ტომაზო მინადოი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search


უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის დასავლეთ ევროპული წყაროები




პუბლიკაცია:


რესურსები ინტერნეტში:


შესავალი[edit]

1588 წელს ტურინში გამოქვეყნდა ტომაზო მინადოის ნაშრომი "ისტორია ომისა ოსმალთა და სპარსელთა შორის ოთხ წიგნად აღწერილი". 


ტექსტი[edit]

ტომაზო მინადოი
"ისტორია ომისა ოსმალთა და სპარსელთა შორის ოთხ წიგნად აღწერილი"

[მზადება ომისათვის - გვ.15][edit]

ოსმალეთის მიერ ამ ომის წამოწყების საქმეში "თუ რამ სიძნელეები წამოყენებულ იქნენ, ორი მხოლოდ დიდად მოჩანდა: პირველი - სიშორე და უფრო ადგილების სისასტიკე, რომელზედაც უნდა გაეყვანათ ცხენები, აქლემები, არტილერია და ჯარისკაცები, რადგან იცოდნენ, რომ საქართველოს არტყია მკაცრი მთები და დაბურული ტყეები, სადაც მტრები ადვილად იჭერდნენ და მახეს უგებდნენ გამვლელებს. მეორე - ფული".

[დედისიმედის სამფლობელო - გვ.34-35][edit]

"იგი (ქვრივი) განაგებს მრავალ დაბას.... მისი მიწა-წყალი, რომელიც დასავლეთით ყარსის საზღვრებზე მდებარეობს, ხოლო აღმოსავლეთით ძმათა სიმონის და დავითის მამულს აკრავს, არაქსის მიერ მორწყულია. ამა მფლობელობის ბინაა ალთუნ ყალა, თურქულად ასე წოდებული, რაც ჩვენებურად ოქროს დაბას ნიშნავს... იგი თბილისისა და ყარსის მხრით პერიარდოს სიმკაცრით და დაბურულ ტყეების საშინელებით გარემოცულია. სასახლე საცბიეროდ და ყოველის მხრივ მარჯვე ლაშქრებისათვის სავნოდ არის აგებული. თვით ალთუნ ყალა მდებარეობს მოხერხებულად მდინარის მიერ დაცულ ადგილზე".

[მანუჩარის მისვლა ოსმალებთან - გვ.36][edit]

ჩილდირის ომის შემდეგ ლალა ფაშამ ტყვე სპარსელებისათვის თავის მოკვეთა ბრძანა. "ამ დღეს, როდესაც თურქების წინამძღოლი ასეთ ბარბაროსულ და მტარვალს საქმეს ადგა, რამდენიმე კაცი მოვიდა ქართველი დედისიმედად წოდებული ქვრივის უმცროსი შვილის, მანუჩარის სახელით, რომელნიც კარავში მიიწვიეს. მოსულებმა მოახსენეს, რომ მუსტაფას წყალობით მათი ბატონი მანუჩარი სალამის მისაცემად მოდიოდა, რათა მისთვის მორჩილება და ერთგულობა განეცხადებინა".

ამ ამბავმა გააორკეცა მუსტაფას სიხარული. მან ბრძანა, რომ ყოველი ფაშა და ჯარის ნაწილების სხვა მეთაურები სრული წესრიგით, დიდი ზეიმის მოწყობით, საყვირების დაკვრით, არტილერიის სროლითა და "ყველა უდიდესი სასიხარულო მიღების ნიშნებით მიგებებოდნენ მათქვამ მანუჩარს და მას წინ გაძღოლოდნენ", მანამდე სანამ მანუჩარი მოვიდოდა ლალა ფაშას კარავში. როცა მანუჩარი გამოცხადდა მუსტაფასთან, ამ უკანასკნელმა, თავის მხრივ, "მეორეჯერ შეასრულებინა არტილერიისა და თოფების სროლა და განამეორებინა საყვირებისა და დაფდაფების ხმაურობა".

[სამცხის აღწერა - გვ.40][edit]

"ამ ქვეყანაში ცხოვრობენ სხვადასხვა კონტები, დუკები და სინიორები, როგორც ბარში და დამუშავებულ მხარეში, ისე მთიანსა და დაუმუშავებელში. უმეტესი ნაწილი მცხოვრებლებისა ქრისტიანები არიან, ბერძნული წესის ღვთისმსახურებასა და სქიზმასტიკოსობას მისდევენ. ტანით მაგარნი და ღონიერნი არიან და აზრებით ჯიუტნი. ამ ქვეყნის უმთავრესი მთავარნი (სხვა მთავართ გარდა, რომლებიც სარგებლობენ სათავადო და სხვა მამულებით) არიან: ქვრივი თავის შვილებით მანუჩარითა და ალექსანდრეთი".

