ტყის სურათები

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ტყის სურათები
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1906 წელი


ტყეში წავედით მაყვალზე
მე და ჩემი ძმა გოგლია,
ჩემი და სოფოც გვეხვეწა:
„ძმებო, მეც გამიყოლია“.

გადაგვეკიდა, წამოგვყვა,
თუმც ჩვენ ვუთხარით უარი:
„ტყეში ეკლებში ფლაშუნი
რა გოგოების შნო არი?!“

თან დაგვედევნა ტირილით,
გაჟინიანდა ფრიადა.
რომ მივდიოდით გზაზედა,
ფრიდონაც აგვეკვიატა.

ბიჭია ჩვენის მეზობლის,
დიდი ყბედი და ხუმარა,
გიამბობს ამ მთის, იმ მთისას,
არ დასდევს, გიამს თუ არა,
და არც დაიშლის შიგ და შიგ,
თუ არა მოგატყუა რა.

ამრიგად ოთხნი გავკეთდით,
შიში არა გვაქვს გულშია;
მეხუთე ამხანაგადა
უკან მოგვდევდა ყურშია.

იმედი გვქონდა ყურშასი,
წელზედაც მეკრა ხანჯარი;
ვერაფერს ჩამოგვრჩებოდა
მგელი, დათვი და აფთარი.

აფთარი თავისთვის იყოს,
ჩვენ გვეშინოდა დათვისა,
რადგან ამბობდენ სოფელში:
„ხშირად პანტებზედ დადისა;
დიდია, კამეჩის ტოლა,
ბაბრი ყელ-თეთრი, ქედანა,
არ ერიდება არავის,
უშიშრად დადის ყველგანა“.
ამას ამბობდა დათვზედა
საერთოდ მთელი ქვეყანა.

დაბურულს ტყეში შევედით,
ეხლა აღარა გვცხელოდა;
წიფლის და ვერხვის ფოთლები
ერთი მეორეს ჰშველოდა.

ეღობებოდენ მზის სხივებს,
ცაში შეეკრათ კარავი,
წვიმის და მეტის სიცხისგან
ცხოველ-მცენარეთ მფარავი.

ხავსით შემკულის ტინიდან
ძირს ცივი წყარო დიოდა,
ანკარა, ბროლი, გამსჭვირი
რაღაცას შემოგვჩიოდა.

რას მოგვითხრობდა, არ ვიცი,
წყაროს ბავშვური ტიკტიკი.
მხოლოდ ვხედავდი, ქვიშაზე
გაჰქონდა წყნარი ლიკლიკი.

გარს ერტყა ბუერის ჯარი,
განზე გაერთხათ ფოთლები,
ჩადუნაც გამოჰრეოდათ,
როგორც სოფელში ობლები.

პირველად წყაროს მივმართეთ,
ვსვით, დავიბანეთ პირები.
ბუერით წყალი ნასვამი
კარგია, გასაკვირები.

ჟივილ-ხივილით მოვედეთ
ტყეს, ვკრეფდით მაყვალს, სოკოსა.
სირბილში, მაყვლის კრეფაში
ვერავინ სჯობდა სოფოსა:
მანამ ერთ მუჭას მოვკრეფდი,
ქილა გაევსო გოგოსა.

ჩიტების ჟრიამულთანა
ჩვენიც ისმოდა ზრიალი.
გვეჯიბრებოდა კოდალა,
შორს მიდის მისი კრიალი.

დაუდეგარი ჯაფარა,
ნავსი, კვერცხების პარია,
დახტოდა ხიდან ხეზედა,
ჩვენსკენ ეჭირა თვალია.
ხან ყვავს აჯავრებს, ხან ძერას,
კაკანებს, როგორც ვარია;

ინდაურივით კივკივებს,
ხან გააჯავრებს კატასა.
ჩვენაც მაღლიდან სიცილსა
გვაყრიდა როგორც პანტასა.
აღარა ჰქონდა საზღვარი
ჩხიკვის ხუმრობის მადასა.

