ტყუპი იაგუნდები
ტყუპი იაგუნდები ავტორი: გიორგი ლეონიძე |
გაზაფხული მახარა
ნიაღვარის ყვირილმა!
გულს ია დამახალა,
დასტა-დასტა გვირილა!
შავ ღრუბლებმა გაჰყარეს
ტყუპად იაგუნდები,
ჩემს ლამაზს და საყვარელს
ისევ მოვაგონდები!
მე შენ მინდა გახარო
ჩვენი ახალგაზრდობა,
ჩემო ქორის ბახალო,
დღეს რაც გალამაზდება!
დავძრათ ბედაურები,
გავჰყვეთ მზის ნაკვალევსა,
ქარებს გავჰყვეთ, ნიაღვრებს,
ცისარტყელის მკლავებსა!
ყველაფერი ჩავთვალოთ
სიყვარულში ნარგებად, ―
ვაშლის თეთრი ყვავილით
ქვეყნის მოპერანგება;
ოქროში გადამდნარი
გაზაფხულის დილები
და ფრთებით პეპლებისა
გზები ნააჩრდილები;
მთებზე მთვარის ნამქერი,
ზედ ზოლები მკრთალები
და შენი, ― მშვენიერო, ―
დასათხრელი თვალები!
მე ეს მანდა გახარო,
ჩემო თეთრო ნარჩიტა,
ყველაფერი ჩახჩახებს
სიყვარულის ხარჯითა!
დაე, ფერფლმა ნუშისა
ჩვენი მხრები მოთოვლოს;
გაზაფხულო,
აპრილო,
დაწვიმულო ფოთოლო!..