სტვირი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
სტვირი
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1911 წელი


ათი წლის ვიყავ, ვსტიროდი,
დღეს ასისაცა ვსტირიო.
ყრმას დედის ძუძუ არ უყვარს,
როგორც მე ჩემი სტვირიო.
ვებღაუჭები ხელებით,
ვერ მოვაშორე პირიო.
ვშიშობ, რომ არ დამიდუმდეს
ის ჩემი თვალის ჩინიო,
თვალის ჩინზედაც უტკბესი,
ჩემი ლხინი და ჭირიო.
უსტვიროდ ჩემი სიცოცხლე
არა ღირს ჩალა, ჩირიო.
მინდა სტვირს შავესისხლხორცო,
შევსტრფი, თუმც არა ვყვირიო;
სულ იმას ვფიქრობ: ჩემ სტვირსა
რა ვათქმევინო ტკბილიო,
რომ ქართვლის წყლულებს ეწამლოს,
მძინარს დაუფრთხოს ძილიო.
არ მინდა მესმას სიტყვები
გულისა გასაგმირიო,
ნათქვამი ერის მიერა:
დადგა, ვეღარ ჟღერს სტვირიო;
სტვირის პატრონიც დაბერდა,
ვეღარა გმირობს გმირიო.
სჯობს, ვიდრე ამას იტყვიან,
მიწით ამევსოს პირიო.
ვემუდარები მეუფეს:
არ დამიდუმო სტვირიო.
ისეთი ძალა მიეცი,
საქმე ქმნას გასაკვირიო,
დღედაღამ დაუდგრომლადა
ჰანგს ჰანგი სცვლიდეს ძვირიო;
ამითი ჩემს ერს მოჰშორდეს
ყოველი გასაჭირიო.
დავაკარ ქარასხაზედა
წმინდა სანთელი წყვილიო –
ღვთისა და ღვთისმშობლისადა,
ვისიც ჩვენა ვართ წილიო.
ვუკრავ სამშობლოს მსხვერპლადა,
თანაც ცრემლს ვაფრქვევ, ვსტირიო.