ღამე გლეხთა სახლში

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ღამე გლეხთა სახლში
ავტორი: ტერენტი გრანელი


არ მეძინება, ღამე გრძელია,
გარეთ ისევ წვიმს, მე ძირს ჩაველი.
ალბათ ეს გლეხი იმერელია,
ალბათ ეს გლეხი არის ფშაველი.

ქარი ყოველთვის ფოთოლს ეხება,
რა ვქნა, მე გრიგალს ვერ გავუძელი.
უცებ შეაღეს კარი გლეხებმა
და მოიტანეს პური, ყურძენი.

მე შეკითხვაზე გლეხს პასუხს ვაძლევ,
თანამედროვე საკითხს ვეხები.
ვუსმენ ვენახზე და მოსავალზე
რომ საუბრობენ სოფლის გლეხები.

და ირგვლივ შავი სივრცეა ქვეყნის,
შორს გაიარეს ცაზე ღრუბლებმა.
ღამეა, ვწევარ და სოფლის გლეხი
უბრალო ენით მესაუბრება.

რესურსები ინტერნეტში[edit]