შორეული სინათლე
Appearance
შორეული სინათლე ავტორი: ტერენტი გრანელი |
გათავდა ჩემი გლოვა ამდენი,
დავტოვე ბედი, რატომ, არ ვიცი.
სულის გადაღმა ელავს კანდელი
და განსაცდელი შორეულ რიცხვის.
ეს ჩემი ფიქრის ლურჯი მხარეა,
ასეთი ფერი ალბათ მას ჰქონდა.
ყოველი ღამე - ყრუ სამარეა,
ყოველი ღამე - არის გოლგოთა.
განვლილ დღეების ნისლიან ლანდთან
მე ისევ მივალ უთუოდ მალე.
და ყვავილივით ხმება თანდათან
ჩემი სინაზე და სიბრწყინვალე.
მოგონებების ქრიან ლანდები
და საფლავები მე წინ მიმიძღვის.
სულის გადაღმა ელავს კანდელი
და განსაცდელი შორეულ რიცხვის.