როგორ მიეგება სვიმონიკა ახალწელიწადს

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
როგორ მიეგება სვიმონიკა ახალწელიწადს
ავტორი: ეკატერინე გაბაშვილი


როგორ მიეგება სვიმონიკა ახალწელიწადს

გიორგობის თვე იყო, ერთ სუსხიან დღეს პატარა სვიმონიკა თავისმა ბიძია ივანე-ხაბაზმა ქალაქში შემოიყვანა. სვიმონიკა იქნებოდა ათის ან თერთმეტის წლის, მალხაზი, პატარა, შავთვალა და ცოცხალი სახის ბიჭი. ის გაოცებით უყურებდა განივრად გადაჭი¬მულ ქალაქს და ვერ წარმოედგინა, თუ რა იყო მიზეზი, რომ სახლები, საყდრები და სხვა ქალაქის შენობები ისე ჭერეხებივით ეყარნენ ერთმანეთზე, იმერეთში კი, საიდანაც ახლა ეს მოდიოდა, სულ სხვა იყო. იქ სახლები ისე შორს დგანან ერთმანეთზე, რომ ძალზე დაიღლებოდნენ ხოლმე ამის პაწია ფეხები, როდესაც მას სამეზობლოდ გაგზავნიდა ბებია თავის ბიცოლასთან.
ქალაქის ხმაურობამ, ეტლების გრიალმა, ხშირმა მიმსვლელ-მომსვლელმა ხალხმა ისე გამოაშტერეს საწყალი, ისედაც გრძელი გზით დაქანცული სვიმონიკა, რომ გაბრუებული დაეშვა ტახტის ცარიელ ფიცრებზე თავისი ბიძის სახაბაზოში და გათენებამდინ ფეხი არ გაუნძრევია.
ბიძიამ მეორე დღესვე მიაბარა სვიმონა წიგნის სასწავლებლად ერთს ავს და უგულო ბებერს დედაკაცს სიონის ქუჩაზე.
_ ერთ წელიწადს გახლდეს, შენი ჭირიმე, _ მოწიწებით ეუბნებოდა ივანე-ხაბაზი მოკუზულ ელისაბედს, _ ასწავლეთ წიგნი და მერე, რაკი წიგნს ისწავლის და სამსახურში გაიწრთვნება, თქვენ თვითონ დაუნიშნეთ ცოტაოდენი ჯამაგირი. ერთი საცოდავი ობოლია, დედა არსადა ჰყავს და მამა. თქვენი ღვთის გულისათვის მალე ჩააცვით რამე: ზამთარია და სიცივით მოკვდება, ე უბედური.
_ კარგი, შვილო, კარგი. ჩავაცმევ, მაშა. ეგრე დაფხრეწილი ხომ არ ვატარებ, რა საკადრისია, _ უთხრა ელისაბედმა ივანეს და სვიმონიკას თავზე ხელი გადაუსვა.
_ აბა, ვინძლო, არ იქურდო, არ იცუღლუტო, და მე ვიცი და შენა. ეს ერთი ადამიანი ვარ და, აბა, რა გაგიჭირდება, შვილო!
_ მაშ, მშვიდობით, შენი ჭირიმე!.. _ დაბლა თავი დაუკრა ივანემ და გავიდა.
სვიმონიკა მანამ ბიძასთან იდგა, ყოჩაღად გამოიყურებოდა თავის პატარა მალხაზა თვალებით, მაგრამ, როცა მან კარები გაიხუ¬რა, ბიჭს ამ სახლში სუყველაფერი ისე ეუცხოვა _ ელისაბედის ბოროტი თვალებიც და ჰაერშეგუბებული ოთახიც, _ რომ გული აუდუღდა და მდუღარე ცრემლები გადმოჰყარა.
_ სუს, სუს! _ შეუტია ელისაბედმა: _ სუს! აღარ დავინახო შენ თვალზე ცრემლები! გესმის? _ და მაშინვე საქმეს შეუყენა.
