ჩვენება

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ჩვენება
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1911 წელი


კვალად ამიდგნენ თვალ-წინა
წარსულთა დროთა გმირები.
ტანზე აესხათ აბჯარი
და უღიმოდათ პირები.
„ნუ სტირი, ნუო“! – მეძახდენ,
რა მნახეს ანატირები:
„სრულდება, მალე იქნება
ღვთისაგან დანაპირები“.
შუაზე თამარი ედგათ,
ბრწყინვალე, როგორც ცისკარი,
გარს ერტყნენ ღვაწლით მოსილნი…
ბევრი მათგანი ვიცანი.
ყველასა ჰქონდა გულზედა
მოწამეობის ნიშანი.
„აღსდგება საქართველოვო!“
გმირთა სათქმელი ეს არი.
ამ წარწერითვე ყველასა
ხელთ ეპყრა ოქროს ფიცარი.
ენა დამება, დავმუნჯდი,
ცხარე ცრემლი მდის, მჩქეფარე;
გულზე შიშ-კრძალვის მედება
ცეცხლი, მათ ცქერით მგზნებარე.
„აღსდგება საქართველოვო!“
სთქვეს დინჯად, მწყობრად მიდიან.
მინდა ვეუბნო, ჩქარობენ,
თუ ღირსად არა მხდიდიან.
რად მემდურიან, ნეტავი,
ჩემი რა ავი იციან?
თავს ვანუგეშებ ამ ფიქრით:
ნება არა აქვთ ღვთისგანა,
ალბათ, იმიტომ აჩქარდენ,
არ მესაუბრნენ დიდხანა.
„ღმერთს შეგვავედრეთ! – მივძახდი, –
დაჩაგრულნი ვართ მტრისგანა!
უმწეო-უპატრონონი
შველას მოველით მისგანა“.
როს ქვეყნად წყდება წამალი,
არაფერია ცისთანა!
„გვიშველოს თავის შვილებსა!“ –
გახელებული ვყვიროდი.
გაჰქრა საამო ჩვენება,
გამომეღვიძა... ვტიროდი