სასახლის ბაღი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
სასახლის ბაღი
ავტორი: ტერენტი გრანელი


ბაღში დაფრინავს ორი პეპელა
და ახლა ირგვლივ სხვა სიჩუმეა.
და რატომ, გულო, შენ არ გეშველა,
თუგინდ გაქვავდი, როგორც მუმია.

მე რა მომელის, არ ვიცი განა?
ვიცი, სად მიჰქრის დღეთა კრებული.
მე ახლა ვზივარ და ჩემს წინ დგანან
სამი ხე, ასე შეერთებული.

ისევ მეწვია სიცოცხლის ფიქრი
და ისევ ხელი შევახე ყვავილს.
ვატყობ, სილურჯე იშლება ირგვლივ
და ხიდან მესმის ჩხავილი ყვავის.

და ვამბობ: კიდევ ასეთი წამი
ალბათ ოდესმე განმეორდება.
და ქრება სადღაც სიზმარი ღამის
და ეს იღბალი მე არ მშორდება.

ბაღში დაფრინავს ორი პეპელა
და ახლა ირგვლივ სხვა სიჩუმეა.
და რატომ, გულო, შენ არ გეშველა,
თუგინდ გაქვავდი, როგორც მუმია.

რესურსები ინტერნეტში[edit]