Jump to content

ჩინარი

From Wikisource
ჩინარი
ავტორი: ნიკოლოზ ბარათაშვილი
1844


განმარტოებულს ფრიალოს კლდეზე სდგას ალვის ხისა ნორჩი ახალი,
მრავალ-შტოვანი, მაგრილობელი, ჰაეროვანი, ტურფა, მაღალი.
საამო არის მის ჩრდილში ოცვნა და მისთა ფოთოლთ შრიალთა სმენა,
და წყალთ დუდუნზე უკუღმართისა ამა სოფლისა ჭირთა დათმენა!

მოქშუის მტკვარი, მოქრის ნიავი და შრიალითა არხევს ჩინარსა,
და გამოსცემენ სახიობასა, ტკბილის ოცნებით დამაძინარსა!
მრწამს, რომ არს ენა რამ საიდუმლო უასაკოთაც და უსულთ შორის,
და უცხოველეს სხვათა ენათა არს მნიშვნელობა მათის საუბრის!

ვითა მიჯნური სატრფოს ამაყსა, მტკვარი მას ნორჩსა ფერხთა ევლების,
და აღმოარხევს უფსკრულებიდამ, და აღელვილი კლდესა ეხლების!
მაგრამ ჩინარი, მაღლად მჩინარი, დგას მედიდურად და სიამაყით,
და მხოლოდ თავსა გარდმო-გარდიღებს სევდიანისა შერხევის სახით.

რამდენჯერ ქარი შეარხევს საროს, იმდენჯერ მტკვარი უმეტეს ოხრავს,
თითქოს სიშურით შეშფოთებული, და კლდის პირებზე ზვირთთა შემუსრავს.
ესრედ იდუმალ, მაგრამ ძლიერად, დაიტანჯების მარად მიჯნური,
თუ მას ნამდვილად ეგზნების გულსა ტრფიალებისა ცეცხლი ციური.