შემოდგომა (ტერენტი გრანელის მეორე ლექსი)

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
შემოდგომა
ავტორი: ტერენტი გრანელი


შემოდგომის სურნელება დადგა,
შორეული მოგონებაც ელავს.
როიალი ახმაურდა სადღაც
და ღამდება პარასკევი ნელა.

ახლა ვატყობ, რომ სიცოცხლე არ ღირს.
სიკვდილშიაც ხომ არ არის შველა.
ასე ნელა გავიარე ბაღი,
ასე ნელა ჩამოვშორდი ყველას.

ისევ მინდა შევებრძოლო ქარებს
და ვიღაცას უდარდელად ძინავს,
ვიყო ასე დარჩენილი გარეთ,
ქუჩა იყოს სამუდამო ბინა.

ალბათ დილას ჩამოწვება ნისლი,
მე ვატარებ ანგელოზის ნიღაბს.
სადღაც დიდი ტაშისცემა ისმის,
სხვათაშორის, მწუხარეა ვიღაც.

მე მივდივარ და მიცქერის ხალხი,
ჩემი სახე გუმბათივით ელავს.
ასე ნელა გავიარე ბაღი,
ასე ნელა ჩამოვშორდი ყველას.

რესურსები ინტერნეტში[edit]