ამასობაში მზემაცა
ფრთა დასავლეთად დახარა,
მოწმენდილი ცა ღრუბლებმა
ერთ წამში შავად დაფარა.

დაუშვა ჟუჟუნა წვიმა,
საამო, წმინდა, ანკარა.
გაყუჩდა ტყე და ველები
და გააბრუა შვებამა.

სდუმდა ჩხიკვი და ჩიტებიც,
ჩვენც და კოდალას კრიალი.
ისმის ფოთლებზე წვიმისა
ტყლაშუნი, წკაპწკაპ-წკრიალი.

ჩვენ ერთს მუხის ქვეშ მივსხედით.
მივიკუნჭენით ბოლქვადა,
ბუერეები გვეჭირა
წვიმის საფარად, ქოლგადა.

გაღმა პირდაპირ მთა მოსჩანს
უტყეო, აყუდებული;
მოხეთქა მაზე ღვარები
დამშრალი, დაგუბებული.

ჩამოეკიდნენ თავ-თავქვე,
როგორც ალმასის მძივები.
იქაცა ვყავდი მამაჩემს,
ვთიბეთ, ავაგეთ თივები.

გამოიდარა. ბუნება
გამოჩნდა როგორც ღვთაება,
და ცისარტყელა გაღმიდან
გამოღმა მთაზე გაება.
საძილედ გამზადებული
მზე ეშხს მთის წვერზე დაება.

აღარ ეწადა მზეს ძილი,
ტურფა სურათით სტკბებოდა,
გამოსროლილი მის სხივი
ყვავილთა მკერდზე კვდებოდა.

ჩვენც ველად გავიშალენით,
რაკი ცამ გამოიდარა,
მოვედეთ ნამიან ბალახს,
ყვავილებს ვკრეფდით წყნარ-წყნარა;

ვარჩევდით სუნზე და ფერზე,
კონებად ვკრავდით, ვხარობდით,
ფშაურს სიმღერას ვამბობდით,
ხან დიაკვნურად ვგალობდით.

ჩვენს თანამხლებელს ყურშასა
არ ეტყობოდა მოლხენა;
ბოლო დროს ყურები ცქვიტა,
რიღაცის კვალი მოძებნა.

ცხვირს ჰყოფდა ბალახებშია,
აქეთ და იქით დარბოდა.
ჩხავილი გვესმის, რა ვიცით,
თუ ყურშას ბედი სწყალობდა.

სოფო გაიქცა. პირიდან
წაართო კურდღლის ბაჭია.
ჩვენი კიჟინა, ყვირილი
ღმერთამდე მიდის ცაშია.

ყურშაც გაცოცხლდა, წკმუტუნებს,
სახე უბრწყინავს ლხენითა,
მირბის და მორბის გიჟივით,
თან ხელებს გვილოკს ენითა,

სოფო ხომ თითქმის გაგიჟდა,
ჰკოცნიდა, გულში იკრავდა.
არ გვანებებდა არავის,
როგორც დედა შვილს, იცავდა.

ხშირბინდი იყო, ყველანი
როცა დავბრუნდით სახლშია.
კარგად მიგვიღო დედამა,
გვკოცნა პირში და თვალშია.

დიდხანსა ჰყავდა, უვლიდა,
დაშაქრული რძით ჰკვებავდა.
თავისთან გვერდზე იწვენდა,
ბოლოს-კი როდი ჰხედავდა.

ერთ დილას თავის ყურ-ცქვიტის
მხოლოდ ყურები იპოვა;
რამდენი ცრემლი დაღვარა,
რამდენი ხანი იგლოვა!

სდარაჯობს მეზობლის კატას,
რომ გვეპარება სახლშია,
ღამე გვიქოთებს ჯამ-ჭურჭელს,
წამს გავარდება კარშია;

სდარაჯობს თვალებ-ბღვრიალას,
რომ კეტი დასცხოს თავშია.
ბაჭია გაუცოცხლდება,
ასეა იმის ჭკვაშია.