"ქვრივს აწ ჰყავს უმცროსი შვილი, სახელად მანუარი, ის, რომელზედაც ითქვა, რომ მოვიდა მუსტაფასთან მორჩილების გამოსაცხადებლად; და სხვა უფროსი, წოდებული ალექსანდრედ, რომელზეც საკმაოდ ვიტყვით, როცა იქნება აღწერილი მისი სისაწყლე".

[ოსმალები ქართლში - გვ.52][edit]

ჩილდირიდან მუსტაფა ფაშას ბანაკი აიყარა და მალე თბილისს მიუახლოვდა. "მეორე დღეს თურქები ერთ მაღალ და მიუვალ მთაზე ავიდნენ, რომელიც თბილისზეა აღმართული. შემდეგ დღეს ამ მთის მწვერვალიდან ჩამოვიდნენ და ქართველების ერთი დაბა დაიკავეს, თურქულად გურჯი-კალად წოდებული. ამ დაბიდან გასულებმა ერთ მინდორზე ცოტა ხნით შეისვენეს.მეორე დღეს, დილით ადრიან იმ მდინარის ახლოს მივიდნენ, რომელიც თბილისს ჩამოუდის. მაგრამ იმ ადგილიდან წასვლის შემდეგ, სადაც ველზე ჯარის დათვალიერება მოხდა, თბილისის მდინარემდე სხვადასხვა თავდასხმებს ჰქონდა ადგილი თურქების ჯარის იმ ნაწილებზე, რომლებიც თავის ლაშქარს ჩამოშორდნენ ჯარისა თუ პირუტყვისათვის სურსათ-სანოვაგის შოვნის მიზნით. რამდენიმე ქართველი მთავარი, როგორც იუსუფი, დაუთი და (როგორც ზოგნი ამბობენ) ქვრივის უფროსი შვილი ალექსანდრე, თავიანთი სოფლების მხედრებთან ერთად შეერთებულნი, თურქების ჯარს მუდამ ფარულად უკან მისდევდნენ და როგორც იმ ქვეყნის კარგი მცოდნენი, გზებზე უცდიდნენ, სადაც მესურსათეებს უნდა გაევლოთ. მათ მოულოდნელად ეკვეთებოდნენ და ერთსა და იმავე დროს ნაძარცვ საქონელს ართმევდნენ და უსპობდნენ მათ სიცოცხლეს. ყოველივე ეს იმდენჯერ მეორდებოდა, რადენჯერაც შიმშილით შეწუხებული თურქების ქვეითნი და ცხენოსანნი, თავიანთი ლაშქრიდან მალულად წასვლის გამო, გენერალს ვერ სთხოვდნენ დამცველი რაზმების გაყოლებას".

[ალექსანდრე მეფე და სპარსელები - გვ.53][edit]

ალექსანდრე „ოდესღაც სპარსეთის გვირგვინის ძალიან თავდადებული მსახური იყო, მაგრამ იმ დროიდან, როდესაც თამაზი არასწორი გზებით შეეცადა მისი სამფლობელოების ჩამორთმევას და მის ადგილას მისი ძმის იესეს დაყენებას, რომელიც შეუერთდა რა სპარსელებს, თამაზსა და სატანას, გაძლიერებული უსინდისობით ცდილობდა ამის მიღწევას. [ალექსანდრემ] სპარსეთის იმედზე ყოფნას თავი მიანება, გახდა ორპირი და ნეიტრალური, გამარჯვებული იარაღისადმი დათმობა და ძლიერი სულის წინაშე მოდრეკა დაიწყო“.

[სიმონ მეფე და დაუთხანი - გვ.54-57][edit]

