ქალებს

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ქალებს
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1888 წელი


თქვენ რომ არ გვყვანდეთ, ქალებო,
რა იქნებოდა ქვეყანა?
ვისაც რაც უნდა, ისა სთქვას,
მე-კი გადარებთ მზესთანა.
ბნელს გულში სხივი ჩადგება,
როს თქვენა გხედავსთ თვალია,
ავსდგები თქვენსა საცქერლად,
კიდეც რომ ვიყო მკვდარია;
დატრამლდეს გულისთქმასთანა
ყველა ბუნების ძალია!..
კარგნი, ქართულად ჩაცმულნი,
გამაჰგოგდებით წყნარადა,
ან-თუ დასხდებით მწყაზარნი,
ვით ტრედის გუნდი ფარადა…
თუმც ხშირად თქვენი შვენება
კაცებს გვექცევა ძმარადა, –
მაინც მაყვარებს თქვენს თავსა
ეს გული ძალის-ძალადა!