ყაზარმაში

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ყაზარმაში
ავტორი: ტერენტი გრანელი


ბნელ ყაზარმაში სული შფოთავს, გული ღონდება,
იქ უძილობა, შავი ფიქრი მეტად მაწვალებს.
როს გარეთ გავალ, ყრუ სიცივე ამაკანკალებს
და წარსულ ყრმობის სიმახინჯე მომაგონდება.
მომწყინდა მარტო სეირნობა წვიმიან დღეში,
აღარ მასვენებს მოგონება ყოფილ მეგობრის,
წამებულ გულში დანავარდობს ქარი ნოემბრის
და მელანდება ტყის ასული სევდიან ტყეში.
მძულს ჯარისკაცი გამოწყობილ მწვანე ტილოში,
რადგან მის სახეს ეგ სამოსი ვეღარ უხდება.
კარტის თამაში, ყრუ სიმღერა სასადილოში
ვით ცეცხლის ალი, გაჩაღდება, ახმაურდება.
ზოგჯერ ატყდება ერთმანეთის ლანძღვა-გინება.
ჯარისკაცები გიჟდებიან ბორშით და ქაშით.
ამასობაში მე სევდიანს მომეწყინება
და ცის ლაჟვარდში ჰაერს ვაპობ ცრემლიან რაშით.

რესურსები ინტერნეტში[edit]