Jump to content

ძღვენი

From Wikisource
ძღვენი
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1885 წ.


რა გინდ ცხოვრებამ ჟანგი მოიდოს,
ჰკიცხოს ქვეყანამ გულის მიყოლა,
მე მაინც უნდა გრძნობით ვიცხოვრო,
იმედით ვათრო გულისა თრთოლა.

ტკბილის ნუგეშით გული ვილესო,
თეთრად შევკაზმო მისი ნდომანი,
ტკბილის ფიქრებით, მოლოდინითა
უნდა გავართო გრძნობათ წყრომანი.

[ნუგეშს] დავეძებ თვალ-დაცეცებით
[და ვერ] ვპოულობ მტარვლის წყალობით,
[მინდა] რომ მუდამ მას ვიგონებდე,
[ცრემ]ლით მორწყულის წმინდის გალობით

[ჭრილო]ბას ვუხვევ ცალს მოტეხილს მხარს,
[ჩვე]ნი სამხრეთის სამშობლო მხარეს,
რომ ის ემთხვიოს მთათ წმინდა ჩადრებს,
თანაც იძიოს, რა სტკივა არეს;

რომ მან შეიტყოს ხალხის ჩივილი
და წამაწეროს შავად გულზედა,
სიბრალულითა ამინთოს სული,
ამაღრჭენინოს კბილი კბილზედა.

და უცხოეთში მინამ ვარ ტყვედა
და ვერა ვსწამლობ ივერის წყლულსა,
მის მოგონებას დავაფრქვევ ცრემლსა,
ამითი მაინც მოვიფხან გულსა.