შემოდგომა მინდვრებში

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
შემოდგომა მინდვრებში
ავტორი: ტერენტი გრანელი


ჩემ სულში სევდა თოვლივით ელავს,
ისევ მწუხარე ხმებია ზარის.
მოვიდა უცებ და მიდის ნელა
ეს შემოდგომა, როგორც სიზმარი.

მინდორში ვწევარ, ვუცქერი ღელეს,
გაღმა ლანდივით გამოჩნდა ცხენი.
მიწა ეცემა ჩემს მოღლილ ხელებს,
ვწუხვარ და ქრება დღე მოსაწყენი.

ახლაც გარშემო სიჩუმე რეკავს,
როგორც ქალწულის მძიმე გოდება.
ო, სიყვითლეა, სიყვითლე ყველგან,
და მეც სიკვდილი მიახლოვდება.

ვწუხვარ დაღუპვას ჩემ სულთან ერთად,
სილაზე ნელა დაფრინავს ყვავი.
ამ ღრუბელს, ამ ცას, ვიღაც უმზერდა
წინათ, როდესაც მე არ ვიყავი.

დავარდა გული, ახლა არ ღელავს,
სანამდე მივალ ასეთ სიმწარით.
მოვიდა უცებ და მიდის ნელა
ეს შემოდგომა, როგორც სიზმარი.

რესურსები ინტერნეტში[edit]