საბურთალოზე
Appearance
საბურთალოზე ავტორი: ტერენტი გრანელი |
მომესმა ყეფა ბებერი ძაღლის,
ჩემთან რა გინდა, რომ მიყეფ ძაღლო!
აგერ დგას ველზე პატარა სახლი,
ასე მეც მინდა რომ დავესახლო.
თითქოს დავტოვე თბილისი უკვე
და მდინარესთან ქვების კალოა.
და ახლა ირგვლივ სიჩუმე სუფევს
და ახლა ირგვლივ საბურთალოა.
ღმერთო! არ ვიცი მე რა მომელის,
თუმცა დაღუპვის ფიქრი ტრიალებს.
მივალ პოეტი. დაუცხრომელი,
მივალ პოეტი, მოხეტიალე.