის ღვარები,
გულ-მკერდს რომ უღარვიანო.
უბრთხილდებიან ჭანდარსა, –
მუშების დედა ჰქვიანო.
უნდათ იცოცხლოს, არ გახმეს,
მეუფეს ავედრიანო:
„ღმერთო, გვიცოცხლე ჭანდარი,
არაფრით დაგვიზიანო!“
იმ ჭანდრის მოტრფიალეთა
ხელ-აპყრობითა თქვიანო.
მაგრამ ხე უცებ წაიქცა,
მით აატირა გლეხები.
და ჭანდრის დიდრონ ფესვებზე
სხვა ამოვიდა ხეები.
დიდი ჭალაკი გაკეთდა
ჭანდრის ნადგომზე ფიჩხისა,
თუმც ჯერ არა აქვს მათგანსა
არც ერთს ლაზათი იმ ხისა.
იმედი არის, რომ ერთს დროს
დაიზრდებიან დიდები, –
მათ ჩრდილშიც მოიგრილებენ
მკერდ-ოფლიანი ბიჭები.