ქარიშხალს უნდა გული დასეროს

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ქარიშხალს უნდა გული დასეროს
ავტორი: ტერენტი გრანელი


ქარიშხალს უნდა გული დასეროს,
ფიქრები მაინც ასე იწვიან.
მე ეს ლექსები სად გადავწერო,
მე ეს ლექსები გულში მიწყვია.

სულს მეგობარი ყოველთვის უნდა
და შენ ისურვე ჩემი დაგმობა.
და პოეზიას ამართლებს მუდამ
ეს ხეტიალი და უსაქმობა.

წარმოვიდგინე მე შენი სახე,
როდესაც იდგა დღე ოქროსფერი.
დავწერე ლექსი ღამის შესახებ
და ჩავიარე ნელა პროსპექტი.

რესურსები ინტერნეტში[edit]