სვავი (თედო რაზიკაშვილი)

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
სვავი
ავტორი: თედო რაზიკაშვილი
1897


სვავი
დიდი ხანია რაც ის აქ მოვიდა და მაღლა, მწირსა და ყინულიან მთაში დაბინავდა. განა სიცხის ეშინოდა, ან მთა უყვარდა, ან ყინულებს შესტრფოდა და იმიტომ დასახლდა აქა? სრულებითაც არა! ბარში აღარ დააყენეს, შიმშილით სიკვდილს ისევ თოვლიან მთაში არჩია შეხიზნვა; თუ ბევრი არ იქნება, ცოტას ხომ მაინც ვიშოვი საჭმელსაო. მეცხვარეებისაგან არ იქნება არა მერგოს რაო. მგელი მოიტაცებს რასმე, ძვალი მაინც დამრჩება, კლდეზე დაიჩეხება რამე, ხო ჩემი ლუკმა იქნებაო.
მართლაც და ძალიან გამხდარი იყო. სქელ ძვლებზე მარტო ლურჯი კანიღა ეკრა.
რა იჭერდა, ღმერთმანი, იმ სისხო ფრთებს და ბუმბულს ცარიელა ტყავში?!.
ერთი ბუმბულისთვის რო გამოგეწია, ასე გეგონებოდა, მთელი კანი აეყარაო.
ან კი რა გაასუქებდა, - იმისი მუცელი განა მაგრე ადვილად ამოიყორებოდა?!
თბილი სისხლი უყვარდა და რბილი ხორცი, ის იყო სვავის აღდგომა.
მაგრამ სად იყო რბილი ხორცი?!
კურდღელი მარდი იყო, იმას არ ჩაუვარდებოდა ხელში; როჭო და კაკაბი ფრთხილები იყვნენ, საამისოდ არ გახდებოდნენ; მწყემსი ძუნწი იყო, სვავისთვის არაფერს გაიმეტებდა.
მგელი იმაზე უარესი ხარბი და გაუმაძღარი იყო, საშოვარი თვითონაც არა ჰყოფნიდა, ნახევარზე მშიერი მუცლით დალაწლაწებდა.
თვითონ სვავი კი მშიშარა იყო, ან არწივთან უნდა ებრძოლა და ნადავლში წილი ჩაედო, ან ლეშზე გაბოტიტნებულ ჯაჯირს მიჰხტომოდა და თვითონაც ეთქვლიფა დამპალი ლეში, ან შავარდენს შესცილებოდა გემრიელ კაკბის ლუკმასა.
რა ექნა, რით გამაძღარიყო, რით უნდა გასუქებულიყო. მეტი ღონე არ იყო, რაკი ჯერ ძალით ვერას გახდებოდა, უნდა დრომდე ეთმინა. ითმენდა სვავიც, როგორც ის კლდეები ითმენდნენ შავ მთაში დგომას, სადაც სვავი ბუდობდა, და ძირს არ იმზღვლეოდნენ; ითმენდა და ზვავყინულების ძღვნითა კმაყოფილდებოდა.


გადიოდა დღეები, თვეები, წლები. წყლის ნაკადულივით გაუწყვეტლად მიჰქანაობდა დრო-ჟამი.
შეეჩვია სვავიც თოვლიან მთასა. სადღა ახსოვდა ბარი. რო ეკითხნა ვისმე: - საიდან მოხველ, სადაური ხარო, გაკვირვებით დაიწყებდა ცქერას:
- რასა მკითხავ, არ იცი, რომ მთის შვილი ვარ, ამ კლდეებსა და ყინულებში გავჩნდი და გავიზარდეო. თუმცა არწივისათვის არა წაურთმევია რა, საშავარდნე კლდესაც შიშით ახლო ვერ გაუვლიდა ხოლმე.