მინადოი, როდესაც ლაპარაკობს ყარსისა და თბილისის დამაკავშირებელი გზის შესახებ, აღნიშნავს: „აქედან თუ გავყვებით აღმოსავლეთის მიმართულებით, მოვხვდებით უფრო სომხეთში, ვიდრე ივერიაში, განსვენებული ლუარსაბის მიწებზე, ახლა რომ ეკუთვნით ორ ძმას _ დავითსა და სვიმონს, ფიზიკურად და სულიერად ღირსეულ მემკვიდრეებს მამის სახელის და სამფლობელოებისა, თუმცა შემდეგ მათ უხეში ლაქა მიიცხეს სარწმუნოების გამოცვლით და შეიბღალეს ქების ღირსი სახელი. განსაკუთრებით ეს ეხება სვიმონს, რომელმაც სამხედრო საქმის ცოდნით, პოეზიაში გაცნობილმა და თავისი ფილოსოფიური განათლებით თამაზის შვილის [ისმაილის] წყალობა და მასთან სიახლოვე დაიმსახურა ირანში ტყვედ ყოფნის დროს, რომლის შესახებაც ვილაპარაკებთ. მაგრამ როგორი გმირი უნდა იყოს ადამიანი, რომ შესძლოს შეინარჩუნოს ბრწყინვალება და არ ჩაქრეს იმ ცოდვებით დაცემის შემდეგ, ორივემ რომ ჩაიდინეს, რაც გახდა მიზეზი იმისა, რომ თითოეული მათგანი დარჩა ქონებას, სამფლობელოს და პატივს მოკლებული. მათ დაკარგეს ქრისტეს უწმინდეს სახელთან ურთიერთობის უფლება.

ლუარსაბმა, ანდერძით, სამეფოში თავის მემკვიდრედ სვიმონი დანიშნა მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ ის წლოვანებით უფროსი იყო, არამედ იმის გამოც, რომ უფრო ღირსეული იყო თავის ამ ძმა დავითზე. ეს უკანასკნელი ვერ ურიგდებოდა ასეთ გადაწყვეტილებას, სწყუროდა დიდება და ბატონობა, არ მიაჩნდა სვიმონი მემკვიდრედ და ცდილობდა იგი ქვეყნიდან განედევნა, იარაღით მიეღწია იმისთვის, რაც მამის სურვილმა არ არგუნა... როცა სვიმონი დარწმუნდა ძმის ბოროტ განზრახვაში, რაკი ვერ ხედავდა წინააღმდეგობის დაძლევის სხვა საშუალებას, [შაჰ] თამაზს მოუთხრო საქმის ვითარება და შეწევნა და დაცვა სთხოვა. თამაზმა უყურადღებოდ არ დასტოვა [ის თხოვნა] და გადაწყვიტა სვიმონისათვის ესიამოვნებინა. მან 4 ათასი ცხენოსანი გაგზავნა და მათს მეთაურს უბრძანა, დავითი ცოცხალი შეეპყრო და ირანში მოეყვანა. თუ ის სარწმუნეობის შეცვლაზე არ დათანხმდა, მაშინ მას სცნობენ თავისი სამფლობელოების უფლებებში, როგორც აღიარებულ ქვეშევრდომს და არა როგორც თავისუფალ მოხარკეს. თუ იგი ამაზე დათანხმდა, მაშინ სვიმონი გადააყენეთ, სარწმუნოების გამოცვლას ნუ დააძალებთ და მის ადგილას დავით დასვითო. ხოლო თუ კი სვიმონიც მზადყოფნას გამოსთქვამს თავის ძმასავით, მაშინ ის თავის უფლებაში დატოვეთ, დავითი კი ყაზვინს წამოიყვანეთო. მეთაური საქართველოში წავიდა, დავითი სწრაფად შეიპყრო, იარაღიც კი არ გამოუყენებია, მოთხოვნა წაუყენა თამაზის სახელით. ის მაშინვე დათანხმდა: სარწმუნოება გამოიცვალა, წმინდა ნათლობა წინდაცვეთით შეცვალა, თავისი თავი ცრუ წინასწარმეტყველ მუჰამედს უსინდისოდ მიართვა ნებაყოფლობით საჩუქრად და უარყო (სათქმელადაც კი შემაძრწუნებელია) ქვეყნის მხსნელი. შემდეგ სპარსელი მეთაური სვიმონთან მივიდა, უთხრა, რომ მის დასახმარებლად მოვიდა და დაპატიმრებული ჰყავს მისი მტერი, მაგრამ სვიმონს ქვეყნის მფარველი თამაზის იმედი ნუ ექნება, თუ სარწმუნეობას არ გამოიცვლის. ასე რომ იგი უნდა გახდეს იმავე წინასწარმეტყველისა და კანონის მსახური, რომელსაც ემსახურება და ემორჩილება შაჰ თამაზი. თუ იგი ასე არ მოიქცევა, მაშინ მის ადგილს მისი ძმა დაიკავებს, რომელმაც მაშინვე მიიღო ეს წინადადება. სვიმონი მწარედ ატირდა ძმის დაცემაზე და ძველებური დიდი სიმტკიცით ქრისტეს უწმინდესი სახელისადმი ერთგული დარჩა. მან დათმო ამქვეყნიური სამეფო, რომ არ დაეკარგა ციური სამეფო და გახდა შაჰის პატიმარი... საბრალო სვიმონი წაიყვანეს თამაზთან, რომელიც დიდხანს უჩიჩინებდა მას, მიეღო სპარსული წესები. მან არ უარყო მშობლიური სარწმუნოება და გაგზავნეს კაჰკაჰეს ციხეში, სადაც გადასახლებაში ცხოვრობდა თამაზის შვილი ისმაილი, რომელიც, როგორც ითქვა, [შემდეგში] შაჰი გახდა. [სვიმონმა] ირჩია დროებით ციხეში ცხოვრება, ვიდრე გამოეცვალა თავისი ოდინდელი ქრისტეს სარწმუნოება (თუმცა ცხოვრობდა მასში როგორც სქიზმატიკოსი) და თავისთვის მოემზადებინა მარადიული ბორკილები, უსასრულოდ და შავბნელად ჩაკეტილიყო ცეცხლოვან ჯოჯოხეთში. სვიმონის ეს თავგადასავალი ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს იმისათვის, თუ რა სახიფათოა დასახმარებლად ან დასაცავად მოსული უცხოელის ჩარევა საკუთარ საქმეში“.

