ცაგერის ბაზრობა

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ცაგერის ბაზრობა
ავტორი: ლადო ასათიანი
1940 წელი


ყოველი მხრიდან შემოდიან ცაგერში ამ დღეს!
ზოგნი ქვეითად, ზოგიერთნი კიდევ ცხენებით.
ბაზრის ბოლოდან სახელგანთქმულ მურის ხიდამდე
გამწკრივდებიან სვანები და ლეჩხუმელები.
სვანის ასულებს მოუხურავთ წითელი ფარჩა,
მათ სხვა ფერებზე უფრო უყვართ ფერი წითელი,
– ერთი ხელადა, მარტო ერთი ხელადა დარჩა,
ჩქარა იყიდეთ ოჯალეში შარშანწინდელი, –
გასძახებს ბაზარს ლეჩხუმელი თავგამეტებით
და უცაბედად გაცოცხლდება მთელი ბაზარი:
– იქით გაიწი, მუშტარს თვალში ნუ ეფეთები!
აქეთ სულგუნი, აქეთ გოგრა უზარმაზარი.
შორით მოსულებს ეშინიათ გაავდარების,
ჩქარობენ, ოხრად რომ არ დარჩეთ ყველა შაური,
ბაზარში დინჯად შემოდიან ჩალვადარები
აბილაურით, ყინულით და თურაშაულით.
– პატარძალმაც კი ვერ მოქსოვოს ასე ლამაზად,
თავს გეფიცები, ვერ იშოვნი უკეთესს, შვილო? –
იფიცებს ერთი და ვარდისფრად ანათებს ბაზარს
წვრილ-წვრილ ჭიქებში საჭაშნიკოდ ჩასხმული ღვინო.
ოქროსფერ სირმით მოსირმული ნაბდის ქუდები
თავზე ახურავთ სვანის ქალებს, ვით სილამაზე,
ყელგამოჭრილი ტახებივით წვანან გუდები,
უქნარობაში აჯავრებენ ბაზრის ზარმაცებს.
– ქლიავის ჩირი, ვაშლის ჩირი და ღორის შაშხი!
– სიმინდიანი, ცერცვიან, თეთრი ბურები!
– იყიდეთ, ხალხო, რას წაიღებთ უკეთესს სახლში?!
– აგერ, მწვანილი, აგერ კიტრი ნამნაპკურები!
აგერ, წრე შეკრეს, შეიმართნენ და გაცხარებით
მყიდველს შეებნენ ახოვანი ნაბდიანები,
წრის შუაგულში თავდახრილი დგანან ხარები
და საცრისხელა წითელ თვალებს აბრიალებენ.
აგერ, დედაკაცს აუცსია წიფხა ხორბალით
და ათზე ნაკლებ გასაყიდად არ ემეტება,
აგერ ვირაცამ გამოაძრო ურემს ხორბალი
და სამჭედლოში შეიტანა შესაკეთებლად.
აგერ, სწონიან ხელმეორედ ერთხელ აწონილს
ყვითელ ხალთებით ორ ბანაკად გაყოფილები,
კოლმეურნენი – ახალ ბაზრის ბატონ-პატრონნი –
იღიმებიან ულვაშებში კმაყოფილებით.
– ერთი ხელადა, მარტო ერთი ხელადა დარჩა! –
კვლავ გაიძახის ლეჩხუმელი თავდავიწყებით,
სვანის ასულებს მოუხურავთ წითელი ფარჩა
და სვანურ ბგერებს ღუღუნებენ როგორც გვრიტები.
ასე ყაყანებს, ასე ბორგავს მთელი ბაზარი,
თითქოს სიძვირეს ემუქრება შფოთის აწევით,
და მურის ციხე გადმოსცქერის ვით ზარბაზანი, –
როგორ დადიან მოედანზე ქონდრის კაცები.
დაბინდებამდე თავს ადგია გრძელი ფარდული
ამდენ მოსავალს, ამდენ ქაქანს, ამდენ გასავალს,
დაღამდება და ცხენისწყალი, როგორც ფანდური,
ჩაიღიღინებს ამ ბაზრობის თავგადასავალს.