Jump to content

სასაფლაოდან

From Wikisource
სასაფლაოდან
ავტორი: ტერენტი გრანელი


ვხედავ ბიჭები ნახშირს ყიდიან, -
ეს ჩვენი მხარე, ღმერთო, დალოცე.
აგერ რომ მოსჩანს, ვერის ხიდია,
ეს გზა კი მიდის საბურთალოსკენ.

მოგონებები ისევ მოდიან
და ტკივილებმაც თავი იჩინა.
აგერ, ჩემს ახლო ძველი ლოდია,
აგერ იძახის ველზე ჭრიჭინა.

აქ ბავშვებია, - მოდით ბავშვებო!
თუ სხვა იმედი ჩემთან არ მოვა.
ისევ მარტო ვარ და ჩემს გარშემო
ნიკოლოოზის სასაფლაოა.

ბიჭები ისევ ნახშირს ყიდიან, -
ეს ჩვენი მხარე, ღმერთო, დალოცე,
აგერ რომ მოსჩანს, ვერის ხიდია,
ეს გზა კი მიდის საბურთალოსკენ.