[მანუჩარის გამაჰმადიანება - გვ.97][edit]

"ინება სულთანმა, რომ ამაზე მანუჩარი დათანხმებულიყო... მანუჩარი ამაზე დათანხმდა, მზად იყო კიდევ დაეკმაყოფილებინა მისი სხვა სურვილებიც. მანუჩარი წინდაცვეთილ იქნა და დაერქვა მუსტაფა, რომელსაც ფაშის წოდება ებოძა, ალთუნ-ყალისა, დედისიმედისა და ძმის მამულების გუბერნატორობაც მიენიჭა. სასახლეში ეს ამბავი იდღესასწაულეს და ასე თურქად გამხდარს თავის ძმა ალექსანდრე ჩააბარეს და სამშობლოში დააბრუნეს".

[სიმონ მეფის გამაჰმადიანება - გვ.128-130][edit]

„კაჰკაჰაში ტუსაღად ყოფნის დროს სვიმონს ახლო ურთიერთობა ჰქონდა თამაზის შვილ ისმაილთან, რომელიც მისმა ხსენებულმა მამამ იქ გადაასახლა და მათი [სვიმონისა და ისმაილის] მეგობრობა ნელ-ნელა მტკიცე სავალდებულო სიყვარულში განმტკიცდა. ასე რომ რამდენადაც ისმაილს უყვარდა სვიმონის ცხოვრების წესები, იმდენად სვიმონი ისმაილის სულის სიდიადის აღტაცებული პატივისმცემელი ხდებოდა და ამ არაჩვეულებრივმა ურთიერთ სიყვარულმა [სვიმონი] ბოლოს მიიყვანა იქამდე, რომ სვიმონი (არ ვიცი რომელიღაც სოფიზმით მოტყუებული თუ რაღაც ალერსით მოხიბლული) თავის სარწმუნოებაში ვერ გამაგრდა და თავისი მეგობრის ბარბაროსულ ცრურწმენაში გადავიდა. რომელმა მიზეზებმა წარმოშვეს სვიმონის სულში ეს მოსაბრუნი, რელიგიურად ძალიან განათლებულის და ძალიან მტკიცესი, რომელსაც უკვე შეწირული ჰქონდა ქონება და თავისუფლება, რათა შეენარჩუნებინა ბერძნული რჯული, ეს ძნელი ასახსნელია. მაგრამ სამმა მძლავრმა ბიძგმა განსაზღვრა ეს გარდატეხა: გამუდმებულმა პატიმრობამ, რომლიდანაც თავის დაღწევა ალბათ არ შეიძლებოდა თუ ქრისტიანად დარჩებოდა; მეგობრობა ისმაილთან, მეგობრობა, ვიტყვი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ადამიანის ბუნებაც, არამცთუ მოკვდავის რწმენა; უმაღლესი პატივი, რომელსაც მას ყოველდღე ჰპირდებოდა ისმაილი მისი ტახტზე ასვლისას. ასეთნაირ განწყობილებაში იყვნენ, როცა შაჰ თამაზი გარდაიცვალა და ისმაილი დიდი ზეიმით მიიყვანეს ყაზვინში, სადაც ასევე საზეიმოდ გამოაცხადეს თავისი მამის მთელი სამფლობელოების მეფედ. იმათ შორის ვინც ძვირფასნი დარჩნენ ხსენებული მეფის მეხსიერებაში, თავისი ღირსებებით დარჩა სვიმონი, რომელიც მისი ხათრით უკვე წინდაცვეთილი და მაჰმადიანი გახდა. ასე ჩარჩა [ისმაილს] სვიმონი მეხსიერებაში, რომ სურდა მისი ავსება პატივითა და საჩუქრებით, ბევრად გადამეტებული იმაზე, რამდენადაც [სვიმონს] შეეძლო ევარაუდა. ხოლო ისმაილის ნაადრევმა და მოულოდნელმა სიკვდილმა ის მოიტანა, რომ სვიმონი დარჩა ყოველგვარი წარჩინების გარეშე და მხოლოდ იმითი იყო კმაყოფილი, რომ დიდად სასიხარულო თავისუფლება მოიპოვა.

