ქართული ქორწილი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ქართული ქორწილი
ავტორი: ვაჟა-ფშაველა


I

მთები დათოვნა, აცივდა,
ყინული მოსდევს გუბესა.
რა შაედრება ამ დროსა
ლამაზის ქალის უბესა?
ქორწილი არის სოფელში,
ვახშმობენ, ისმის ძახილი,
თან მისდევს ჯიხვების ცლასა
სიტყვები მახვილ-მახვილი.
თავშია სხედან მზედ, მთვარედ
ორი ახალი ყოილი;
თავს გვირგვინები უმშვენებს
სულ ოქრომკედით ქსოილი.
„ბევრს ნუ ვიუბნებთ, გეთაყვათ,
ვსვათ ღვინო, ჩვენი ვალია.
ქორწილში უსმელ-უჭმელი,
ღმერთმანი, შესაბრალია.
დავლიოთ, კარგა დავლიოთ,
მტერს დაუყენოთ თვალია!
ღვინოს ვერა ჰსომთ წესზედა
თომავ, პეტრე და ლელია.
დალიეთ, დამალეინეთ,
ღვინო ნაღველის მკვლელია!
შენ, ტოლუმბაშო, რასა გთვლემს,
დაგიგძელებავ ცხვირია?!
ომში ომი სჯობ ფიცხელი
და სტუმრობაში – ლხინია.
ქორწილი არის, ესმოდეს
მაღლა ცას, დაბლა მიწასა.
ვინც დღეს გვირგვინი იკურთხა,
მე ვადღეგძელებ იმასა!
მამას ზაქარა უქვიან,
ნეფეს-კი ჰქვიან სესია.
დაჭირების, რომ იტყვიან,
სწორედ ტალი და კვესია.
ასწიე თასსა, დაცალე,
ივანე, რასა ჰხვნეშია?!
მომკითხეთ, რამდენიც გინდათ,
პური, ღვინო და ლეშია!
მომკითხეთ, არ დაგიზოგავთ,
მე არ გამოვსწყდე თქვენშია
აბა, ბიჭებო, სუფრული
ჩვენი ქართული წესია.
დალიეთ, ვაჟის მაყრებო,
თქვენ გეთაყვანეთ ღმერთშია!“ –
ამას ამბობდა ნეფის ძმა,
გადადრეცილი წელშია,
ერთში ხომ ქუდი ეჭირა,
თასი მეორეს ხელშია.
თვალები დასწითლებოდა,
ეცინებოდა წვერშია.
მწვადები იწვის ცეცხლშია,
ჯიბრზედა სვამენ ღვინოსა.
იწვევენ ერთ-ურთის მეშვლად
ღმერთსა და წმინდა ნინოსა.
დასწითლებია თვალები
შიოლაშვილსა ილოსა,
სმაში ის ჭირვეულია,
ღმერთმანი – დაიძინოსა,
თუნდ სამი ღამე გადებას,
უნდა სვას, ხალხსა ჰკბინოსა,
კვეხნით, რო მამაცი ვარო,
ყველანი შეაშინოსა.
ბერუა ჩაწითლებულა,
ჟინჟლი გადაჰდის მზისაო.
ეინი არის სწორედა,
როგორ ამაყად ზისაო.
დედოფალს ფეშქაშს უმზადებს,
გაუხსნავ ჭრელი ქისაო.
მოხუცებული დიმიტრა,
კაცი ოთხმოცი წლისაო,
ჯეილებს კიდევ სჯობია,
ბუქნაში გამოდისაო.
საკარგყმო დაალეინეთ,
თუ მადლი გწყალობსთ ღვთისაო.
მაგის სწორები წავიდენ,
სხივი დაეხშოთ მზისაო.
ეგ კარგავ ხმარობს მუხლებსა,
იერივა სძე მგლისაო.
ჰკითხეთ ერეკლეს ამბავი,
სიკეთე იმის ხმლისაო.
წარსულის დროის ამბებსა
წვრილ-წვრილად ჩამოსთვლისაო,
ამ საუბრის დროს ხანდახან
ცრემლებიც ჩამოსდისაო.
მამასახლისიც მოვიდა
ღიპ-გამოსული, ხვნეშითა.
ზედ ეტყობოდა – გამძღარა
სადღაც ღვინით და ლეშითა.
საჭმელს და სასმელს კითხულობს
კიდევ თვალების ბრეშითა.
ღვინო მოართვეს ხელადით,
ღორის ხორც-წვენი თეფშითა.
გადაჰკრა ღვინო გემრივლად,
თეფშიც მოსვლიპა ძირითა.
მერმე დაიწყო მსუნაგად
თითების ლოკა პირითა.
ახლა საყელოც გაიხსნა,
შაკრული წითლის ღილითა.
„ერთი ზაქარას უთხარით,
აქ გადმოვიდეს ჩემთანა!“
ამბობდა მამასახლისი,
მიქადლებული კევრთანა.

