Jump to content

რვა ივნისია, ცხელა

From Wikisource
რვა ივნისია, ცხელა
ავტორი: ტერენტი გრანელი


 
რვა ივნისია, ცხელა,
ოცნება ადის ცამდე.
მინდა მოვშორდე ყველას.
მინდა გავიქცე სადმე.

ჯერ კიდევ ძალა შემწევს,
ვიგრძნო დუმილი ვარდის.
მხოლოდ შენ ფიქრობ ჩემზე,
- იცი, რას ჰქვია დარდი.

ისევ მიწასთან ვდგევარ,
მინდა გავიდე ველზე,
ისევ მზიანი დღეა,
ისევ სიხარულს ვეძებ.

ავი სიზმარი ვნახე,
მგონია, გუშინ დილით,
აღარ ექნება სახე
ახლა უჩემო თბილისს.

ოცნება ადის ცამდე,
ვნანობ ამნაირ დღეში.
და ყაჩაღივით სადმე
დავიმალები ტყეში.