შრომის ფსალმუნი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
შრომის ფსალმუნი
ავტორი: ნოე ჩხიკვაძე


მოწყენილია შენი ბაღი, - ეს ჩემი გული,
ვით მწუხრი დედა პირმშო შვილზე ატირებული,
სევდამ დაჩრდილა სიჭაბუკე გაბრწყინვებული,
ჭმუნვამ დაკოდა აღმამფრენი სული შვებული
და გრძნობის ჩანგზე კვნესს, ქვითინებს სიკვდილის

წყლული.
მოწყენილია შენი ბაღი, - ეს ჩემი გული!

შენ იყავ მადლი ცის ემბაზით გადმოფრქვეული,
შენს გარეშემო გაზაფხული იფურჩქნებოდა,
მე შენ გეტრფოდი, შენი ხილვა მენატრებოდა
და რა ვიცოდი უნუგეშოთ თუ დასჭკნებოდა
მშვენიერების სახე ნაზი, სახე გრძნეული?
შენ იყავ მადლი ცის ემბაზით გადმოფრქვეული!

ახ, სად ხარ, სადა, სად მიგაფრენს ეს სისხლის ნავი,
უფსკრულის გზითა, ცეცხლის ალზე სანამ ვიარო?
ჩემი ოცნების, სიცოცხლისა თანაზიარო,
სად მოვისვენო, ნეტარებით სად ვეზიარო?
საფლავთა შორის განწირულმა სად დავდო თავი?
ახ, სად ხარ, სადა, სად მიგაფრენს ეს სისხლის ნავი?!

ვარსკვლავებს ჰკითხე, შენ გარშემო რომ დასცურავენ,
როგორ ჩამოჭკნა შენი ბაღი, - ეს ჩემი გული,
როგორ ინთქება, იღუპება ქვეყანა სრული
და, უღვთო ხვედრით დაცემული და განწირული,
შენი მსახურნი რა ცრემლსა და ნაღველს სწურავენ.
ვარსკვლავებს ჰკითხე, შენს გარშემო რომ დასცურავენ!

რა ვქნა, რა გიყო? სად გეძიო გულის-უფალო?
რომელ ზღვის გულში, რომელ ქვეყნის ტურფა მხარეში?
აქ ისე ვცხოვრობთ, ისე ვდნებით, ვით სამარეში,
მონის ხუნდებით, გაჭირვება-სიმწუხარეში
და მარად გვდევნის ბედი შავი, ბედი უწყალო.
რა ვქნა, რა გიყო? სად გეძიო გულის-უფალო?