II

ზაქარაც გვერდზე მიუჯდა,
გაჟღენთილიყო ისიცა.
ტიკის პირიდამ თუ ჰსვამდა?
კუპრიც ტუჩს ეკრა, ფისიცა.
ღვინო მოჰქონდა დოქითა
და ერთი ჯამი ქვისიცა.
მოუჯდა მამასახლისსა,
სიტყვას ეტყოდა ტკბილსაო:
„თუ შენ მომიხველ, რა მომკლავს
და ან რა მომგვრის ძილსაო?!“
ეტყოდა მამასახლისიც:
– გიბედნიეროს შვილიო.
ღმერთმა ერთი ქალი მისცეთ,
ვაჟები ორი წყვილიო.
იცოცხლონ მანამ სწადიანთ,
ცხოვრება ჰქონდესთ ტკბილიო.
ისრე დაბერდენ, რომ ერთხელ
არ წამოსტკივდეთ ბჩხილიო.
გადაჰრჩა ერთსა ვარიკას,
ხელადას ღვინიანადა,
და აძლევს დარიგებასა
ზაქარას რიხიანადა:
– რა დაგიმალო, ზაქარო,
ან კი რა დასამალია?
დამორჩილება მეფისა
ყოველი კაცის ვალია.
ვერსად წაუვალთ ვერა გზით
მაღლა ღმერთს, დაბლა მეფესა.
უნდა ვეყმოთ და ვემონოთ
ჩვენზე ყალანის მკრეფესა,
ზოგისთვის ელვას მრისხანეს,
სხვისთვის ბედ-მოიეფესა.
ზაქარამ მალე გაუგო
მოხელეს გულის პასუხი,
და უთხრა იქ მდგომს მეღვინეს:
„მოიტა ღვინო, დაუსხი!“
მაგრამ მასპინძელს სახეზედ
ფერი ფერადად სდიოდა.
გარეგნად არ დაიმჩნივა,
თუმც შიგნით გული სტკიოდა.
– მაშ ერგო ჩემსა სესესა
სალდათში წასვლა, ეგ არი?
ღმერთმა ქმნას, შასძლოს ერთგულად
იხადოს მეფის ბეგარი.
სტუმრებმაც მალე გაიგეს,
გაისმა: „ვიში, ვიშიო!“
– რასა ჰვიშ-ვიშებთ, – სთქვა სესემ, –
გულში არა მაქვს შიშიო!
თავით გვირგვინი მოიხსნა,
ცოლს გადაუგდო კალთაში.
სთქვა: „მესმის, მამასახლისო,
წასვლა მრგებია სალდათში!
ადეგ, წავიდეთ, მზადა ვარ,
არ მეშინიან ომისა,
საითაც ტყვია მოზუის,
მკერდით იქისკე დგომისა.
განა მარტოკას მე მერგო?
იქ სხვა ქართველიც ბევრია.
კაცი მოკვდება ყველგანა,
სადაც ღმერთს დაუწერია!“
– დღეს, შვილო, კიდევ ნება გაქვს,
დედოფალს ჩაეხუტია.
ხვალ კი… რადა, დედოფალო,
რად მაგრე გამებუტია?! –
სთქვა რა ეს მამასახლისმა
თან გადიწურა ჯამია.
ღმერთმა გიშველოს, ღვინოვო,
რომ გაუნათლე გვამია!
ოჰ, როგორ ცივა, ქარი ჰქრის,
როგორი ბნელი ღამია.
დედოფლისათვის ეს ღამე
სიკვდილის სწორი წამია…
თავი დაჰკიდა, ტიროდა,
ცრემლს აფრქვევს გვირგვინიანი.
ღვერივით მოსდის ტიალი,
ცრემლია პილპილიანი.
