როცა აქტეონი, ძეჲ არისტეას

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
როცა აქტეონი, ძეჲ არისტეას
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე


როცა აქტეონი, ძეჲ არისტეას,
ლაღად მიდიოდა ტყეში სანადიროდ,
უცებ დაინახა თეთრი არტემიდა,
თავის ნიმფთა შორის იგი ბანაობდა
ძველი პართენონის მსუბუქ ნაკადებში.
შედგა აქტეონი, თვალნი დაებინდნენ.
იგი მოჯადოვდა უცხო სანახავით.
მაგრამ ის დასაჯა იმავ ღვთაებამა:
იქცა აქტეონი ირმად მშვენიერად,
ძაღლებს აქტეონი მსხვერპლად შეეწირა,
იგი დაეფლითათ ძაღლებს იმისსავეს.
ვიცან, გალაკტიონ, შენში აქტეონი -
შენ გსჯის ყოველივე, როგორც სიყვარული.
შენგნით დაწვრთნილები ყეფენ მოუსვენრად -
ისევ შენთვისსავე – ავი ძაღლებია.

1916 წ.