საიდუმლო მისალმება ჭლექიან სამრეკლოს
Appearance
საიდუმლო მისალმება ჭლექიან სამრეკლოს ავტორი: ტერენტი გრანელი |
ზამთრის დღეები, ყრუ სიცივე და პროცესია,
ნელი სურვილი, შუაღამის თეთრი გოდება.
ჩემი სავანე უდაბნოა და შეცოდება,
ვერ გავექეცი მზერამოღლილს და მიზეზიანს.
ზარების რეკა წერტილებით შემომესია,
უიღბლო ყოფნის სინანული სულში გროვდება.
საქართველოში მხოლოდ შენ ერთს თუ გაგონდება
გაბრწყინებული ჩემი სახე, ვით ეკლესია.
ო, ჩემი სული უერთდება ქალაქს მტვერიანს,
დავიკარგები, როგორც მამის ძველი ნისია,
როცა იელვებს კვირეები და ისტერია.
მე მენატრება ღამეები, ძილი მეფური,
რომ სულში ირგვლივ ბოროტების შავი ნისლია
და ჩემი ტანი, ცოდვებისგან დამძიმებული.