_ მოდი, აი, ჭიდან წყალი ამოიღე; მერე გააცხელე. ეს ქვაბები დახეხე; მერე ეზო დაგავე. აბა, ჩქარა! მე ზოზინი არ მიყვარს.
ამრიგად, პატარა სვიმონიკა დაუყოვნებლივ შეუდგა თავის საქმეს და დილიდან საღამომდე ჭაპანს ეწეოდა.
‘‘სვიმონიკო, მოიტა, სვიმონიკო, წაიღე’‘, ‘‘სვიმონიკო, წადი, იყიდე’‘, ‘‘სვიმონიკო, გახეხე, გარეცხე, სამოვარი დადგი, ცეცხლი აანთე, წყალი ამოიღე’‘, _ შეუწყვეტლივ მოესმოდა ბრძანება პატა¬რა ბიჭუნას. ეს მთელი დღე თითქმის ჩაუფერხებლად ფეხზე იდგა და საღამოზე, როდესაც დაღლილ-დაქანცულს მუხლებში წყალი ჩაუდგებოდა, ელისაბედი დასვამდა იმას იატაკზე, თვითონ კი ახლოს, წინდით ხელში, ჩამოუჯდებოდა ტახტზე და დაუწყებდა წიგნის სწავლებას.
სვიმონიკას სთვლემდა და ასოები იმის თვალში სულ ლეკურ-ბუქნას თამაშობდნენ, ეს უაზროდ იმეორებდა ელისაბედის ნათქვამს და, თუ შესცდებოდა, ვაი იმის ბრალი _ თხლაშანი თავში; მეორე შეცდომაზე _ ჩქმეტა და მესამეზე _ უვახშმოდ დაძინება გაყინულ სამზარეულოში, ჩვეულებრივი დასჯა იყო საწყალი მოწაფისა.
გავიდა ორი თვე. ანბანი ასო ტ (ტარამდის) გაეზეპირებინა სვიმონიკას და ამის ჯილდოდ ტანი ლურჯად ჰქონდა აჭრელებული და თავი გამობრუებული თავში ცემით. ამის ტანსაცმელს შეადგენდა გრძელი, გახუნებული ქალის კურტკა მაუდისა, ალაგ-ალაგ ამოკერებული სხვა ფერი მაუდის ნაჭრებით; ფეხზე ეცვა დიდრონი, ქუსლებმოგრეხილი ქალის ბაშმაკები.
ახალწელიწადი ღამე დადგა. ის იყო შებინდდა. ელისაბედმა სალფეთქში გახვეული საქსონის ჯამი მისცა ხელში სვიმონიკას და გაიყოლა ბაზარში თაფლისა და ნიგვზის საყიდლად სახვალიო გოზინაყისთვის.
საშინელი საქმე შეემთხვა საცოდავ სვიმონიკას, როდესაც, ვაჭრობის შემდეგ, შინ ბრუნდებოდნენ. ეს ნელ-ნელა მისდევდა უკან თავის ქალბატონს; ცალ ხელში ეჭირა სალფეთქში გახვეული თაფლით სავსე საქსონის ჯამი და მეორეში ქაღალდის პარკით სავსე ნიგოზი. ეს პირდაღებული შეჰყურებდა ხილით აჭრელებულ შუაბაზრის დუქნებს და ვერც კი შენიშნა, თუ როგორ მიუახლოვდა იმის ტოლა ბიჭი, ქალაქის კინტო, და გამოჰგლიჯა ხელიდან სალფეთქი. სვიმონიკამ საშინლად შეჰკივლა და ნიგვზის პარკიც გააგდო ხელიდან.
ბაზარში აყალმაყალი შეიქნა... პატარა კინტოს აქეთ-იქიდან გამოუდგნენ. იმან, რომ ნახა ცუდად არის ჩემი საქმეო, გააგდო სალფეთქი და ხარხარით შინისკენ მოჰკურცხლა.
