ფიქრები სიშორეზე

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ფიქრები სიშორეზე
ავტორი: ტერენტი გრანელი


ოთახში ვსდუმდი და წვიმდა ოდნავ
და ვწუხდი გვიან გაფრენილ დღეზე,
და როგორც ცეცხლი, გარს მეხვეოდა
ფიქრი, სიკვდილზე და სიშორეზე.

იდგნენ ქარები მძიმე დარდების
და იშლებოდნენ შუქები სიმად.
ვნანობდი განვლილ მზიან დარებზე,
უიმედობას ანთებდა წვიმა.

ვუმზერდი სანთელს და მომაგონდა -
დღე სიხარულის რომ კრთოდა წინათ.
ფიქრში ვიყავი, ძალა არ მქონდა,
თვალი დავმალე და მიმეძინა.

რესურსები ინტერნეტში[edit]