უფროც დაბნელდი, ღამეო

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
უფროც დაბნელდი, ღამეო
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1888 წელი


უფროც დაბნელდი, ღამეო,
ეგებ დავკარგო ბილიკი, –
კლდიდამ გადვვარდე წყალშია,
მორევს რომ გააქვს ლიკლიკი.
ეგებ დამძიროს მორევმა,
ქვიშაში დამეძინოსა,
წყალნი იმ არაგვისანი
უბეში ჩამედინოსა;
მესმოდეს დაულეველი
ზვირთების ჩქეფა, ზრიალი,
გასწვრივ-გასწვრივი შხაპუნი,
პირ-ქაფიანი ტრიალი;
ძმის საფლავზედა დებური
გულს მუშტის ცემა, ღრიალი,
წყლის მხევის ორაგულისა
ორკაპის ბოლოს შრიალი, –
ფშათი, იმ წმინდა წყლიანთი,
წვეთთა წკაპ-წკაპი, წკრიალი…
ნუ ეძებ გზასა, ლურჯაო,
ნურცა ჰღონდები ძმისადა;
მე თავი ჩამიბარებავ
ჩემის არაგვის წყლისადა.
თუ შენ ცოცხალი გადაჰრჩე,
წადი, დედაჩემს უთხარა,
რომ მოვკვდი უპატრონოდა
და არაგვი მაქვს სუდარა.
უთხროდი: „შენთვის, დედაო,
მაინც ხომ ვიყავ ურგები“.
არ დამიღონდეს, ვენაცვლე,
ცრემლი არ ღვაროს მწარია;
ერთი სანთელი დამინთოს, –
ისიც არამი არია
ჩემფერა შავ-ბნელ შვილზედა,
განაღამც გლოვა-ზარია?!