ერთხელ შავარდნების ბუდის ახლო მოუნდა გავლა. დაუხულუზნეს (დაუქროლეს) შავარდნებმა, ჰკრეს კლანჭები; ერთი წივილი და მხრების ტყლაშა-ტყლუში იდგა. საცოდავი სვავი ხან მხრებს უფარებდა, ხან ზურგზე გადატრიალდებოდა და თავის ბოკო კლანჭებს მიაგებებდა მოტევებულ შავარდენს. მაგრამ ამ დროს ძირიდან ახლა სხვა შეუტევდა და ისევ გადმობრუნება დასჭირდებოდა. რის ვაი-ვაგლახით გაახწევდა ხოლმე.
- ოხრად კი გახდეს! ამაზე რაღა გამომატარებს, შიმშილითაც რომ ვკვდებოდეო, - იტყოდა ხოლმე.


ძალიან მიყვარს, როცა ცხვრის ფარები რთვილივით დაედება მთების კალთებსა. მეცხვარეც ხომ თავის თვალისჩინივით უფრთხილდება, შესტრფის და შეჰხარის თავის დუმასქელ ერკემლებსა. მაგრამ ყველაზე მეტად კი სვავს უხაროდა ხოლმე იმათი მთებზე ამოსვლა. სიხარულით თვალები გოდრებივით დაუხდებოდა. იჯდა კლდის თავზე, ან არყის წვერებში და სიამოვნებით იქექებოდა, თან ხარბის თვალით მწყემსსა და იმის სამწყსოს გასცქეროდა: ან დავარდნილი ცხვარი ხომ არსად დარჩა, ან ყეყეჩი ბატკანი არ ასხლტა ფარასაო.
თუ სადმე ყორნების ყრანტალი შემოესმოდა, ან ფრინველების ბოინს შენიშნავდა, რომ ერთ ადგილს ეთელებოდნენ, სვავიც მხრების ტყლაშა-ტყლუშით იქითკენ მიეშურებოდა, არ იქნებოდა არა რგებოდა-რა.
იმისი თვალი ძალიან, ძალიან შორს ჰხედავდა. გაღმა-გამოღმა მთებში, ძირს კიდევ ხევხუვებში არა გამოეპარებოდა რა. დაჯდომის დროს მუდამ მაღლობ ადგილს რჩეობდა, თუ ფრინავდა, მაღლა-მაღლა ადიოდა და იქიდან ათვალიერებდა.
ხალხი კი იძახოდა: სუნი იცის სვავმა, მაშინვე გაიგებს, სადაც ლეში გაჩნდებაო.
გაიგებდა ხოლმე კიდეც, თუ შეჰხვდებოდა ერთი ბარაქიანადაც მიაძღებოდა. შეეჩვია სვავი მთასა და მთის მცხოვრებთა. იმის ფიქრით, მწყემსი იმიტომ იყო გაჩენილი, რომ სვავისთვის ცხვრები დაეზარდნა; მგელიც იმიტომ ნადირობდა, რომ იმისთვის საჭმელი ლეში გაეჩინა; ყორნები კიდევ იმისი ჯაშუშები იყვნენ. შეეჩვია ყველა ამათ სვავი. ყველას თავის სასარგებლოდ იყენებდა. გაგულადდა, თან ამაყი, გულზვავი და თავმომწონე გახდა. მკვდარ ლეშს აღარა სჯერდებოდა, ცოცხალ ცხვრებსა და ბატკნებსაც დაუწყო ტანება.


წვიმიანი და ნისლიანი დღე იყო. ორი დღის მშიერი სვავი წვიმისაგან შეწუხებული და შიმშილით დაყმენდილი ხმელ ძვლებს ხრავდა და ჰგლეჯდა ძაღლივითა, მაგრამ, თითო ციცქნა ხმელი ძარღვის ნაგლეჯი იმის მუცელს რას ამოჰყორავდა.
- მზე მაინც გამოვიდეს, შევშრე ცოტა. რა ოხერი ნისლიან ბურუსიანია ეს მთა, რა იშვიათია აქ მოკრიალებული ცა - იძახდა სვავი, ვითომ მზესა ნატრობდა, მაგრამ თან ფიქრი სხვაგან მიურბოდა.
