სამშობლოში
სამშობლოში ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
აჰა, ის კუთხე, ის არემარე,
სადაც ოცნება გვირგვინებს ჰქმნიდა,
სად სიყმაწვილე სწრაფი, ვით ტალღა,
ვით ტალღა სწრაფი, გაქრა, წავიდა!..
აჰა, ის მთები, ცად აზიდულნი,
მუდმივი თოვლით მოსილი მთები!
წავიდა, გაქრა სულყველაფერი,
როგორც ზვირთები, როგორც ზვირთები!
აი, ტყე, სადაც ვხეტიალობდი,
მთის ნიავივით თავისუფალი...
სადაც ყმაწვილურ აღტაცებაში
ხარობდა გული, ხარობდა თვალი!
რას აქნევს სული თავისუფალი
საქართველოსას დრტვინვას უმიზნოს -
დღეს მშვენიერი თავისუფლება,
ის არვის ძალუძს იგრძნოს და იცნოს...
ბედო, წაიღე, რაც მოგიცია! -
წაიღე კაცთა პატივისცემა!
წაიღე ჩემი მგოსნის გვირგვინი,
ყმაწვილთა ოხვრა და ქალთა კდემა...
წაიღე ყველა!.. მე არ ვინანებ,
რაგინდ საშინელ ცეცხლში ვდნებოდე -
მე ამ მონებში ცხოვრება არ მსურს,
არ მსურს, რომ მათში მეც ვითვლებოდე!..
გთხოვ, დამიბრუნე ჩემი სამშობლო,
სადაც მალხენდა ოცნება ყრმობის,
სადაც არ ვგრძნობდი, თუ რას ნიშნავდა:
ფიქრი სირცხვილის, ფიქრი მონობის.
სადაც ფრთასუბუქ ღამის სიოსთან
შემეძლო ფიქრის წრფელად განდობა...
ოჰ, დამიბრუნე ჩემი სამშობლო,
ჩემი სპეტაკი ახალგაზრდობა!