ელისაბედი საშინლად გაკერპდა. ამან სრულებით დაჰკარგა კაცობრიული სახიერება. წაავლო კისერში ხელი უბედურ სვიმონი¬კას და შეითრია თავის სახლში. წაიგდო ფეხქვეშ, თმები სულ ბღუჯა-ბღუჯად აგლიჯა, ყურები სრესით სულ დაუსისხლა.
_ როგორ? _ გაკაპასებული ღრიალებდა ის, _ შენ გატეხე ის მშვენიერი საქსონის ჯამი, რომლითაც მთელი ორმოცი წელიწადი აბრამიანი მიდგა ხოლმე სანათლიღებოდ. შენ გატეხე, შენა, მაიმუნო, ეშმაკის ბარტყო! _ და თან, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, უბარტყუნებდა თავ-პირში.
სვიმონიკას ღრიალი ცამდინ ადიოდა, მაგრამ მშველელი კი არავინ იყო.
ბოლოს, როდესაც ელისაბედი მოიღალა, გააღო ქუჩის კარები და ისე ღონივრად გასტყორცნა იქიდან სვიმონიკა, რომ ის საცოდავი პირქვე განერთხა ქვით მოკირწყლულ ქუჩაზე.
_ წადი, უთხარ შენ ბიძიას, რომ მანამ ჩემ ჯამს, თაფლს და ნიგოზს არ მიზღავს, მე შენი შემომშვები არა ვარ სახლში, _ ზედ დაუმატა ელისაბედმა და ალაყაფის კარები მაგრა მიკეტა.
სვიმონიკა დიდხანს ეგდო გარეტებული ქუჩაზე. მერე ნელა წამოდგა, თვალები მუჭით ამოიწმინდა და წავიდა. წავიდა სად, ვისთან? თვითონაც არ იცოდა. ქალაქი ისეთი დიდია, ქუჩები ისეა ერთმანეთში არეული, რომ ხამი პატარა ბიჭისთვის შეუძლებელი იყო მოეაზრებინა, თუ სად ეპოვნა თავისი ბიძია ივანიკა.
ეს შეუდგა განათებულ შუაბაზრის ქუჩას ჯერ ზმუილით, მერე თანდათან გაერთო ბაყლების კიჟინაზე: ‘‘აქეთ თაფლი, შაქარ-თაფლი!’‘ ჰყვიროდნენ ისინი: ‘‘გავაიაფეთ, აქეთ-აქეთ!’‘ _ იწვევდნენ მოვაჭრეთ, რომელნიც ბუზებივით ირეოდნენ ამ ვიწრო და ტალახიან ქუჩაზე.
სვიმონიკა შეუნიშნავად გამოვიდა გოლოვინის პროსპექტზე. ეს პირველად ხედავდა ქალაქს ღამით და გაოცებული შესცქეროდა დიდრონი მაღაზიების განათებულ ფანჯრებს; ნერწყვის ყლაპვით აკვირდებოდა შუშებთან გამოწყობილ ათასნაირ საახალწლო სანუკველს, სათამაშოებს, სვადასხვა ვარაყიან ქაღალდით აჭრელებულ ყუთებს, კამფეტებით სავსე კალათებს. პატარა, მშვენივრად მორთული დედოფლები, მაღაზიის ფანჯრებში გადმომსხდარნი, ხომ ცრუმორწმუნებას სძრავდნენ ამაში და ჭინკებად ეჩვენებოდნენ იმას.
ეს ხან იცინოდა, ხან ხტოდა, ხან თავისათვის რაღაცეებსაც ლაპარაკობდა...
ქალაქი მთლად ჭირხოში იყო გახვეული. ეტლის ფარნები შორიდან რაღაც მოძრავ მანქანებს ემსგავსებოდნენ. პატარა ყმაწვილები, თავით ფეხებამდე თბილებში გახვეულნი, თავიანთ დედ-მამასთან მხიარულად ჭიკჭიკებდნენ და დაუყოვნებლივ შედიოდ-გამოდიოდნენ მაღაზიებში: იქ თავისი ნებით ირჩევდნენ, რაც სურდათ, და დატვირთულნი მრავალის საჩუქრებით, აღტაცებით მიილტვოდნენ შინისაკენ.
შუაღამე შეიქნა... ქარი ამოსისინდა. ჭირხლი თითქო ხოშ¬კაკალად გადაიქცა და თავსა და პირში აყრიდა მიმავალთ. ხალხის მსვლელობა თანდათან შესწყდა. აქა-იქ დუქნების კეტა დაიწყეს.
საწყალმა სვიმონიკამ, გალურჯებულმა, მოკუნტულმა სიცივი¬საგან, სირბილი დაიწყო. ეს აქამდი ისე იყო გართული ამდენის უნახავის ნახვით, რომ სულ დაავიწყდა სიცივეც, ცემაც და ისიც, რომ ამოდენა უზარმაზარ ქალაქში მარტო და უპატრონოდ დაეხე¬ტებოდა. მაგრამ ახლა კი, როცა ხალხი შეწყდა, დუქნებს კეტა დაუწყეს, ეს გამოფხიზლდა, მოაგონდა თავისი მდგომარეობა და ტირილი დაიწყო.
ამის ტირილს ყურიც არავინ ათხოვა. სუყველანი მიეჩქარებოდნენ, სუყველას თავისი ოჯახის ბედნიერება მიელოდათ თბილ სადგურებში და პატარა ტიტველა ბიჭის ვაგლახს ვერც კი ნიშნავდნენ.
დუქნების წინ ასასები გამოვიდნენ, აქა-იქ მყუდრო ალაგებზე ლოგინის მზადებას შეუდგნენ. ერთმა ამათგანმა რამდენჯერმე გაავლო თვალი ამ პაწია, უპატრონო ქმნილებას და გულში ბევრი რამეები გაახსენდა. ამას მოაგონდა თავისი ღარიბი ოჯახი არზრუმის მაზრაში, ნახევარზე დანგრეული ქოხი, სიცივისაგან დალურჯებული თავისი პატარა შვილები და გულიანად ამოიოხრა: _ არშაკ, შვილო! ვინ იცის, შენც ამ ბიჭივით გშიან და გცივა, და მე კი ვერას გშველი! _ წაიტუტუნა იმან.
მანამ გეურქა ამ ფიქრებში იყო გართული და ლოგინს იმზადებდა, სვიმონიკა იმას გასცილდა, ზემოთ გაიქცა, რომ სირბილით მაინც გაეთბო თავისი გაყინული სხეული.
ბოლოს სრული სიჩუმე ჩამოვარდა ქალაქში. ყველას დაეძინა. ყველგან სანთლები ჩაჰქრნენ, მარტო ქუჩის ფარნებიღა ბჟუტავდნენ. იანვრის ქარის ზუზუნი შიშით გულს უვსებდა გზადაბნეულს, საცოდავს და ობოლ-ოხერ პაწაწინა სვიმონიკას. ის ისევ მალე დაბრუნდა უკან, ტროტუარიდან გადახვევისა ეშინოდა. სხვა ქუჩები უფრო ბნელად და მიყრუებულად გამოიყურებოდნენ... ბოლოს, ძალა სრულიად წაერთვა, შიმშილმაც ძალზე მოუჭირა და ფეხზე დგომა აღარ შეეძლო... ის პატარა ლეკვივით დუქანთან ასასის ლოგინს წააწყდა... ორად მოიკუნტა, ხელ-ფეხი და თავი ასასის სახურავ ტყავს მიაკრა და ზურგი იანვრის ყინვას მიუშვირა... ბურანში წავიდა, მაგრამ ძილშიაც წკმუტუნებდა...… ამის კბილებს კანკალისგან წაკაწუკი გაუდიოდა. სვიმონიკა უფრო და უფრო იკუნტებოდა და ასასის ლოგინს ეკვროდა...