- არა, არა! მზე რათ მინდა, მე მოკრიალე ცა ვერ გამაძღობს, ისევ ჯანღიან-ბურუსიანი, მოტირალ-ჩამოშავებული დღე მირჩევნია. საშოვარი ამისთანა დღეში იშოვება. დარში და მზეში ყველა თავისთავს უპატრონებს.
რაზე კვდები მშიერი, შე ბრიყვო ჩემო თავო, ადექ, მეცხვარე ხო ფარეხში ვერ დააძღობს ცხვარსა, არ უნდა აძოვოს?!
ადგა სვავი, გაიზმორა, შეიბერტყა შავი მხრები და ცხვრების ფარის მუქარაზე წავიდა.
მეცხვარესაც ნამ-წვიმისაგან დაზუზული ცხვარი ლიჭყიან მთის კალთებზე გაეშალა. თითონაც ნაბადწამოსხმული, ყაბალახ ჩამობურვილი კომბალს დაჰყრდნობოდა და თვალს ადევნებდა ცხვარსა. ცხვრის ფარა ზვავივით მიჰქანაობდა, ხან აღმა მიცურავდა, ხან დაღმა დაეშვებოდა, ხან ხევხუვის პირებს მოსდევდა, კლდეებში და ბექებში ებღოტებოდა.
უცებ კლდიდან მოწყვეტილი ქვა ერთ ცხვარს მოხვდა, და იქვე გადააგორა.
ფარა გასცდა. ვერც მწყემსმა და ვერც ცხვრის ფარამ ერთი ცხვრის დაკლება ვერ გაიგეს.
ქვისგან დაჟეჟილ-დამტვრეული ცხვარიც ფორთხავდა, ის იკლაკნებოდა, უნდოდა ფეხზე წამოდგომა, რის ვაი-ვაგლახით წინა მხრებს აიწევდა, უკანას ვეღარ აიტანდა და ახლა ისევ გულაღმა გადაყირავდებოდა. კარგა ხანი ეგდო ასე ოხრად და ტიალად. ახლო მდგომი ბალახები სულ გაჰქელა, ქვები ტალახითა და სისხლით მოსვარა.
ამ დროს მშიერი სვავიც გამოჩნდა. ასლი საიმისო იყო! კარგა ხანს დაჰფრაშფრაშებდა თავის მსხვერპლსა. ხან სულ ზედ გაეხახუნებოდა, ხან ვითომ იქვე დააპირებდა დაჯდომას, მაგრამ არა ჯდებოდა კი; ამ დროს ის გარემოსა ჰზვერავდა და ათვალიერებდა: ან ჩასაფრებული არავინ იყოს, ან ბადე არ იყოს დაგებულიო. რაკი საშიში არა ჩანდა რა, მიბედა და პირდაპირ ცხვრის თვალებწინ დაჯდა, დაზვერა, ადვილად დაიმორჩილებდა თუ ბრძოლა მოუნდებოდა, მაგრამ რა წინააღმდეგობას გაუწევდა სულთმობრძავი ცხვარი. საცოდავი სვავის კლანჭებში მარტო ბორგავდა, აქეთ-იქით ეხეთქებოდა და აწყვეტდა თავს.
სვავიც ჯერ თვალებს ეტანებოდა, პირველად, ამათი ამოჩიჩქნა უნდოდა. საზარელი იყო იმათი ბრძოლა, - დამარცხებული, სულთმობრძავი სვავის კლანჭებში ლევდა უკანასკნელ სიცოცლხის წუთსა, გამარჯვებული სისხლისმსმელი ზედ იყო გადალაჯებული, გლეჯდა და თან ფრთების ბოლოს აბერტყებდა ზედ. გაბოტიტნებული სვავი გლეჯდა და ბღლეძდა, ძვალს, ტყავს, ხორცს ერთნაირად ყლაპავდა. ნახევარი კიდეც ჰქონდა გამოხრული, რომ ცხვარმა მაშინღა დალია სული. გაძღა სვავი, გაილექა თბილი სისხლით, აფრინდა იქიდან და იქვე შორიახლო, ძირს გადაკიდებულ ერთ კლდეზე დაჯდა და დაიწყო ქექა. იქექებოდა, თან ნისკარტს იწმენდდა და ფრთა-ბუმბულს ისწორებდა. დასვენებულმა მძიმე-მძიმედ, ყვინტ-ყვინტით გასწია სასვაოსკენ.
