პირველი მაისი (დავით მაჩაბელი)

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
პირველი მაისი
ავტორი: დავით მაჩაბელი
1857; ჟურნალი ცისკარი #5


ჩემო პირველო მაისო,
გულს ვარდმან სხივი დაისო!
ესდენ ელვენ მაისს დღენი,
ჰგავს, ბრწყინვიდნენ ბევრნი მზენი.
მოჰქროლავს ყვავილთა სუნი,
ჰავა ფშვივის სამაისო,
ჩემო პირველო მაისო,
გულს ვარდმან სხივი დაისო.
ველნი მცენარით ჭრელობენ;
ავრორის ცრემლით სველობენ,
მაისი ჰხურავს მანტიად,
ჰშვენისთ ძვირფასად ცმა ისო.
ჩემო პირველო მაისო,
გულს ვარდმან სხივი დაისო.
ვარდი ჰგრძნობს მზისა ღიმილსა,
უხარის, წმასნის წინწილსა,
ჰკრთოლავს ძოწისფრად მზის შუქი,
აწ ახლად, შემდგომ, გაისო.
ჩემო პირველო მაისო,
გულს ვარდმან სხივი დაისო.
გესმით, თქვენ, ვარდის ჩურჩული,
ბროლ-ლალისფერი უსულო?
მწვანეს ფოთლების შრიალით
ამას ხმობს ტურფად ხმა ისო:
ჩემო პირველო მაისო,
გულს ვარდმან სხივი დაისო.
ჩემი ტრფიალი, ციალი,
ალით აღვსილი ფიალი,
გულსა დამეგზნას, არ მგამა,
სხვა არა, მკლავდეს, მა, ისო.
ჩემო პირველო მაისო,
გულს ვარდმან სხივი დაისო.
დილით ძილით განღვიძებულს
ვსჭვრეტ, ცრემლით თვალს დასველებულს,
მზე სხივთ წარმოხოცთ, ზრუნველობს,
ტრფიალის ზრუვად კმა ისო.
ჩემო პირველო მაისო,
გულს ვარდმან სხივი დაისო.
მაისს ვსთხოვ ჩემთვის სამოთხეს,
აღმიცენებდეს სამოთხეს,
ვიშვებდე მკრთოლვარს სავანეს,
კარვობდეს სუმბულ თმა ისო.
ჩემო პირველო მაისო,
გულს ვარდმან სხივი დაისო.
განვრიდეს ნათელს აროდეს,
თუნდ შუქის ღელვა მძლავრობდეს.
ვეთინათინო ცისკარსა,
აღვაგზნო გული დაისო,
ჩემო პირველო მაისო,
გულს ვარდმან სხივი დაისო!