ქალის აგონია

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ქალის აგონია
ავტორი: ტერენტი გრანელი


თ. რ.

დაღონებული და მარად სუსტი,
სარკესთან ფიქრობ, როგორც დიანა.
დღესაც შორეულ მეგობარს უცდი,
მაგრამ მან მოსვლა დაიგვიანა.

მახსოვს, ცრემლები შენ თვალს უვლიდა,
ალბათ ფიქრებმა ასე დაგღალა.
და უცხო ბინის ყრუ სართულიდან
შენ ფრინველივით დაჰყურებ ქალაქს.

მიხვალ როიალთან და როგორც გიჟი
იწყებ კლავიშზე ხელების თამაშს.
შენ ძლიერ გინდა და რაღაც გიშლის,
რომ გყავდეს ბავშვი, რომ იყო დამა.

სარკესთან ზიხარ და ფიქრობ სხვაზე,
ხან, როგორც მტრედი, თვალებს დანაბავ.
მიჰყვები ბედის უცნაურ ხაზებს
და ნატრობ ვიღაც არათანაბარს.

შენი ლოდინი სანამდი გასტანს,
ანდა სანამდი იქნები წმინდა.
რის მიზეზია, ჯერ ახალგაზრდას,
რომ შენ ცხოვრება ასე მოგწყინდა.

ოთახში ზიხარ შენ, ავადმყოფი,
ხან, როგორც ბავშვი, ძილს მიეცემი.
შენ ეს ჰაერი თითქო არ გყოფნის,
და გინდა გლოვა და გინდა ცრემლი.

დაღონებული და მარად სუსტი,
სარკესთან ფიქრობ, როგორც დიანა.
ახლაც შორეულ მეგობარს უცდი,
რომელმაც ასე დაიგვიანა.

რესურსები ინტერნეტში[edit]