Jump to content

სიზმარი ობლისა

From Wikisource
სიზმარი ობლისა
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1905 წელი


ფეხშიშველი, ჩამოგლეჯილი კაბის ამარა ობოლი ჭილობზე იწვა და ეძინა. დედინაცვალმა არ იცოდა, როდის იძინებდა ობოლი, ან როდის იღვიძებდა. ზედ საბანის მაგივრად გახრეშილი, დაძველებული, მშობელი დედის შალის ნაგლეჯი ეხურა… ობოლი დედინაცვალსაც ხომ დედას ეძახდა. მაგრამ ხანდახან დაფიქრდებოდა და იტყოდა თავისთვის: "ეს ხომ დედაჩემი არ არის… დედას სულ სხვა სახე და თვალები ჰქონდა, სხვა ხმა, სხვა ყოფაქცევა; ნეტავი, დედა ერთხელ, ერთხელ კიდევ მაჩვენა თვალით, როგორ ჩავკოცნიდი, მოვეხვეოდი ყელზე, აღარ გავუშვებდი, აღარ დავანებებდი თავს. სულ დავუკოცნიდი ხელ-ფეხს, თმას, თვალებს… აახ! ნეტა, ვერ წავალ იქ, სადაც დედაჩემია? ან რად დამანება თავი? თითქოს ვუყვარდი, მკოცნიდა, მიალერსებდა. რად მოხდა ასე? იქნება, ვაწყენინე, გავაჯავრე და თავი იმიტომ დამანება?"

რად ფიქრობდა ამას ობოლი? იქნება, ვერაგი დედინაცვალი ჰყავს?

იქნება, უდიერად ეკიდება? სცემს, სტუქსავს, პურს ამშევს? – ძალიანაც კარგა ეპყრობაო, – მეზობლები ამბობდენ: – ღვთისნიერი ადამიანია, სხვა უმაგისო მაგრეც არ მოეპყრობოდაო… მაგრამ ობლის გული მაინც კიდევ შუაზე იყო გაპობილი, იმას ვერაფერი ციური და ქვეყნიური ძალა ვერ გაამთელებდა. ეჯავრებოდა ობოლს დედინაცვალი? – თითქოს არცკი. თავს ძალას ატანს – შეიყვაროს იგი, მაგრამ გული არ ემორჩილება. გული და გონება იქვე მიფრინავს… იქ… იქ… სადაც ბრწყინავს მშობელი დედის სახე: მის გონებიდან, თუნდ დედინაცვალი ანგელოზად გარდიქმნეს, ვერ ამოჰშლის დედის სახის მეტყველებას. ის სულ სხვაა… სხვაა… ააახ!.. სძინავს ობოლს, მცველი ანგელოზი ადგა თავს. იგი ლმობიერია, ობლების მოყვარული და მობრალული… მან იცის ობლის გულის ტკივილი. უნდა უწამლოს და როგორ? შეუძლიან დაუბრუნოს ობოლს მშობელი დედა? ვერა, ვერა. ერთია მხოლოდ იმის ხელთ: ცოტახნობით გაამთელოს წყლული ობლისა, ხოლო ბოლოს… გადასწყვიტა, უნდა აგრძნობინოს ობოლს ბედნიერება, რაც შეიძლება დიდხანს, და მოუვლინა სიზმარი.

ობოლს სიზმარში დიდი უზარმაზარი ფრინველი დაეცა, ჩასჭიდა ბრჭყალები და წაიღო. ჯერ დაბლა-დაბლა მიწის პირად მიჰქონდა. გზაში შეჰხვდათ დიდი, გრძელი, სპეტაკ თოვლივით თეთრი შენობა საიდანაც მშვენივრად ჩაცმული დედა ობლისა გამოჩნდა და თმაგაწეწილი, ხელებგაშლილი, გააფთრებული მიესია ფრინველს. დედის დანახვაზე ობოლი ტკივილს აღარ გრძნობდა, სახე გაუბრწყინდა.

– წყეულო, წყეულო, შეჩვენებულო! – დაიკივლა მან: – სად მიგაქვს, სად ჩემი გულ-მკერდით გაზდილი შვილი? – და სწვდა კისერში ფრინველს. ბავშვი ხელში შერჩა, ხოლო კისერმოგრეხილი ფრინველი მიწაზე გაერთხო.

– მოდი ჩემთან, ჩემო სიცოცხლევ, ჩემო თვალისჩინო! – ეუბნება დედა შვილს. ობოლი ვერაფერს ამბობს, სიხარულისაგან ენა ჩაუვარდა. მხოლოდ ჰკოცნის დედას, ეხვევა ყელზე, თვალთაგან ცრემლი ჩამოსდის ღაპაღუპით… და...

