Jump to content

შენ და შემოდგომა

From Wikisource
შენ და შემოდგომა
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე


შენს სიყმაწვილეს ახსოვს მხოლოდ ზუზუნი ქარის,
როგორ უგონოდ გაწამებდა ბედი, ვაიმე,
ეხლა შენს სულში ყვავილისთვის მზე აღარ არის,
მზე აღარ არის და არ არის არარაიმე.

ცეცხლი გწყუროდა, რომ აგენთო ბნელი ნაპირი,
წმინდა ტაძრები, სიონები, სვეტიცხოვლები.
ეხლა შენ არ გსურს არაფერი, ო, არაფერი,
მხოლოდ ზამთრების მწუხარებით შეიფოთლები.

არც ღმერთი, არც ცა არ სწყურია გაუგებარ სულს,
არც სიყვარული, არც ღიმილი, არც სიტკბოება.
შენ ვერაფერი დაგავიწყებს შხამიან წარსულს,
შენთვის მკურნალი იმედები არ იპოვება.

უმიზეზოდ ცივს, უმიზეზოდ შეურაცხყოფილს,
შენ არ გსურს ვინმეს გააგონო, ჩემო ციერო.
მხოლოდ დემონთა დავიწყება ეძებს სამყოფელს:
ყოველივესთვის იყოს იგი სამაგიერო.

რესურსები ინტერნეტში

[edit]

შენ და შემოდგომა