ისმაილის სიკვდილით სვიმონი საგონებელში ჩავარდა და თავისთვის ფიქრობდა: რა იქნებოდა მისთვის უკეთესი, ყაზვინში დარჩენილიყო და მოეცადა ახალი მეფის ტახტზე ასვლისათვის, თუ გამგზავრებულიყო და დაბრუნებოდა მიტოვებულ სარწმუნოებას და ქვეყანას. ბოლოს, ბევრი ფიქრის შემდეგ მან გადაწყვიტა და უმჯობესად მიიჩნია, ხელსაყრელი და უკეთესი უშიშროებისათვის დალოდებოდა ახალ ხელმწიფეს და მისი დაცვისა და მფარველობის ქვეშ გამოენახა საშუალება თავისი წართმეული ღირსების დასაბრუნებლად, ვიდრე გაქცეულიყო ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე, შეჯახებოდა მტრულად განწყობილი ძმის წინააღმდეგობას და ნაადრევად დაღუპულიყო. ამგვარად, მან არჩია დარჩენილიყო ყაზვინში, იმედს ამყარებდა იმაზე, რომ სარწმუნოების გამოცვლა, სწორად რომ ვთქვათ, [მაჰმადიანური] რწმენის აღიარება, გამოვლილი პატიმრობა და თავისუფლების დაბრუნება, მამაცი [კაცის] სახელი, თანამედროვე მდგომარეობა, ახალი მეფის წინაშე ერთგულებისა და მორჩილების გამოჩენით ის პატივსა და ღირსებას დაიმსახურებდა, თუ კი მუდმივი და მტკიცე მხარდაჭერით საქართველოში [ოსმალების წინააღმდეგ] ომის გაძღოლას მას მიანდობდნენ.

ამგვარად, როდესაც მაჰმადი1 გამეფდა და დარწმუნდა თბილისის დაკარგვაში, [სვიმონმა] სთხოვა ნება მიეცა შაჰის მფარველობის ქვეშ დაბრუნებულიყო თავის ცუდად დაცულ ქვეყანაში. ჰპირდებოდა ყოველგვარი რისკისა და განსაცდელის მიუხედავად არ შეშინდებოდა და არ ითაკილებდა წვრილმან [საქმეებს], თუ კი ამით სარგებელს მოუტანდა მაჰმადს. ახალი ხელმწიფე უდიდესი სიამოვნებით დათანხმდა სვიმონის თხოვნაზე და იგი დანიშნა ხანად მთელი იმ სამეფოსი, რომელსაც ქრისტიანად ყოფნისას ფლობდა. [სვიმონი] სასწრაფოდ გაიგზავნა საქართველოში, ალიყული-ხანთან ერთად, თურქების ჯარის წინააღმდეგ საბრძოლველად...“

[მაჰმედ ფაშას ლაშქრობა თბილისის გარნიზონის დასახმარებლად - გვ.157-162][edit]

სიმონისაგან შევიწროებული თბილისის გარნიზონის დასახმარებლად სულთნის ბრძანებით გამოიგზავნა ლალა ფაშას ძმისწული მაჰმედ ფაშა. კარა-ემიტის ფაშა საჭურის ჰასანს და მანუჩარს დაევალათ თავიანთი ძალებით დახმარება გაეწიათ მაჰმედ ფაშისათვის. არზრუმის ყველა სანჯაყის მმართველები და ქურთთა ტომების ხელმძღვანელებიც მაჰმედ ფაშის განკარგულებაში უნდა გამოცხადებულიყვნენ. "ყველა თქმულ ადგილებიდან მოგროვდნენ ოცი ათას სულამდე და მიეცათ თანხა, გარემოცული სიმაგრის მხედართათვის საკმაო".