ზაქარას გვერდით მოსჩანდა
ერთი მოხუცი ხნიანი,
თეთრ-წვერა, წელში მოხრილი,
ხმა-ტკბილი, სახე-ჭკვიანი.
მოხუცი წელში გასწორდა,
სიტყვა წარმოსთქვა გზიანი:
„ღმერთმა გაცოცხლოს, შვილო, სესიავ,
რომ ვაჟკაცური სიტყვა სთქვი შენა.
ვაჟკაცი მუდამ მაგარი უნდა,
არ დაიჩნიოს ადვილად წყენა.
რაღა ხალხია ეხლანდელები!
დაქალაჩუნდა, დალაჩრდა ყველა.
შასჭამს მთელს სოფელს, რომ მოინდომოს,
მჩხავანა ტურა, ან წუწკი მელა.
სოფელში ერთს თოფს ვერ გამოსძებნი,
თოფი იშოვნო, მსროლელი ვინა?
რასაც დღეს ვხედავ, ვინა ჰნახავდა
ამგვარს ვაჟკაცებს ძველს დროს, უწინა?!
დღე-და-ღამ თოფი, ხმალი, ხანჯარი
განუშორებლივ გვეკიდა ტანზე.
და ვიგერებდით ლეკ-ოსმალ-სპარსსა,
თავს დასხმულებსა მთა-ბარს თუ კარზე.
თუმცა კი გვაცვეს შეჩვენებულთა
მაინც ქართველნი ბოლოს დროს ჯვარზე.
მაგრამ გულითა საღნი ვიყვენით,
გვეფასებოდა ერთურთი მაშინ.
ეხლა სრულ სხვასა, სხვა სურათს ვხედავ,
გულის სამღვრევლად მიდგება თვალწინ.
უნდა ვიცოდეთ, ადრე თუ გვიან
ისევ მტრიანი დროება მოვა
და, რა თქმა უნდა, მგლებს იამებათ,
წინ დაუხვდებათ თხა-ცხვრების გროვა.
ისწავლეთ ახალთ აბჟრის ხმარება,
თოფ-იარაღის მოვლა და კილო.
იმ მამიჩემის სულს გეფიცებით,
გამოგადგებათ ეგ ცოდნა, შვილო!“
სთქვა რა ეს, კვერი დაუკრეს
იქ მყოფთ აქედამ, იქითა.
თანა ჰყლაპავდენ ღვინოსა
ჯამებითა და ჭიქითა.
სთქვეს: „კაცსა მეტი ცოდნაო
ჰრგებს, როგორც სნეულს წამალი,
არ უჭირდება მცოდნესა
სოფლის გზა, ძნელად სავალი,
გზა ესე, ბევრგან კლდიანი,
ბევრგან წყალ-ჭაობიანი,
სავალად უსწორ-მასწორო,
ტინიან-საფლობიანი.
ათასკან ლიპი გვერდობი,
ბოლოში ნაზლობიანი…“
გული წაჰსლოდა დედასა,
წყალი დაასხეს თავზედა.
ძლივს მოაგონწრეს ბებერი,
კინაღამ შესცდა ჭკვაზედა.
გულს იმჯიღავდა, ჰბოდავდა
შვილის „სალდათში“ წასვლაზე.
გამწარდა ლხინი ყოველი
დედის ქვითინის ნახვაზე.
ზაქარა თავ-დაკიდებით
ჩუმად დასცქერდა კერასა.
სიტყვას ეძებდა სათქმელად,
მაგრამ ამბობდა ვერასა.
გულში ლოცულობს იდუმალ,
უფალს ევედრის შველასა.
თანთან მინელდა ქოხშია
ხალხის მღერა და ჟივილი.
მის ნაცვლად გაჩაღებული
ისმის მამლების ყივილი…

