სონეტი (ტერენტი გრანელის მეოთხე ლექსი)

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
სონეტი
ავტორი: ტერენტი გრანელი


ფართო ქუჩებში დავივიწყეთ ნელი თამაში,
წყრომით იკივლებს ჩემს ცხელ ტანში შენი სხეული.
მაშინებს ყოფნა, ყრუ ფიქრებში გამოხვეული,
და მაგონდება აბრეშუმის თეთრი გამაში.

ცრემლი იფეთქებს დაბნელებულ ყრუ ყაზარმაში,
მაღლა აიწევს ყვითელ ფრთებით ნაზი ეული,
დაბურულ ტყეში ჩუმად ივლის ლანდი გრძნეული,
შავი წირვები ატირდება წითელ ნარმაში.

ჩემი ოცნება შეირხევა, როგორც ლერწამი
და ცის კალთაში დაისვენებს სევდიან ძილით.
უცხო ღამეში მოკრძალებით ჩვენ თითქო სამი

ისევ ერთმანეთს დავშორდებით შორი მანძილით.
როცა დადგება მოთენთილი თეთრი მაისი,
ჩვენ შეგვაერთებს ელვარებით ნაზი დაისი.

რესურსები ინტერნეტში[edit]