მაჰმედ ფაშამ მანუჩარს შეხვედრისას "გაახსენა: ვინაიდან ის მორჩილი და ქვეშევრდომია ამურადისა, ვალდებულია მომზადებული მცველებით თბილისისაკენ გაუძღვეს მას და უჩვენოს ის გზა, რომელიც უფრო მოკლე, მოხერხებული და უხიფათო იქნება. ზოგის აზრით ასეთი უნდა ყოფილიყო ტომანისის (დმანისის) გზა, ზოგისა კი - უფრო მოხერხებულად ჩანდა ის გზა, რომელიც მანუჩარის ქვეყანაზე გადის. დიდი მსჯელობის შემდეგ მუტაფამ (მანუჩარმა) თამამად გადაწყვიტა, რომ მისი აზრით უფრო ადვილი და მოკლე იქნებოდა მის ქვეყანაზე გავლა და მასთან უფრო უხიფათოც. მაჰმედს მუსტაფას რჩევა მოეწონა და ის ჯარის წინამძღილად აირჩია და მის რჩევას მიენდო. ამგვარად შეერთებულნი წავიდნენ თბილისისაკენ. გაიარეს ალთუნ-კალაზე და კარა-კალაზე, რომელიც ადრე მის ქვრივ დედას ეკუთვნოდა და სადაც ადამიანის ცხოვრებისათვის აუცილებელი რამ უხვად მოიპოება". გეზი გორისკენ ჰქონდათ აღებული. ხეობის ერთ-ერთ ადგილას ოსმალებმა ტკვრის გაღმა შეიარაღებული ქართველები შენიშნეს და შეჩერდნენ. "მოხდა ბჭობა მაჰმედისა და მუსტაფას შორის იმის შესახებ, გასულიყვნენ იმ მდინარეზე, სანამ დაღამდებოდა, თუ მტკვრის აქეთ გაჩერებულიყვნენ დილამდის. ქართველი მუსტაფა ამჯობინებდა გაჩერებას და არა გადასვლას, რადგან ეშინოდა, რომ ისე ჩქარა მთლიანად და ერთად ვერ მოასწრებდნენ მდინარეზე გასვლას, რომ მტერს მათზე პირველი დარტყმა არ მოეხდინა და მთელი ბანაკი ამით არ არეულიყო, რის გამოც უდიდეს ზარალს ნახავდნენ. მოუხედავად ამისა მაჰმედს მუსტაფას შეხედულება არ მოეწონა, რადგან მტკიცედ დაასკვნა, რომ შესაძლებელია სპარსელებსა და მუსტაფას შორის კავშირი და შეთანხმება არსებობდეს, რის გამოც ცბიერმა ქართველმა ამ გზაზე და არა დმანისის გზაზე გავლა ურჩია. მაჰმედმა იმის გამო, რომ ჩაეშალა მუსტაფასი და მტრის სტრატეგია და მოტყუება, არ მიიღო ქართველის რჩევა ღამით მდინარის აქეთა ნაპირზე დარჩენის შესახებ. ბრძანება გასცა, რომ ყოვლად დიდი სისწრაფით გასულიყვნენ მდინარეზე ხაზინითა და სამხედრო საჭურველით, იმ ანგარიშით, რომ სანამ დაღამდებოდა, მტრების გამოსაჯავრებლად, მდინარის გაღმა მოხერხებული ადგილი დაეკავებინათ. მაჰმედ ფაშას ქეკაია, გულადი