რა შურით შესცქეროდნენ სხვა სვავები ამ სისხლითმთვრალსა, ზოგს გულიც ეღრინებოდა, მაგრამ ვინ რას გაუბედავდა, ზოგი შიშით, ზოგი იმ იმედით, იქნება დანარჩენიდან მეც მარგუნოს რამეო.
მეორე დღეს პატრონმა მატყლის ნაფლეთები და წელების ნაგლეჯებიღა იპოვნა თავის ცხვრისა.


ვინ იცის რამდენმა ხანმა გაიარა მას შემდეგ. გაონავრებულმა სვავმა მრავალი ცხვარი და ბატკანი გაგლიჯა, ბევრი ბედაური ცხენის გავა გამოხრა. სუყველაფერს ინელებდა იმისი კუჭი. ძალიან გადიდგულდა, ასე ფიქრობდა: მთასა ვარ, ფეხი ბარს მიდგა, ჩემია მთელი ქვეყანაო. არავისათვის იყო იმისი გამოჩენა სასიამოვნო, მეცხვარემ იცოდა, რომ თუ ფარას სვავი დასტრიალებდა, უეჭველად გაჰგლეჯდა რასმე. არც სხვა სულიერნი ხარობდნენ იმის გამოჩენას, იცოდნენ იმის ამბავი.
სვავისათვის კი სულ ერთი იყო, ვინ რასა ფიქრობდა, ის ყველაფრით კმაყოფილი და გულგრილი იყო. თავისთავი ყველას ბატონად მიაჩნდა. ეგონა უიმისოდ ქვეყანაზე არა გარიგდებოდა რა. უკვირდა სადაც მე ვარ, იქ სხვა ფრინველ-ნადირნი რითღა საზრდოობენო.
მხოლოდ ერთი დარდი და შიში ჰქონდა შავ სვავსა, ის უფრთხობდა ძილსა და მოსვენებას უკარგავდა. რაც უნდა კაი გუნებაზე ყოფილიყო და კაი საშოვარიც ჰქონოდა, როცა არწივის ყეფა იმის ყურამდე მიაღწევდა, მაშინვე მხრები უდუნდებოდა, გული დაუწყებდა კანკალსა და აფორთქლებული გაეშურებოდა სასვაო კლდისაკენ. იქ იყო იმისი ბინა. სვავის უძღებ მადას კიდევ არწივის შიში უდებდა საზღვარსა, თორემ მთელ ქვეყანას აიკლებდა. როცა არწივის კივილისაგან დამფრთხალ-დაფორიაქებული სვავი მიაღწევდა თავის თოვლიან-ყინულიან კლდემდე და თავს კლდის ყბაში დაიგულებდა, მაშინ კი გული ეძლეოდა და სიბრაზით ამღვრეული, სისხლიანი თვალებით მუქარას უთვლიდა ფრინველთა მეფეს.
- ან მე უნდა ვიყო ამ მთებში ბატონი, ან შენ, არწივო! ორივეს აქ ბინა არა გვაქვს. ბრძოლამ უნდა გადაწყვიტოს, ვის დარჩეს ბატონობა, ან ვინ უნდა გაერთხოს დედამიწაზეო. მართლაც და ამ ორ ქვეყნისმჭამელ ბუმბერაზების ბრძოლა სანახავი იქნებოდა, ვინც კი მოესწრებოდა. მაგრამ ერთ-ერთი ამ ბუმბერაზთაგანი ისტორიამ და დროთაბრუნვის საიდუმლომ მოსპო უომრად და სისხლის დაუღვრელად, თუმცა ერთ-ერთის სისხლი კი დაიქცა.


საძაგელი წელიწადი იყო ხალხისათვის. შეშინებული ბარი მთისკენ გარბოდა და ზარდაცემულნი მთის მცხოვრებნი კიდევ ცაში თუ აებღოტებოდნენ, თორემ სხვა საშველი აღარ იყო. ჭირი იყო მთასა და ბარს მოდებული და საქონელს მუსრს ავლებდა.
