სიჩუმე და სიმარტოვე

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
სიჩუმე და სიმარტოვე
ავტორი: ტერენტი გრანელი


 
ჩემი სული სიზმარია,
ბედზე დარდი მივატოვე.
და მე ასე მიხარია
სიჩუმე და სიმარტოვე.

დღესაც ბაღში ვიმალები,
როგორც თეთრი მდუმარება.
და მიზიდავს გრიგალივით
სიჩუმე და მწუხარება.

მაღლა თეთრი თავანია,
გლოვა ისევ აინთება.
ახლა ჩემი სავანეა
სიჩუმე და გარინდება.

გული შენთან მეგონება,
ეს ვარდია დაფენილი.
ასე ჩნდება მოგონება
ზარის ხმაზე გაფრენილი.

სადღაც მკრთალი მიდამოა
და ცისფერი მოჩვენება.
და მწყურია სამუდამო
სიჩუმე და მოსვენება.

ღამის მიერ შენაფერი
მე ვედრებაც მივატოვე.
და მგონია ყველაფერი
სიჩუმე და სიმარტოვე.