ძაღლი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ძაღლი
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1907 წელი


დაბერდა ძაღლი ყურშია,
არ ჰგავს წინანდელს ყურშასა,
მძიმედ-ღა მისდის ყურებში,
რომ ეტყვი „უშა-უშასა!“

დასწირპლებია თვალები,
ძლივს ჰყეფს ხრინწიანს ხმაზედა;
ნაწყლულარები ეტყობა
ბევრი ცხვირზე და ტანზედა.

გამოლევია ხალისი
მტრის რჩოლისა და კბენისა,
ცოტა-ღა მოეპოვება
შეძლება თავის რჩენისა.

წავიდა ის დრო, თვალთაგან
ცეცხლს რომ ბურჯღუმად ისროდა,
ყურშას ერთს დაყეფებაზედ
დედამიწაც კი იძროდა.

პატრონის ეზო-კარზედა
თავისუფლადა ტანტალი
ქურდულად არვის შაეძლო,
შეურაცხების ყრანტალი.

დღედაღამ დაუსვენებლად
სახლსა და ეზოს უვლიდა,
მტაცებელს, კაცსა თუ მგელსა,
თავსა მიწაზე უგლიდა.

ათასს სულს ცხვარსა მთელ ღამეს
მარტოდ-მარტოკა ჰფარავდა,
დათვი და მგელი საწიწკარს
მისგან ვერ მოიპარავდა.

პატრონი უალერსებდა –
და ყურშაც ხელზე ლოკავდა –
თან ადიდებდა თავის ძაღლს,
იმის მშობელსა ლოცავდა.

სალაფავს კარგის ფქვილისას
შეუზავებდა დუმითა,
საჭმელებს საგანგებოსა
სულ ახალ-ახალს უცვლიდა.

რამდენი მგელი დაარჩო,
რამდენჯერ დათვსაც შაება!
მტრისაგან ნაცემ-დაჭრილსა
აღარ შაეძლო ტარება.

მაგრამ გამოკეთდებოდა,
უფრო სწყუროდა ომია;
ნაწრთობი, გაკაჟებული
კვლავ იბრძვის, როგორც ლომია.

დიდხანს ახსოვდა მტრის ჯავრი,
მთელ თვეობითა ჰბორგავდა,
იწვა… სიზმარშიც სიბრაზით
მაინც ღრინავდა, ოხრავდა.

ერთხელ ზამთარში მის პატრონს
თოვლისა ზვავი დაეცა
სანადიროდა ნამყოფსა,
და ყურშაც როდი გაექცა!

მთელს კვირას დაყუნთებული
ზვავზე საბრალოდ ყმუოდა,
არ ჰშორდებოდა იმ ალაგს,
საცა პატრონსა ჰგუობდა.

სოფლიდან ხალხი მოვიდა,
კაცი იპოვნეს მთელ-მკვდარი:
მოთხარეს იქა, სადაცა
თავს დაჰყმუოდა მყეფარი.

ეხლა? ნუ მკითხავთ მაგასა,
რა ყოფაშია ყურშია:
ქატოსაც აღარვინ აჭმევს,
ცეცხლი უბრუნავს გულშია.

პატრონი ჩალად არ აგდებს
და, ვით შეპყრობილს ცოფითა,
არ აცდის მოკვდეს თავადა,
მოკვლას უპირობს თოფითა.