ძველი ჩონგური

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ძველი ჩონგური
ავტორი: ალექსანდრე საჯაია
1935


ძველი ჩონგური

ნიავს ვუსმენდი: ჩუმი და ტკბილი
ხმა შორეული ჩამწვდა გულამდე;
ჩავიმღერე და ჩავყევი ბილიკს
და ისევ ნიავს მივაყურადე.

წინ იყო მარტო სიბნელის ფარდა,
ტყე-ველი, მუქად გადანაფერი!
სხვა არაფერი, სიმღერის გარდა,
მხოლოდ სიმღერა, სხვა არაფერი.

ვთქვი: თუ ვინ არის, ხმა სადაური?
(ვერხვებსაც სურდათ, იქნებ, გაგება),
ხევ-ხევ გაქჰყვება, მთას გადაუვლის,
და ვარსკვლავებში გადიკარგება?

მღერის, მზე ტრფობით როგორ იწოდა,
როგორ იბრძოდა გმირი ლომგული,
ჩონგურმა ძველად ცრემლი იცოდა.
ნახეთ, რას მღერის ძველი ჩონგური:

ღამე ლამაზი ბევრი მინახავს
მთვარეც, მთა-ველიც გადანაფერი...
ეხ, არაფერი არ მინდა ახლა,
მხოლოდ სიმღერა, სხვა არაფერი!

1935