სონეტი (ტერენტი გრანელის მეორე ლექსი)
Appearance
სონეტი ავტორი: ტერენტი გრანელი |
ჩემს წყეულ სახელს შეაჩვენებს ავი ლანდები,
ოქროს ვარდებში დამაწვება გულზე ამარტი.
ისევ ბურუსით შეიმოსა რკინის დაღმართი,
კუდიანებმა დამატყვევა მაცდურ ფანდებით.
წითლად დაიმსხვრა ამ ქალაქის შუშაბანდები,
მე კი ქუჩებში საქეიფო სუფრა გავმართე.
შეშლილ ფერებით მოქანცული დღეს გავა მარტი
და ყვითელ ზღვაში გამოჩნდება ცეცხლის ბანდები.
ფერმიხდილ გედებს ჩაბარდება ყოფნის დავთარი.
მეწამულ საბნებს აელვარებს წყრომით აფთარი
და ფარულ წამით იფერფლება სწრაფი კანდელი.
დილისფერ სახით მე მივყვები ნათელ ვარსკვლავებს
და გაბრაზებით ვემუქრები ფოლადის მკლავებს,
მაგრამ სიზმარი არ მშორდება მე შარშანდელი.