სისაწყლე

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
სისაწყლე
ავტორი: იოსებ დავითაშვილი


წყეული იყავ, სისაწყლევ,
შენში ცხოვრება ჭირია;
ჩემთვის არ არის განცხრომა,
სიმღერის ნაცვლად ვსტირია.

ერთიღა მხოლოდ მამხნევებს,
რომ შევისწავლე სტვირია;
ამას დავმღერი ჩემ შავ ბედს,
ვიდრე მომივა ძილია.

მაშინ ისვენებს ხელ-ფეხი,
მუდამ ტყავგადახდილია...
ავდგები, შრომას დავიწყებ,
მუშა ვარ, შრომა ტკბილია.

ვახსენებ მამა უფალსა,
არ ამარიდოს პირია,
ბოროტისაგან დამიცვას
და ამაშოროს ჭირია.

მოგვცეს ძმობა და ერთობა,
დაგვიფრთხოს უდროთ ძილია;
ორპირობისგან დაგვიხსნას,
მოგვცეს სულ ერთი პირია.

გვამრავლოს ყველა მუშები,
გიორგი, თუნდა ილია;
გვქონდეს სამყოფი მამული,
სახლები გვქონდეს თბილია.