და უშიშარი ჭაბუკი, პირველი იყო, რომელიც გავიდა მდინარეს. შემდეგ მას დიდი სისწრაფით მიჰყვა ფულისა და ხორბლის საპალნეები და მთელი ჯარი. მაგრამ ამით ისეთი არევ-დარევა მოხდა, რომ უმრავლესობა მდინარის ტალღებში ჩაიხრჩო, თუმცა უფრო მეტი განადგურება ცხენებისა და აქლემების გასრესამ გამოიწვია, ვიდრე წყლის სწრაფმა მდინარებამ და კალაპოტის სიღრმემ... ქართველებმა შეამჩნიეს თუ არა, რომ თურქები მდინარეს გადადიან, სანამ ისინი დაეწყობოდნენ საბრძოლო რიგში, განრისხებულნი სასწრაფოდ მიიჭრნენ მათთან და სწორედ იმ დროს ეკვეთნენ, როდესაც ჯერ კიდევ ყველანი არეულად იმყოფებოდნენ. ამის გამო თურქებმა ვერ მიიღეს შესაძლებლობა იერიშის დაწყებისათვის, თუმცა არც ისეთი სილაჩრე არ გამოიცინეს, რომ მტერს არ შებრძოლებოდნენ. სულ მოკლე ხანში მდინარის ნაპირები მრავალ ადგილას თურქების სისხლით შეიღება და ორივე მხარეს გამოჩნდა თურქების მრავალი გვამი, იმ დროს, როდესაც ქართველებს ჯერ კიდევ არავითარი ზიანი არ მოსვლოდათ. მოკლულთა შორის იყვნენ ზოგიერთი სანჯაყები, ქურთნი და მესოპოტამიელები. აშკარად სჩანდა, რომ თურქების რაზმები, დიდი მხნეობის გამოჩენის გარეშე, უბედურად უნდა განადგურებულიყვნენ. ამის შიშით, გადარჩენილმა სანჯაყებმა, ქურთებმა და მესოპოტამიელებმა, რომელთაც თავის განადგურება და სხვების ზარალი გაითვალისწინეს, ზურგი იბრუნეს და გაიქცნენ. მსგავსადვე მოიქცა კარაემიტთა დარჩენილი ნაწილი და მასთან ერთად თურქების მთელი ჯარი. ქართველებმა ეს გაქცევა წინასწარ შეამჩნიეს, დიდი ფრთა შეჰკრეს, დადგნენ ხმელეთზე და მტერს გაქცევის საშუალებას არ აძლევდნენ. ისინი ცდილობდნენ თურქები ჩაეყარათ მდინარეში. გზის უქონლობის გამო გაქცეულები დიდად დაზარალდნენ. სირცხვილნაჭამნი ისინი გადაეშვნენ მდინარეში, რადგან ეს მიიჩნიეს უფრო ნაკლებ ბოროტებად, ფიქრობდნენ: ან გაჭირვებით მდინარეში ცოცხლად გასვლას, ან ტალღებში სასოწარკვეთილებით დახრჩობას. დიდი იყო შერცხვენა, დიდი არევ-დარევა და უდიდესი ზარალი, რადგან ბრძოლის გაჩაღებისას მეფის ფული და ხორბალი ქართველებს... ნადავლად შერჩათ... ზოგნი გადარჩნენ უფრო ბედით და ცხენების სიმარდით, ვიდრე საკუთარი მხნეობით.