აღარავინ იყო მშველელი. შვილის დარი ხარები უპატრონოდ იხოცებოდნენ სადაც მოხვდებოდათ: ბინები, ბაკები, გზები, ხევები სულ სავსე იყო საქონლის ლეშით. გაზიდვასა და გადაგორებას ძლივსღა ასწრებდნენ. ისევ ისე გაუტყავებელს ყრიდნენ ხევებში. ბევრი ხელაღებით თავს ანებებდა საქონლით სავსე ბაკებს და ისე ღვთის ანაბარას უშვებდა. რაც იხოცებოდა, ხო იხოცებოდა, რაც ცოცხალი გადარჩენილიყო - ისინიც უპატრონოდ ნაბინავრებში და ბაკებში დალასლასებდნენ შიმშილით მიხრწნეულები, თავს დაჰბრუნავდნენ დახოცილ ამხანაგებს, ბუბუნებდნენ და ღრიალებდნენ ნასისხლარებზე. არ იყო მთა, არ იყო ხევი და ღელე, რომ საქონლის ლეშით არა ყოფილიყო სავსე. ტყე და მინდორი ნადირითა და ფრინველით აივსო. ნამდვილი ყურთაგლეჯა იყო, ოხერ უპატრონო ლეშზე და საქონელზე ნადირთა და ფრინველთ ჰქონდათ გაზიდულობა და ლხინ-ქორწილი.
სად იყო სვავი? რას აკეთებდა? არა ძღებოდა ლეშითა?
იქ იყო ისიცა და მრავალუთვალავნი სხვანიც, იმის მოდგმისანი. უპატრონო ლეშით ძღებოდა და ილექებოდა სვავთა გუნდი და ყორნების შავი ლაშქარი.
ოჰ, რა საზარელი იყო, როცა ახლადმოჯარებული სვავები, ორბები, ყაჯირები, ყორნები, ყველიერები და ყვავ-კაჭკაჭები ლეშის ახლო ხეებზე ჩარიგდებოდნენ და ელოდნენ, რომ როცა ლეში მოიცლიდა იმათთვის, დასცემოდნენ და ეთქვლიფათ.
დაგეშებული წელამდე სისხლითმოსვრილი ძაღლები შიგა ძვრებოდნენ გამოფაშვულ საქონლის ღრუში და ზედ დამსხდარ სვავებსა და ყორნებს უღრენდნენ და ერეკებოდნენ, სანამ თავის მუცლებს არ გაიძღობდნენ; მერე კი დამაძღრები ამოდიოდნენ ხევიდან და მწვანე მინდორზე გორავდნენ სისხლით გალექებულები.
სად იყო შავი სვავი? ხომ არა ჰშიოდა?
განა დაუშლიდა ვინმე იმას ლეშზე მისვლასა? რა ენაღვლებოდა იმას ძაღლების ღრენა და ყაჯირების ქშენა. იჯდა ერთ მთასავით ხარზე და თავის რკინის ნისკარტით გლეჯდა და ყლაპავდა ლეშსა.
გაუმაძღარი ყლაპვას ვერც კი ასწრებდა, ისე ხარბად თქვლეფდა, ლუკმა-ლუკმას ეწეოდა, ეტენებოდა ყრანჭა და მერე იგრძელებდა სვავიც კისერს, რომ ლუკმას ხალვათად ჩაევლო ყელში და ახლა სხვისთვის დაეთმო ადგილი. ასე ყლაპავდა მთელი დღე და საკვირველი ის იყო, სად მიდიოდა იმოდენა ნაჭამი, რა მუცელი იტევდა?!
მზეც გადიწვერა, დაძღნენ სვავები და გაფრინდნენ, ყორნებიც, ყაჯირიც, ყველიერებიც, ყველა გალექებულ-გამძღარი თავის ბინისაკენ მიეშურებოდა.
