სადღაც და ვიღაც

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
სადღაც და ვიღაც
ავტორი: ტერენტი გრანელი


ირგვლივ სივრცეა და ფიქრი ბევრი,
ეს ცეცხლიანი სურვილიც მოკვდა.
სადღაც შორს, ტყესთან, მატარებელი
სადგურს კივილით მიუახლოვდა.

სადღაც სანთელი იწვის კუბოსთან
და იბურება ქალაქი ნისლით.
სადღაც დეპეშას ღებულობს ფოსტა
და აპარატის რაკრაკი ისმის.

ალბათ ქარები დღესაც გვეძებდა,
რომ კვდება გული - მსოფლიო ღერძი.
იქ, ლაზარეთის საშიშ კედლებთან
სწუხს ავადმყოფი და სიკვდილს ებრძვის.

ხშირად მიცქერის უღირსი თვალი,
მე შენზე ფიქრი ვერ დავამთავრე.
სადღაც ზის გემზე მწუხარე ქალი
და ზღვიდან უმზერს გადახრილ მთვარეს.

მე ვწუხვარ, რომ აქ არავინ არი,
მოკლდება რიცხვი ჩემი დღეების.
იქ სადღაც, ტყეში, შრიალებს ქარი
და კაცებივით დგანან ხეები.

ალბათ იქ ვიღაც გარდაიცვალა
(გავიდა ღამე და ვნება მწველი) .
ის არ მეყოფა, რაც რომ ვიწვალე
და კიდევ სხვაგვარ წამებას ველი.

რესურსები ინტერნეტში[edit]