შემოგეხიზნეთ, ქედებო

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
შემოგეხიზნეთ, ქედებო
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1897 წ.


შემოგეხიზნეთ, ქედებო,
თქვენც შამიხიზნეთ ძმურადა,
მოგანდეთ ჩემი სიცოცხლე,
ჩემი სვე-ბედი სრულადა.
მიმინდეთ, არ მიღალატეთ,
არ მომექეცით მტრულადა,
იმიტომ მკერდში მისხედხართ,
ვაჟნო, მეორე გულადა.
რა ვუკიჟინო კაცთ გროვას,
რა ვუკიჟინო ჭკვიანად?
ბევრი ჭირს გულსა თქვენეულს
კაცთ სიბრიყვისგან ზიანად;
გამხადა თვისი ერთგული
ეშმაკებისა ზიარად.
ნასულდგმულარი თქვენითა
ჯერ ისევა ვარ ფხიანად.
ხან თუ ნისლები მეწვევა,
გულს შამიბურავს შავადა,
ვწყევ თავის გაჩენის დღესა,
გუნებითა ვარ ავადა.
თქვენ რომ თვალს მოგკრავთ, მაშინვე
მოვრჩები თავისთავადა.
მრწამს აზრი კაცთა სიცოცხლის,
მრწამს საიდუმლო სოფლისა;
მრწამს, რომ ანათებს ღვთის სადგურს
სანთლები მშრომელთ ოფლისა.
მრწამს ბოლოს გასახარებლად
დღეს მწარე ცრემლი ობლისა,
შეგნებული მაქვს მიზეზი
ჩვენის უმსგავსის ყოფნისა.
გაქვავდეს ენა და პირი
. . . . . . . . .