სცადა შავმა სვავმაც გაფრენა, რაკი ბინდი ახლოვდებოდა და ახლა მგლებისათვის უნდა დაეთმოთ სუფრა; ეცადა აფრენას, დაიკაკვა მუხლებში, მხრები ღონივრად დაიქნია ჰაერში, მაგრამ მუცელი აღარ აჰყვა, ჰაერმა ვეღარ ასწია, ძალიან დამძიმებულიყო. იმოტენა ნაჭამი იმის მხრებმა ვეღარ დასძრა. გადმოვიდა სვავი ლეშიდან, ახლა გაქცევითა სცადა გაფრენა. გაიქცა, გაიქცა, და მერე ჰაერში შეხტა, მაგრამ მხრებმა ვერ დაიმაგრეს და ძირს გაიშხლართა.
მერე მაღლა ბექობის თავზე აფოფხდა, იფიქრა: რაკი მაღლიდან გადმოვეშვები და ჰაერში მოვექცევი, მერე გავიმართებიო. მართლა გადმოხტა, მაგრამ ვერც აქ დაიმაგრეს მხრებმა, ძირს ტყლაპა მოსძვრა და კუნძივით გაგორდა. კინაღამ დაიმსხვრა და დაილეწა.
რაღა ექნა, მეტად ავგუნებაზე დადგა და დაუწყო თავის მუცელს ლანძღვა და გინება. ამ დროს დაბინდდა კიდეც. სვავი აპირებდა სადმე შეძრომას და თავის მოფარებას, რომ ამ დროს ორი მარჯვე ბიჭი კომბლებით და თოფებით გაემართნენ ხევისკენ, სადაც სვავი იყო, მგლების ჩასასაფრებლად. საჩქაროდ ჩამოირბინეს ხევში და პირქარისკენ აპირებდნენ ჩასაფრებას, რომ შავად რაღაც გამოჩნდა ლეშზე.
- ბიჭო, ფრთხილად იყავ, მგონი მგელი მოსულა ლეშზე. ვერ უყურებ მაგათ გათამამებას, ჯერ არც კი დაღამებულა და ესენი ახლავე მოსულან, ლამის ქოხებშიაც შემოგვიცვივდნენ.
- დაიცა, პაპუავ, მარჯვედ მივიდეთ, ვეღარსად წაგვივა, ერთი უტყუპოთ ორთავ ერთათა!
პაპუა და სოსია მუხლისკვერებით მიფოფხდნენ ლეშის ახლო ისე, რომ გაარჩევდა კაცი, რაც იყო: ნადირი იყო თუ ფრინველი.
- დაიცა, სოსიავ, ეგ ვერანა მგელი არა ჩანს, მგონი სხვა რაღაც არის.
- რაღა სხვა, სვავია, კაცო, გამაძღარა და ვეღარ გაფრენილა, თორემ ამ დრომდე მაგას აქ რაღა დააყენებდა.
- თოფის სროლა არ იქნება, ხმაზე ნადირი დაფთხება, მგლები აღარ მოვლენ ამაღამ. მოდი და კომბლებით გადვუხტეთ, ვიცი ვეღარსად წაგვივა, ჩვენი წერაა, ერთი ამოვაშხამოთ ჩვენი საქონლის ლეში!
სოსიამ და პაპუამ მიყარეს იქვე თოფები და კომბლებით ჩაეტივნენ სვავს.
ცოტა ხანს შემდეგ ხევ-ხევ ქვების რახარუხი, ქვიშის ჩხრიალი და კომბლების ტყაპატყუპი ისმოდა.
შიშით გულგახეთქილი სვავი ბარემ ისარივით მიქროლავდა თავდაღმართზე, მაგრამ კომბლიან ბიჭებს ვეღარსად წაუვიდა!
წელმოწყვეტილი და მხრებდამტვრეული თავის მკვლელებს მარტოღა უქშენდა, მაგრამ იმითი იმათ რას შეაშინებდა.
შავი სვავის ფრთებისა ქალებმა სანემსეები დააკეთეს, ბიჭებმა ისრები და მესტვირემ ლერწმები აჰყარა თავის სტვირისათვის.
1897 წ