ამგვარად დამარცხდნენ თურქები, რომელნიც დაჭრილნი, შერცხვენით შეურაცხყოფილნი და ყოველგვარ მხნეობას მოკლებულნი მეორე დილას შეგროვდნენ და ყველა ერთად თავიანთ მეფეს, მარცხიან ბედს და ცასა ჰგმობდნენ. ემუქრებოდნენ გამაჰმადიანებულ ქართველს, როგორც ყველა ბოროტებისა და მარცხის გამომწვეველს თავისი გამცემლობით და მტერთან საიდუმლო ეთანხმებით". (გვ.157-162)

[მანუჩარის მოკვლის მცდელობა - გვ.167-170][edit]

1582 წელს ალთუნ-ყალაში დაბანაკებულმა მაჰმედ ფაშამ ვითომცდა დივანის სხდომაზე მანუჩარის მოკვლა გადაწყვიტა "მაშინ მაჰმედმა მოიწვია ზემოთთქმული დივანი და მასთან ერთად დაჯდნენ კარა-ემიტის საჭურისი ფაშა, არზრუმის იურისდიქციის რამდენიმე სანჯაკი, უმცროსი კაფუჯები და თვით მაჰმედის ქეკაია, რომელთაც ფიცის ქვეშ განეზიარათ მაჰმედის მზაკვრული გეგმა. შემდეგ გამოუძახეს ქართველი მუსტაფა, რომელიც იმის გამო, რომ პატივცემული იყო ზოგიერთის მიერ, ანდა ყოველგვარ სიფრთხილეს და წინდახედულობას იჩენდა, ან არადა იმის გამო, რომ თურქების სამარცხვინო განადგურების შემდეგ შექმნილი მითქმა-მოთქმისათვის ყური მოეკრა, მიხვდა, რომ ყველაფერი ეს განგებ მოწყობილი იყო, აგრეთვე იფიქრა, რომ ეს უფრო მეტად შეთქმულება უნდა ყოფილიყო მის წინააღმდეგ მოწყობილი. ამიტომ ისიც თავის მცველებით ფარულად მოემზადა. იმის გამო, რომ მას არ შეეძლო დივანში გამოძახებაზე უარის თქმა, რადგან ამ შემთხვევაში მას ჯიუტობას დასწამებდნენ და იმ საშინელ დამარცხების დამნაშავედ გამოიყვანდნენ (რაც ფაქტიურად ასეც იყო), მან უხიფათო საშუალება გამონახა, რათა აეცდინა თურქების სასჯელი და მაჰმედის მოკვლით გამოეჩინა თავისი ძალისა და მხნეობის ნიმუში. მან თავის მხედრობაში ამოირჩია ორმოცდაათი ერთგული მეომარი და დაავალა გაჰყოლოდნენ დივანში, რომელიც უკვე მომზადებული უნდა ყოფილიყო მაჰმედის კარავში. ისინი გააფრთხილა, რომ კარავთან მისვლისას ყველანი მზად და ფრთხილად ყოფილიყვნენ, რათა პირველივე დაძახებისთანავე, ვიდრე მას რაიმე ზიანს მიაყენებდნენ, იარაღით ხელში დაუყოვნებლივ ჰკვეთებოდნენ განურჩევლად ყველა თურქს. როგორც ბუნებრივად თურქების მოდგმის უდიდესი მტერნი, ადვილად მიხვდნენ, რასაც მანუჩარი მათ ავალებდა. ამიტომ თავის მხრივ მათაც მოიხმეს თავისი ერთგული და სანდო მეგობრები და ყველა ერთად მუსტაფას მაჰმედის კარავამდე მიჰყვა. მუსტაფა დივანში შევიდა და ფეხზე მდგარი მაჰმედს ელოდებოდა, რომ მას განეცხადებინა მუსტაფასთვის, რაც სათქმელი ჰქონდა. მაჰმედმა მაშინვე წააკითხა წინასწარ შეთხზული ბრძანება, რომელიც მან ყურადღებით მოისმინა. როდესაც სხვა სანჯაკები და ფაშები დასხდნენ (თურქეთში ჩვეულებაა, რომ როდესაც მეფის რომელიმე ბრძანება იკითხება, ფეხზე უნდა უსმენდნენ, სანამ წაკითხვა არ დამთავრდებოდეს), ქართველმაც დაჯდომის დასტური მიიღო და დაჰპირდა, რომ შეასრულებს მეფის არა მარტო ამ ბრძანებას, არამედ სხვებსაც, რაგინდ ძნელი შესასრულებელიც არ უნდა იყოს. როდესაც კარავიდან გარეთ გასვლას აპირებდა, მას მაჰმედ ფაშის კაფუჯი ბაში მიუახლოვდა, მოსწია ყურთმაჯიდან და უთხრა (სიტყვას მოქმედებაც დააყოლა), რომ დამჯდარიყო. როდესაც მუსტაფამ იგრძნო მკლავის მოწევა, ხმამაღლა დაიყვირა და ამასთან ერთად ხმალი იძრო, რომლითაც მის პირდაპირ მდგომი მაჰმედის ქეკაია დასჭრა, მარცხენა ხელით თავიდან ფესი გადმოუგდო, მარჯვენით სასწრაფოდ და ყველას განსაცვიფრებლად ერთის დარტყმით სტომაქამდე გაუპო თავი, ყელი და მკერდი ორ ნაწილად, ისე რომ (საკვირველი სანახაობა) მოკვდა. მისი გაყოფილი მხრები ორივე საწინააღმდეგო მხარეს დაეკიდა. პირველ დარტყმას, მან მეორეც მოაყოლა, რომელიც დამიზნებული ჰქონდა საჭურის ფაშის თავზე, მაგრამ რადგან ის დაცული იყო ჩალმის სახვევით (ხმალი) დაექანა ქვევით ყურისაკენ და ჩალმის ერთი გვერდით ღაწვის ნაწილი და ყური ჩამოათალა. განრისხებულმა, მთლიანად გაცეცხლებულმა და შურისძიებას მოწყურებულმა შემდეგ მაჰმედ ფაშაზე იწია, რომელიც მთლად გადარეული ამ საშინელებით უკვე ფეხზე ამდგარიყო. მას ხუთი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მათ შორის ორმა უფრო ღრმად ჩასულმა სიკვდილის კიდემდე მიიყვანა, თუმცა შემდეგ მცოდნე ხელით განიკურნა. გამაჰმადიანებულის ყვირილზე მისი ყველა მეომარი შემოცვივდა. მუსტაფას მიერ ჩადენილი საშინელებით შექმნილ არეულობაში თურქების წასვლის ბრძანება გამოცხადებულ იქნა. საზარელი ამბით შეშფოთებული თურქები სასწრაფოდ ყარსისკენ გაეშურნენ".