III

მინდორი არის გაშლილი,
ჯარი სჩანს რაზმად წყობილი;
აქ სჩანან ქართვლის ბიჭები
სამხედროდ გამოხმობილი,
გურულ, მეგრელი, იმერი,
ფშაველ-ხევსურნი თუშებით,
ლეკვებიც ქართლ-კახეთისა,
ყველანი სახე-ქუშებით.
მეორე პირი მინდვრისა
დაფარულია რუსებით.
თოფები გადის ზედი-ზედ,
ისმის ზარბაზნის დგრიალი,
მიდის და მოდის რაზმები,
მწყობრია ჯარის ტრიალი,
ლიშანს ესვრიან თოფებსა,
კვამლი წევს, ისმის ზრიალი.
წესს აძლევს ქართვლის ლაშქარსა
ერთი მოხუცი მხედარი,
მხარ-ბეჭიანი, მრისხანე,
თვალებით მეხი, მედგარი.
ჩვენი სესიაც იქა სჩანს,
ქორივით იყურებოდა.
თოფის სასროლად ვაჟკაცი
სურვილით იწურებოდა.
სამჯერ ესროლა ნიშანსა,
ტყვია ტყვიაზე დაასო
და გული მეუფროსისა
სიხარულითა აავსო.
ზარბაზანს ლამაზად ხმარობს,
უკეთ ცულზე და წალდზედა.
ვეფხვსა ჰგავს სესე, რომ ჰნახოთ,
გავლა-სახეზე, ხმაზედა.
თუშური ქუდი კოხტადა
დაუხურია თავზედა.
ჯარისკაცია, ამაყობს,
თუ გსურსთ იცოდეთ, მიტომა,
თუმც ერთხელ ძვირად დაუჯდა,
პეტკა რუსი რომ მიტორა.
გვერდში „მუსტები“ შემოჰკრა,
კარგა გალანძღა, მიჯორა.
ესე ამბავში დუქანი
ჯერაც სწერია ქვაზედა.
გიამბოთ, სესეს და პეტკას
ჩხუბი მოჰსვლიათ რაზედა.
– შენ რა ბიჭი ხარ? პეტკაი
შენთან რა შასადარია?
ზარბაზნის, თოფის სროლაში
პოლკში არა მყავს ცალია. –
პეტკა ეტყოდა სესესა,
როცა არაყი დალია. –
ღონეც მკლავში მაქვს ისეთი,
ემ წამზე წაგგლეჯ კისერსა! –
ეტყოდა პეტკა სესესა,
თან ხელს იმისკენ იშვერსა.
სესემაც უთხრა: – პეტკაო,
მე იმას გირჩევ, სესია,
ჩემს მამულებში, იცოდე,
ცოტა ფეტვები სთესია.
ვაჟო, შენ არ გამაჯავრო,
არ მამიყვანო ბრაზზედა.
თორემა, ღვთის წყალობა მაქვს,
თავი გინაყო ქვაზედა.
მაგ კომბოსტოებს, ღვთის მადლმა,
გამოგირეკავ კარზედა.
პეტკავ, ჭკვიანად იყავი,
სთქვი სიტყვა დრინჯი-დრინჯია.
ახლა იკითხე, კახეთში
სესე როგორი ბიჭია.
შეჰყვნენ პეტკა და სესია,
გაჩნდა მუშტების ტრიალი.
დიდხანს ისმოდა დუქანში
ჩვენის პეტკაის ღრიალი.
სესია დაატუსაღეს,
ამით გათავდა ბრძოლაო.
მაგრამ დაჭერამ ვაჟკაცი
ისე არ დააღონაო, –
მარტოკა ყოფნამ ბნელაში
სახლობა მოაგონაო.
მას მოაგონდა მარიკო,
ან როს არ მოჰგონებია?
მაგრამ ვით ეხლა, მის გული
მაროს არ დაჰმონებია!..
თვალებზე გუგად მოევლო
ქალი მკერდ-აფუებული,
მის დაბრაწული ლოყები,
კოცნისთვის გაღუებული.
ოცნებას ოცნებას აკეცს
და რჩება მოტყუებული.

IV

ღამეა. ჰშხეპდა. მთებზედა
ნისლები იწვენ ფარადა.
ალაზნის ველსა ჰკედლავენ
მთანი გალავნის გვარადა.
ტყეს ჩაებღერტა ფოთოლი,
ვენახებს ძაძა ეფარა.
მათი სარჩო და საბადი
კაცის ხელს გადაეპარა.
ისმის ტურების ჩხავილი
ტყიდამ გორ-გურის პირითა.
იმათ ბანს აძლევს მწუხარედ
ჭოტი მკივანი ძირითა.
სოფლები დადუმებულან,
ყეფაც არ ისმის ძაღლისა.
არსიდამ სინათლე მოჩანს,
არსით ბოძები კვამლისა.
ალაზნის პირად მოსჩანდა
საწყლად სოფელი პატარა.
ერთის ქოხის წინ კაცი სდგას,
ტანზედ აცვია მაზარა. –
რატომ არ უწუხს მგზავრს გული,
ხომ მოაღწია შინაო?!
შეკრთა როგორღაც უცნობი,
უცხოდ ეჩვენა ბინაო.
კრძალვით შეაღო კარები
და ფეხი წადგა წინაო.
კერაში იჯდა ცეცხლაპირს
მისი მშობელი თინაო.
ცეცხლი ბჟუტავდა, ჰქრებოდა,
ალი კვდებოდა ძელზედა.
გაშტერებით ზის ბებერი
და კატა უზის გვერდზედა.
მშობელმა შვილი ვერ იცნო,
ჰკითხა: „ვინა ხარ? ვისია?
რას დახვალ შუაღამისას,
ეხლა რაღა დროს სვლისია?!
რა გინდა, რუსო, რას ეძებ,
შენ აქ რა დაგითესია?!“
– რის რუსი? მე ქართველი ვარ
და შენი შვილი სესია. –
მიუგო სესემ თამამად,
როგორც მეომრის წესია.
– სესია? ვაჰმე, შენ, შვილო?!
ვაჰმე, მომიკვდა თავია! –
ბებერს ჩამომხმარს პირზედა
ფერი დაედვა შავია.
სიტყვა სესია დედასა
გულს ეცა ტყვიასავითა
და ამოუშვა გულიდამ
ხმა რამე ხრიალსავითა.
მანამ შვილს მოეხვეოდა,
მანამ გულს ჩაიკონებდა,
მანამ სამის წლის ვარამსა
გულიდამ მოიშორებდა,
სული დალია მოხუცმა
ხელებ-გაპყრობით შვილისკე
და გაიმგზავრა, საითაც
ყველას გზა მიგვდის, იქისკე…
. . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . .