სარკე

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
სარკე
ავტორი: ტერენტი გრანელი


არის მკრთალი სარკე. ყვავილი მიმოზა. სიცოცხლე ბედნიერებისათვის, ყვავილი მიმოზა, სიკვდილის გარინდება, ფოთლები მკრთალი და ზამთრის მელანქოლია. ყოველი წვეთი წვიმის ეცემა შენ საფლავს. საფლავი არის იმ ადამიანის, რომელიც არ არის თანამგზავრი ოცნების, - დავიწყებული კაცის საფლავი. ყვავილი მიმოზა. ერთი სარკე დგას მინასთან, სადაც ჩნდება ცისფერი თვალები, თვალები, რომლებიც ელიან გრიგალს. ყვავილი მიმოზა. მეორე დღე თენდება, მელანქოლია, ბედი ულმობელი. სევდის ქვეშ იწვის ადამიანი. ცეცხლი ჩამქრალია, გული ინთება, როგორც შანდალი. ეს არის ცისფერი ზეცის ყვავილი - მიმოზა.

რესურსები ინტერნეტში[edit]