შინმოსულისა
შინმოსულისა ავტორი: გიორგი ლეონიძე |
გიორგი ნატროშვილს
ათჯერ ვემთხვიე შენს მიწას,
ასჯერ სიცოცხლე მანატრე,
თბილისო
შენმა ლამპრებმა
როდესაც შემომანათეს!
თითქოს ლამპრები კი არა,
ენთო ვარდები ბდღვრიალა,
მე დავინახე მთაწმინდა
და გულმა შეიფრთხიალა.
მე დავინახე შენი ცა,
სინაზით გადამხუროდა,
მუჭით ავიღე მტკვრის წყალი,
ვეწაფე, როგორ მწყუროდა!
კვლავ მიბრუნდება სიცოცხლით
მე შენი სუნთქვა, თბილისო.
დამწვას, დამდაგოს შენმა მზემ,
ოცნება დამითილისმოს!
მე მოვდიოდი შორიდან,
იერიშიდან მოველი,
შენ დაგიბრუნდი პირნათლად,
მე, შენი ძუძუს მწოველი.
ვით საჩუქარი შენდამი,
მომაქვს მე ჩემი ჭრილობა,
მეც შევაჩერე ამ წყლულით
მტრის დიდი შემოჯრილობა.
ბევრგან ვიბრძოდი და ყველგან
შენთვის ვიბრძოდი, თბილისო,
შენი ქედები მახსოვდა
და ფერი ყარამფილისო.
გესმოდა ჩემი ნასროლი,
შენი მზის სასახელოდა?! ―
მტრედო, შემიძეხ თბილსში,
აქ დედის ძუძუ მელოდა...