სიზმარმა ფერი იცვალა; თეთრი, სპეტაკი სახლი გაქრა; იმასთან ერთად გაქრა ის საზარელი ფრინველიც; ეხლა ორივე დედა და შვილი თავის ქოხში, საკუთარი კერის პირას ისხდენ. შვილი დედას ყელზე ჩამოჰკონწიალობდა, მშვენივრად იყო მისი დედა ჩაცმული. დიდრონი ბოხჩა გახსნა დედამ ბოლოს, ამოართვა შვილს სულ ახალთახალი ტანისამოსი: კაბა, ფეხსაცმელები, თავმოსახვევი, საყურეები და სხვ. ათასნაირი ხილი გაუფინა დედამ შვილსა. ობოლი სიხარულით, ბედნიერებით ცას ეწეოდა.

ჩააცვა ტანთ დედამ შვილს ახალი ტანთსაცმელი, მორთო, მოალამაზა.

– სულ ჩემთან იქნები, დედავ? – ჰკითხავდა ობოლი: – ხომ აღარსად წამიხვალ? თავს ხომ აღარ დამანებებ?

– არა, შვილო, აღარ წავალ არსად, სულ შენთან ვიქნები, – უპასუხა დედამ.

– სად იყავი? აქამდის რატომ არა მნახე, მე ხომ ბევრსა ვტიროდი, შენზე დაწუხებული? ნახევარი ღამე არ მეძინა, ჩუმადა ვქვითინებდი. არ გესმოდა ჩემი ტირილი?.. ამდენი ხანი რად დაიგვიანე?

– დამწყვდეული ვიყავი, შვილო, ციხეში. – უპასუხა დედამ: – ისეთს ციხეში ვიყავი დამწყვდეული, ცხრა კარი ჰქონდა და ცხრა კლიტე ედვა. ეხლა ყავლი გამივიდა, ციხეში აღარ ვიქნები.

– ოჰ, რა კარგია!.. ოჰ, თუ თავს აღარ დამანებებ, შენი გულის ჭირიმე! – ეუბნებოდა ობოლი დედას.

– აღარ დაგანებებ თავს, შვილო, აღარ, ამიერიდან სულ შენთან ვიქნები, არ მოგაკლებ ახალს ტანსაცმელს, გაგახარებ და გავიხარებ შენგან. – უპასუხა დედამ.
– გაჰქრეს, მორჩეს სიზმარი! – ბრძანა მცველმა ანგელოზმა და ამის შემდეგ კვალად სიზმარმა ფერი იცვალა: დედა-შვილი რომ ტკბილად ჭუკჭუკებდენ, სწორედ ამ დროს გაჩნდა დედინაცვალი; ობოლის ახალს კაბაზე ხელი მოჰკრა. მერე იმავე ხელით საყურეებს შეეხო და სთქვა:

– ვინ მოგცა, გოგო, შენ ესენი? გაიხადე ეხლავე კაბა! გამოიძრე ეგ საყურეებიც!..

ობოლი შეკრთა. თვალები გააჭყიტა, ხელებს ფათური დაუწყო, დედას ეძებდა. დაბარბაცებდა კუთხიდან კუთხეში, აპოტინებდა ხელებს და ლუღლუღებდა: "დედავ, დედავ, დედავ! სადა ხარ, დედი? სად დამემალე, დედი, დედიიი, შენი ჭირიმე!" და... – პასუხი არ მოესმა არსაიდან. ხელებგაფარჩხული მიწის იატაკზე გაერთხა და გაისმა საზარელი, გულსაკლავი ქვითინი. გარეთ ნელი, ჟუჟუნა წვიმა მოდიოდა, ხეხილი წითლად, ყვითლად, თეთრად ჰყვაოდა. შორიდან ბულბულის კვნესა-გალობა ისმოდა. გაზაფხულის ღამე იყო... დაღლილს, დაქანცულს სოფელს ტკბილად ეძინა.

ობლის ქვითინი ესმოდა ვისმე? – არავის. ობლის ტირილი ობლად იყო მიტოვებული. იქნება, ესმოდა კიდეც ვისმე, ხოლო მეშველად, მანუგეშებლად არავინ მიდიოდა...

მცველი ანგელოზი, თუმც იქვე, ობლის ახლო იდგა, მაგრამ ობლისთვის ზურგი ექცია. ბოლო სიზმარისა აღარ ეჭაშნიკა არც იმას. მინამ სიზმრით ობოლი სტკბებოდა, გახარებული იყო, ეხლაკი ისიც ტიროდა...

ერთადერთმა ძაღლმა მორთო ობლის ქვითინზე ღმუილი. საზარელი იყო მისი ხმა, საზარელი. გეგონებოდათ, მთელი ის არემარე სამარედ ქცეულა და მთელი ქვეყანა მოზარედ მოსულაო. ეს ხმა, როგორც მჭვალი, ისე ჰხვდებოდა მთა-ბარს, ხესა და ქვას, გულამდე სწვდებოდა, როგორც ლახვარი და აჟრჟოლებდა.

კატა, საყვარელი მეგობარი ობლისა, ტოტსა სცემდა ობოლს და უალერსებდა, თითქოს ეუბნებოდა: რა გატირებს? რა გაჩივლებს? ადე, ვიხტუნოთ, ვითამაშოთო...

– ააახ!..