პიეტრო დელა ვალე - "ინფორმაცია საქართველოს შესახებ"

From Wikisource
Jump to navigation Jump to search


უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის დასავლეთ ევროპული წყაროები




პუბლიკაცია:

ალექსანდრე ჭყონია - "მასალა საქართველოის ისტორიისათვის" - მოგზაურის პიეტრო დელლავალლეს მოხსენება საქართველოზედ პაპი ურბანუს მერვესადმი 1627 წ. - ჟურნალი "ივერია" 1879 წ. - № 3 - გვ.29-64

მთარგმნელი:

ალექსანდრე ჭყონია

რესურსები ინტერნეტში:

http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/1405


შესავალი[edit]

წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს XVII საუკუნის იტალიელი მოგზაურის პიეტრო დელა ვალეს (1586-1652) 1627 წლის მოხსენებით ბარათს პაპ ურბან VIII-სადმი ("Informazione dalla Giorgia data alla Santita di nostro signore Papa Urbano VIII la Pietro della Valle, il pellegrino, l'anno 1627"). ეს დოკუმენტი დაცულია ვატიკანის ბიბლიოთეკაში.

პიეტრო დელა ვალეს მოხსენებითი ბარათი გამოაქვეყნა XVII საუკუნის ცნობილმა ფრანგმა მწერალმა და მოგზაურმა მელქისედეკ ტევენომ (1620-1692) თავის ნაშრომში Melchisedrk Thevenot - "Relations de divers voyages curieux qui n’ont point été publiés"
აღნიშნული პუბლიკაციიდან შეასრულა თარგმანი ალექსანდრე ჭყონიამ (1855-1907) და გამოაქვეყნა იგი ილია ჭავჭავაძისეულ ჟურნალ "ივერიის" 1879 წლის № 3 ნომერში. ჩვენ შეგნებულად დავტოვეთ მეცხრამეტე საუკუნის მართლწერა და ორთოგრაფია, რაც, ჩვენი აზრით უფრო საინტერესოს ხდის წასაკითხად ძველ წყაროებს.

ტექსტი[edit]

პიეტრო დელა ვალე
ინფორმაცია საქართველოს შესახებ პაპ ურბან VIII-სადმი 1627 წ.

უნეტარესო მამაო!

[საქართველო სამეფო და მისი დაშლა][edit]

ქვეყანა, რომელსაც დღეს ჰქვიან საქართველო (Georgia), შეიცავს ყველა იმ მხარეებსა, რომელთაც ძველი ხალხები უწოდებდნენ კოლხიდას (Colcho) და ივერიას (Iberia); შეიცავს ეგრეთვე სომხეთის და შეიძლება კიდევ ალვანიის (Albania) ნაწილებსაც. ამ სამზღვრებში სტრაბონის აზრით მდებარეობს მესხების ქვეყანა (la regione de popoli Moschi). ამ სახით საქართველოს უჭირავს სულ ის ქვეყანა, რომელიც იწყება შავის ზღვის აღმოსავლეთის ნაპირიდგან და მიაღწევს თითქმის ყასპიის ზღვამდე. აღმოსავლეთით მას აქვს მხოლოდ რამოდენიმე ზღვის ნაპირის მცირე ადგილები ალვანიისა, რომელნიც ეხლა სპარსეთის ხელქვეშ არიან და რომელთაც აქვსთ ქალაქები: ბაქო და დერბენდი ანუ, როგორც ამბობენ თურქები, დემიკარპი, ე.ი. რკინის კარი; ამ ადგილებიდან სამხრეთით არის შემახია და რომელიც ჩემის აზრით არის ნაწილი ატროპატენ-მიდიისა. შემდეგ, დასავლეთით შავი ზღვა, ჩრდილოეთით ყასპიის მთები - კავკასიის ტოტები, რომელნიც ერთის ზღვიდგან მეორემდი მიაღწევენ და სადაც ჰსცხოვრებენ ერთ-გვარნი ბარბაროსულნი და ავაზაკნი ხალხნი, წოდებული ლეკებათ (Lezghi, o Legzi). ესენი უმეტეს ნაწილად არიან მაჰმადიანები, სხვები კი მგონია არიან კერპთ-თაყვანის მცემნი, ან სრულებით უღმერთონი; ეგენი ადვილად შეიძლება იყვნენ სტრაბონის სვანები (Soani) ან ფთიროფაგები[1] უკანასკნელად, სამხრეთით მდებარებენ სომხეთის ნაწილები, რომელთა მხრით საქართველოს სამზღვრად არის მიდია. სამხრეთ-დასავლეთით, ე.ი. ტრაბიზონისაკენ, თუ არ ვსცდები, კაპადოკიის რამდენიმე ნაწილია. - მთელი ეს ქვეყანა დღეს ჰხმარობს მხოლოდ ერთს მისს საკუთარს ენას, რომელიც ყველა იქ მცხოვრებ ხალხების საზოგადო ენაა. ამ ქვეყანას, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ჯორჯიას (Georgia) და იქაურები საქართველოს (Cardueli), უწინ ჰფლობდა მხოლოდ ერთი მეფე, ვიდრე ერთმა მეფეთთაგანმა არ გაუყო სახელმწიფო თავის ოთხ შვილს[2] და არა ჰქმნა ყველა იგინი დაუმოკიდებელ და სრულ მთავრებათ თავიანთ სამფლობელოებში. მხოლოდ ერთ მათგანს, რომელსაც მისცა შუაგული და უდიდესი ნაწილი თავის სახელმწიფოისა, დაუტოვა ერთ-გვარი უპირატესობა სხვებზე; ამიტომაც დღემდი ამ ნაწილის მთავარი დიდად პატივ-ცემულია სხვა მთავრებისაგან, რომელნიც მას უწოდებენ მეფეთ-მეფეს, რაიცა მათ ენაზე ნიშნავს ხელმწიფეების ხელმწიფეს; თვითონ კი თავიანთ თავს ჰრაცხვენ საქართველოის ლიტონ მთავრებათ და ამით კმაყოფილდებიან. ამ ჟამად საქართველოში ექვსი მთავარია, რადგანაც გარდა იმ ოთხისა, რომელნიც, როგორც ზემოდ ვთქვი, მეფის შთამომავლობისანი არიან, ორნი კიდევ სხვანი არიან, რომელნიც უწინ იყვნენ მეფეთ-მეფის მოურავებათ (Ministri) და მისის სამეფოის ორის ნაწილების მმართველებათ სავის ზღვის ნაპირზედ. ისინი განუდგნენ რა მეფეთ-მეფეს, დაისაკუთრეს ის მხარეები, რომელნიც მათ ჰქონდათ ჩაბარებულნი სამმართველოდ და შემდეგ ამისა თვითონ შეიქმნენ სრულ მთავრებათ. როცა თან-და-თან მათი გავლენა და სახელი გავრცელდა, მაშინ იგინი არამც თუ გაუსწორდნენ, არამედ დაუმოყვრდნენ კიდევაც ყველა მთავრებს. ამიტომაც დღეს ყველა მთავრები ეპყრობიან მათ, როგორც თავის სრულ თანასწორებს. იმათ ახსოვსთ დღემდი მხოლოდ მეფეთ-მეფის უპირატესობა. მაგალითად, როცა მეფეთ-მეფე ცხენზედ ჰჯდება და ის ორი მთავარი, რომელნიც უწინ იყვნენ მის მოურავებათ და ერისთავებათ (Vassalli), სასახლეში არიან, მაშინ ერთი მათგანი ცხენს უკავებს და მეორე აბჟანდსა.


  1. ამისთანა განგულებას არავითარი საფუძველი არა აქვს, როგორც ადვილად მიხვდება ქართველი მკითხველი.
  2. საქართველოს განაწილება მოხდა მეხუთმეტე საუკუნეში. პიეტრო დელლავალლე შემცდარია, როცა ამბობს, რომ საქართველო ოთხ სამეფოთ და ორ სამთავროთ გაიყოვო. ნამდვილად საქართველო განაწილდა სამ სამეფოთ: ქართლი, კახეთი და იმერეთი, და ხუთ სამთავროთ: სამეგრელო, გურია, სამცხე-კლარჯეთის საათაბაგო, აფხაზეთი და სვანეთი. როგორც შემდეგ მოთხრობიდგან ჰსჩანს, პიეტრო დელლავალლე მეოთხე მეფეთ ალბად ჰსთვლის სამცხე-კლარჯეთის ათაბეგს

[იმერეთი][edit]

შემდგომ იმისა, როცა ქვეყანა გაიყო ექვს მთავრებ შუა და ეს მთავრები სრულ ბატონებათ შეიქმნენ, მეფეთ-მეფე ჰფლობდა და დღემდისაც ჰფლობს იმ მხარეს, რომელსაც იქაურები უწოდებენ იმერეთს და რომელიც მდებარეობს, როგორც ვსთქვი, შუაში და არის უძლიერესი სხვა ნაწილებზე. სწორედ ეს მხარე არის ივერია. მთავარს, რომელიც ეხლა იქ მეფობს, ჰქვია გიორგი, ესე იგი (იტალიანურად) ჯორჯიო. მეფეთ-მეფეს მაგიერ, როგორც მას უწოდებენ მხოლოდ წერილებში, საზოგადოდ ლაპარაკში მას ეძახიან გიორგი მეფეს, ან გიორგის, მაგრამ თურქები, როგორც ამ მეფეს, ეგრეთვე ქვეყანას და ხალხს ამ ქვეყნისას, ეძახიან არ ვიცი რატომ, ბაშაჩივეს, რომელიც თურქულად ნიშნავს თავ-ღიას, ანუ თავ-შიშველს.

[კახეთი][edit]

იმერეთის აღმოსავლეთით მდებარეობს მეორე თემი, წოდებული კახეთათ, რომელიც, თუ არ ვცდები, არის ეგრეთვე ივერიის ნაწილი და შეიძლება ალვანიისაც და შეადგენს იმ მეფის უმცროსის შვილის შთამომავლობის სამეფოს, რომელმაც თავისი სახელმწიფო პირველად გაუნაწილა თავის ოთხ შვილებს. დედა-ქალაქი ამ თემისა იყო ზეგანი (Zegain), თუმცა მთავრებსა და ადგილობრივ კეთილშობილებსა (Nobili), რომელთაც უწოდებენ აზნაურებს, უფრო მოსწონთ ცხოვრება სოფლებში, როგორც საფრანგეთის კეთილშობილებს, ვიდრე ქალაქებში. სხვა აღმოსავლეთის ბარბაროსულ ხალხების წესის წინააღმდეგ ქართველებს ჰყავსთ თავისი თავად-აზნაურობა (Nobilita), რომელსაც ჰსცნობენ და არჩევენ მდაბალ ხალხისაგან, როგორც ჩვენ, ევროპიელები, გვაროვნობის შთამომავლობით და იმ ჩვეულობის შემწეობით, რომ თავად-აზნაურობა და მდაბალი ხალხი ერთმანეთს არ ემოყვრებიან. თავად-აზნაურები, ვამბობ მე, არ ჰსცხოვრებენ ქალაქებში. მათის აზრით ქალაქებში უნდა იცხოვრონ მდაბალ ხალხის კაცებმა და ხელოსნებმა, რომელთაც შეუძლიანთ იქ მიეცნენ ვაჭრობას და აღებ-მიცემობას. ეს აზრი ისე გავრცელებულია ქართველებში, რომ იმისთანებსაც, რომელნიც არ არიან აზნაურები, ეძაგებათ ქალაქში ცხოვრება და ხელობის და ვაჭრობის ვარჯიშობა; როგორც ხელობას, ისე ვაჭრობას ქართველები უთმობენ უცხო ქვეყნელებს, მაგალითად სომხებს, ურიებს, რომელნიც ბლომად არიან მათს ქვეყანაში, და სხვებს ამათ მსგავსებს. თვითონ კი თავის ცხოვრებას ატარებენ ან ომიანობაში, როცა საჭიროა, ან ეკკლესიის სამსახურში, საკუთრად ისინი, რომელნიც სამღვდელოებას ეკუთვნიან, ან და უმეტესი ნაწილი ეძლევა თავიანთ მიწების შემუშავებას. მათი მიწები ფრიად ნაყოფიერნი არიან ყოველ-გვარის ხილთათვის. სოფლებშო ბლომად მოჰყავთ აბრეშუმი. სოფლის მამული ბევრი თუ ცოტა, თითქმის ყველას აქვს. ამიტომაც ძველი ბერძნები საფუძვლიანად უწოდებდნენ ქართველებს გეორგს, რომელიც ნიშნავს მიწის მუშაკს. ამიტომაც ამ ქვეყანაში ცოტაა ქალაქები და არაფრად შესანიშნავნი, მაგრამ სოფლებში კი ყოველგან ძლიერ ხშირი მოსახლეობაა და ეგრეთვე კარგნი შენობები, თუმც უმეტესი ნაწილი მათებურად ხისგან არის გაკეთებული. არც სხვა-და-სხვა გვარი და კარგად აშენებული ეკკლესიები აკლიათ,მაგრამ ჩვეულებისამებრ ცუდად ინახავენ. მეფეს, რომელიც ჩვენებურების სიტყვით, მეფობდა ზემოხსენებულს კახეთში, ჰქვიან სახელა თეიმურაზ და ეხლაც ცოცხალია, მაგრამ, როგორც ქვემოდ ვიტყვი, სახელმწიფო მას ჩამორთმეული აქვს. როცა თეიმურაზს პირველი ცოლი მოუკვდა, სპარსეთის ხელმწიფემ შაჰაბაზმა, რომელიც მაშინ მისი მეგობარი იყო და რომელიც დღესაც ხელმწიფობს, გაუგზავნა მას სამძიმრის სათქმელად პატრი ფრა ჯოვან-თადეო წმინდა ელისეის კარმელიტანელი ფეხ-შიშველი[1] ეს პატრი ეხლა სპარსეთშია და უწინ იქაურის მისსიის უმფროსი იყო. თეიმურაზ მეფემ განუცხადა მას მეგობრობა და დიდი პატივისცემა, არამც თუ როგორც სპარსეთის ხელმწიფისგან გამოგზავნილს, არამედ როგორც კაცად-კაცს და როგორც ჩვენებურ ქრისტიან სამღვდელო პირს; მას საჯაროდ აწირვინა თავის უმთავრეს ეკკლესიაში, იმ ქვეყნის მიტროპოლიტის თანდასწრებით. მეფეს თვითონაც უნდოდა დასწრებულიყო, მაგრამ არ ვიცი რამ დაუშალა. გარდა ამისა მეფემ უბოძა და ჩააბარა მას მიწა-ადგილი იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში მას, თუ ისურვებდა, გაეკეთებინა თავის რჯულის მონასტერი და ეკკლესია. ერთის სიტყვით, როგორც მეფემ, ისე ალავერდ მიტროპოლიტმაც, რომელიც ითვლებოდა როგორც ფრიად გონიერი კაცი და რომის საქმის ერთგულად მსახური, გამოიჩინეს, თვითონ პატრის სიტყვით, რომის ეკკლესიისადმი ისეთი გულ-მიდრეკილობა, რომ მეტი აღარ შეიძლება.


  1. ეს პატრი ეკუთვნოდა იმ დასს (ორდენს), რომლის წევრები ფეხშიშველნი დადიან.

[ქართლი][edit]

მეფის შთამომავლობის მესამე მთავარი მეფობს იმ თემში, რომელიც კახეთის და იმერეთის სამხრეთით არის და რომელსაც ჰქვიან ქართლი (Cardel o Carduel). ეს არის დიდ სომხეთის ნაწილი და მისი დედა-ქალაქი არის ტფილისი (Teflis). ჩვენის პატრების დროს აქ მეფობდა სიმონი, რომელიც შემდეგ ტყვეთ მოკვდა კოსტანტინოპოლში[1]. ეს მეფე ძლიერ სახელ-განთქმული იყო იმ ომების გამო, რომელნიც მას ჰქონდა, როგორც მოგვითხრობენ ჩვენი ისტორიები, თატრებთან და ძლიერ ერთგული იყო რომის წმინდა საყდრისა, როგორც ცხადად გამოაჩინეს მისმა წერილებმა (თუ ისინი იყვნენ, როგორც მე ვფიქრობ, ამავე სიმონისა) ნეტარ ხსენებულ პაპი პავლე მესამესთან. ერთი ამ წერილთაგანი და ეგრეთვე მოხსენება იმ წერილისა (con la nota anco di quella), რომელიც ხსენებულმა მღვდელთ-მთავარმა უწინ მისწერა მას, დაბეჭდილია პატრის ფრა თომასო კარმელიტანელ ფეხ-შიშველის წიგნში "De procuranda salute omnium gentium".

ჩვენს დროში ამ ქვეყანაში უფლობდა ზემოხსენებულის სიმონის შვილის-შვილი (nipote cio e figlio del sopradetto Simone) ლუარსაბ, მეფე ახალ-გაზრდა და დიდის იმედის მომცემი, მაგრამ ცოტა ხნის წინედ, სანამ მე სპარსეთში ჩავიდოდი, მან იქ საწყალ ობლად დალია თავისი დღენი. იგი მოჰკლეს ციხეში, რომელშიაც რამოდენიმე წელიწადი დამწყვდეული იყო. მას არ დარჩენია არავითარი შთამომავლობა, რადგანაც ცოლი ჯერ მოყვანილი არ ჰყავდა, თუმცა საცოლო კი დანიშნული ჰყავდა. ლუარსაბის შემდეგ მის ქვეყანას ჰფლობდა მისივე გვარის მეფე, რომელიც იყო მისი ძმისწული თუ ბიძა-შვილი[2]. ეს მეფე იყო მაჰმადის სარწმუნოებისა და თავის სამეფოში აღარ იყო სრული ბატონი, არამედ გახდა სპარსეთის ხელმწიფის ერის-თავად, როგორც ეხლავე ვიტყვი.


  1. ეს იყო სვიმონ I, რომელიც მოჰკლეს კოსტანტინოპოლში 1611 წ.
  2. აქ ლაპარაკია უსათუოდ ბაგრატ VI-ზედ, რომელიც იყო ლუარსაბის მამის, გიორგი მე-X-ის ბიძაშვილი და არა თვითონ ლუარსაბისა.

[სამცხე][edit]

მეოთხე მთავარს მეფის შთამომავლობისას ჰქონდა თავისი სამეფო დასავლეთისაკენ, მიდიის სამზღვარზე, რომელსაც შეარდგენდნენ როგორც ქართლის, ისე, ჩემის აზრით, სომხეთის და კაპადოკიის ნაწილები. მხოლოდ ეს სამეფო ეხლა აღარ არსებობს, როგორც შემდეგ აიხსნება.

[ოდიში][edit]

რაც შეეხება უკანასკნელ ორ მთავარს, რომელნიც არიან მოურავების შთამომავლობისა, და არა მეფისა, და რომელთა სამთავრონი არიან შავის ან ევქსინის ზღვის ნაპირად, ერთი მათგანი ჰფლობს იმ მხარეს, რომელიც არის უფრო ჩრდილოეთით და მიემხრობა ყასპიის მთებს[1] და ეგრეთვე დადიანებს[2], ე.ი. მოსიარულეთა და მღოღველთა. ეგრე უწოდებენ მათ, იმიტომ რომ ძველად ისინი უსახლ-კაროდ გადადიოდნენ ერთ ადგილიდგან მეორე ადგილას, როგორც არაბები თავის კარვებით; მაგრამ შემდეგ მათ გამოიცვალეს თავისი ჩვეულება, და დღეს ეს მხარე საუკეთესო მხარეა, სადაც მოსახლეობა უფრო ბევრია, ვიდრე საქართველოს სხვა ნაწილებში. ეს არის ძველ ხალხების კოლხიდა. თურქები კი მას უწოდებენ მეგრელიას. დღეს ია ჰფლობს ახალ-გაზრდა მთავარი, რომელსაც ჰქვიან, თუ კარგად მახსოვს, ლევან.

ერთი კოსტანტინოპოლელ ჯეზუიტთაგანი პატრი, რომელიც წასულიყო სამეგრელოში ქრისტიანობის მდგომარეობის გამოსაცნობლად, დაბრუნდა იქიდგან 1615 წელს, როცა მეც კოსტანტინოპოლში ვიყავი. დაბრუნების შემდეგ მან იცოცხლა მხოლოდ სამი თუ ოთხი დღე, რადგანაც ჩავიდა თუ არა კოსტანტინოპოლში, მას შეეყარა უშველებელი ჭირი, რომელიც მაშინ იქ გავრცელებული იყო. ამ რამოდენიმე დღის განმავლობაში მან მოკლედ მიამბო, რომ ზემოხსენებული მთავარი ვნახეო, რომელიც მაშინ იქნებოდა თორმეტის წლისაო და ამიტომ ქვეყანას განაგებდა მისი დედაო. ისინი ჰსცხოვრებდნენ უბრალოდო და რამდენადმე ბინძურადაცაო, როგორც სოფლელებიო. ერთს დღეს ვნახეო, რომ მთავარმა ეკკლესიაში მიიტანა შესაწირავად ერთი დიდი ველურის ღორის თავიო, რომელიც იმას ნადირობაში მოეკლაო. მე ძლიერ მეფერებოდაო და მესიყვარულებოდაო მთავარი, მაგრამ რადგანაც მისი ენა არ ვიცოდიო, ვერც ვლაპარაკობდითო და ვერც ერთმანეთის გავიგეთ რაო. ამის მეტი იმ პატრის მოგზაურობისაგან იმ ადგილებში მაშინ არ შეიძლებოდა შეტყობა, ჯერ იმიტომ რომ ის პატრი, როგორც ვსთქვი, მოკვდა, და გარდა ამისა მისი ნაწერები ზღვაში დაიღუპნენ ღელვის დროს; მაგრამ მე მინდა ვაიმედო თავი, რომ კოსტანტინოპოლელ ჯეზუიტებს,- რომელნიც ისე მეზობლად არიან ამ ქვეყანასთან, რომ რვა დღეში, და უფრო ადრეც, თუ კარგი ტაროსი იქნა, შეუძლიანთ იქ ჩავიდნენ ზღვით,- არ მიუტოვებიათ ეს მისსია, არამედ იქნება კიდევაც გაგზავნეს იქ სხვები, ან და მზად არიან მაინც შემდგომისათვის გაგზავნონ.


  1. ამ სახელით ავტორი, როგორც ზემოთ ჰსჩანს, უწოდებს კავკასის მთებს.
  2. დადიანების გვარის თავდაპირველ მნიშვნელობაზე ათიოდე სხვა-და-სხვა ახსნა არსებობს. ყველაზე უფრო უსაფუძვლო პიეტრო დელლავალლეს ახსნა არის, რომელსაც საბუთათ აქვს მხოლოდ ხმების შემთხვევითი მსგავსება და არა რამე ნამდვილი ფილოლოგიური ან ისტორიული საბუთი. უფრო საფუძვლიანი ის განკარგულება არის, რომ "დადიანი" უნდა წარმომდგარიყოს სპარსულის სიტყვისაგან "დად", რომელიც ნიშნავს "მსაჯულს" და შემდეგ ეს თანამდებობის სახელი უნდა გადაქცეულიყოს გვარათ. ეს აზრი, რომელმაც გამოიწვია პოლემიკა ბროსეს მხრით, ვრცლად აქვს განმარტებული ნემეცს კოხს თავის წიგნში რუსეთის და კავკასიის შესახებ, რომელიც გამოვიდა ტიუბინგენში 1843 წ.


[გურია][edit]

ამ სამთავროის სამხრეთით, ეგრეთვე შავის ზღვის ნაპირზე, ტრაბზონის და კაბადოკიის სამზღვრებზედ, არის მეორე სამთავრო, რომელსაც ჰქვიან სახელად გურია (Guriel). ეს არის, ჩემის აზრით, ან კაპადოკიის და ან კოლხიდის ნაწილი. ამ ქვეყნის მთავარი მეორე მთავარია არა მეფის შთამომავლობისა. ეხლანდელ მთავარს, თუ არ ვცდები, ჰქვიან იესე [1] მე მგონია, რომ ამისვე გვარის უნდა იყოს მიტროპოლიტი, რომელიც ეხლა ჰმართავს ეკკლესიას ქართველებისას იმ ადგილებში, რომელნიც არ ემორჩილებიან სპარსეთს, რადგანაც იმ ადგილებში, რომელნიც უფრო აღმოსავლეთით არიან და სადაც უფლობს სპარსეთის ხრლმწიფე, ამ უკანასკნელმა დააყენა თავის ნებით მეორე მიტროპოლიტი. ეს იყო იმ ალავერდის მოადგილე, რომელიც მე ზემოდ ვახსენე, და ჰსცხოვრებდა ჩემს დროს. სახელად ამასაც ალავერდი ერქვა, თუ ვინიცობაა ეს სახელი არ წარმოსდგება თვით კათედრიდგან და არ მიეცემა ყველას, ვინც იქ იჯდომილება [2]. ერთი და ამ მიტროპოლიტისა დღეს ჰსცხოვრებს სპარსეთში, სადაც ის სხვების რიცხვში წაიყვანეს ქართველების შესანიშნავ გარდასახლების დროს, რაზედაც გაკვრით ვიტყვი, რამოდენიმე სიტყვას. ეს იყო მიცვალებულ დიდ ალავერდის დის-წულის ცოლი. ამ დიდ ალავერდის სამი და ერთად წაიყვანეს სპარსეთში ხსენებულ გარდასახლების დროს და დღეს ჰსცხოვრებენ ისპაჰანში. ერთს მათგანს მე სამი შვილი მოვუნათლე. იგი მრავალი წელიწადი, როგორც მე თვითონ ვნახე, ჰსცხოვრებდნენ ძლიერ გაჭივრებულად და საცოდავად, იმიტომ რომ არ გამოიცვალეს თავისი სარწმუნოება. ხელმწიფე მათ არც აძლევდა რასმე, არც პატივა ჰსცემდა. ყოველი ესე მათ მიეცემოდათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგინი დასტოვებდნენ თავიანთ რჯულს. თუმც ისინი მიჩვეულნი იყვნენ საქართველოში კარგად და მდიდრულად ცხოვრებას, მაგრამ, რადგანაც სპარსეთიდგან აღარ უშვებდნენ მათ, ისინი დიდის სულგრძელობით ითმენდნენ სპარსეთში ღარიბ ცხოვრებას. როცა მათ დახარჯეს და დაყიდეს რისაც წამოღება შეიძლეს თავის ქვეყნიდგან, მაშინ მათ თავი უნდა დაემდაბლებინათ და დაეწყოთ თავის რჩენა თავიანთ ხელსაქნარით და ხშირადაც ჩვენის სპარსეთში მცხოვრებ ბერებისაგან მიწოდებულ მოწყალებითა. ჩვენები არ აკლებენ მათ თავის მფარველობას და ეგრეთვე სხვა ევროპიელებსაც. სინამდი ჩვენები იქ იყვნენ, არ დაზარებიათ თავიანთ შეძლებისა-დაგვარად მათი შემწეობა.


  1. გურიელების სქემა აქვსთ მოყვანილი ბროსეს ქართლის-ცხოვრების ფრანციულ თარგმანში და დ. ბაქრაძეს თავის ახალ წიგნში: "Археологическое путешествие по Гругии и Адчаре",- მაგრამ არც ერთი და არც მეორე არ ახსენებს ამ იესეს. მხოლოდ უკანასკნელი ახსენებს იესე გურიელს, რომელიც ეხლა ჰსცხოვობს და არის ოზურგეთის უეზდის თავად-აზნაურობის წინამძღოლი. ეს ადგილი პიეტრო დელლა ვალლესი გვარწმუნებს, რომ ამ სახელით ვინმე გურიელი უნდა ყოფილიყო, თუ ავტორის დროს არა, წინედ მაინც.
  2. მხოლოდ ეს უკანასკნელი აზრია მართალი. ეს მღვდელ-მთავარი იჯდა ალავერდში და ამიტომ იმას ალავერდელი ერქვა.

[სამცხის დაცემა][edit]

რაც შეეხება საერო (temporale) ცხოვრებას, საქართველო თითქმის ჩვენს დრომდი არის იმ მდგომარეობაში, რომელზედაც ზემოთ ვლაპარაკობდი. რომ საქართველოს ამ მდგომარეობაში თავი შეუნახავს, ესეც საკვირველია, და არა მცირედი მიზეზი ამისა არის ქართველების მამაცობა. რიცხვით საქართველოს ხალხი ძლიერ მცირეა და ამასთანავე დაყოფილიც რამოდენიმე მოთავეების შუა, რომელნიც, მის მაგიერ რომ ერთად ებრძოლონ მტერს, ხშირად ერთმანეთს ებრძვიან. გარდა ამისა ქართველებს არა აქვსთ არავითარი არტილერია; თოფებსაც (archibugeria) ცოტად ჰხმარობენ ან თითქმის სრულებით არა ჰხმარობენ. ამდენ ნაკლულევანებასთან, ვამბობ მე, მათ მაინც დაიცვეს თავის-თავი უცვლელად და თავისუფლად; ეგრეთვე მათ მაიც დაიცვეს თავისი რჯული, თუმც ყოვლის მხტით გარს შემორტყმულნი ურჯულოებით და მტრებით. ყველაზედ უფრო შესანიშნავი ის არის, რომ ისინი მარტოკა იყვნენ ორ უძლიერესთა, სპარსეთის და თურქების იმპერიათა შუა, და არსაიდგან არავითარ შემწეობას არ ელოდნენ. როგორც სპარსელებს, ისე თურქებს მუდამ მათის გაქრობის და დამხობის განზრახვა ჰქონდათ, უფრო მათის რჯულის სიძულვილის გამო, ვიდრე სხვა რამე მიზეზით. ამიტომაც მე მგონია, რომ ისინი არამც თუ ღირსნი არიან ქებისა, არამედ მთელი ეკკლესია რამდენადმე დავალებულია მათგან იმ სათნოებით და იმ მხნეობით, რომელიც მათ მრავალჯერ გამოიჩინეს ომებში და რომლის შემწეობით მათ არა ერთხელ დაამარცხეს ან უკუაქციეს მთელი ჯარები, ხან სპარსელებისა და ხან თურქებისა. უფრო სამძიმო ის არის, რომ ასეთის სიმტკიცის შემწეობით იგინი მუდამ იცვავდნენ და იფარვიდნენ, რამდენადაც შეეძლოთ, ქრისტეს სარწმუნოებას. რომ სიტყვა არ გამიგრძელდეს ამის მაგალითებს აღარ მოვიყვან. ამ ჩვენს საუკუნეში კი, რომელსამე მათის ცოდვის გამო, თუ ღვთის სამართლიან განგებით, ქართველები დიდად შევიწროებულნი დარჩნენ. უფრო შინაურ განხეთქილების გამო, ვიდრე სხვა რამე მიზეზით, იმათ ძალას ბევრი მოაკლდა, თუმცა არა მცირედი ძალა კიდევ დარჩათ. აი რად დაიღუპა ერთი იმ მთავართაგანი, რომლებზეც მე ვლაპარაკობდი ზემოდ. ეს მთავარი იყო მეფის შთამომავლობისა და ჰქონდა თავისი სამყოფი სომხეთის და კაპადოკიის შუა, არა მოშორებულად თავრიზისა (Tabril) და მიდიის სამზღვრებისა. იმ განუწყვეტელ ომებში, რომელნიც მრავალ წელიწადს ერთმანერთთან ჰქონდათ სპარსელებს და თურქებს, ეს მეფე იძულებული იყო ხან ერთს მიდგომოდა, ხან მეორეს, რადგანაც მისი სამეფო მთლად ღია და თითქმის თურქის მიწებ შუა იყო. თურქებმა ცოტ-ცოტად გამოაცალეს მიწები და ბოლოს მისი სამეფო სულ გააქრეს.

მათ ეს სამეფო დაიპყრეს, როგორც მე მგონია, იმ მიზეზით, ვითამ ეს ყოფილიყოს ამ განხეთქილების მიზეზი. მე მითხრეს, რომ ამ მეფის შთამომავლობის ერთი ახალგაზრდა მთავარი დღეს ჰსცხოვრებსო იმავე თურქების კარზე და ელისო,- მაგრამ, როგორც დღემდი ჰსჩანს, ამაოდ,- რომ ისინი მისცემენ მას საბძანებლად სხვა ქვეყანას, სამაგიეროდ იმისა, რომელიც მას დაეკარგა.

[თეიმურაზი და ლუარსაბი][edit]

რამოდენიმე წლის წინედ იმგვარისავე შემთხვევისა გამო, ესე იგი, სპარსეთის და თურქების შორის აღძრულ ომის გამო, ცოტათი წინედ ჩემის სპარსეთში ჩამოსვლამდი, დაეცნენ ორნი ქართველნი მთავარნი, რომელნიც იყვნენ ეგრევე მეფის შთამომავლობისა. თუმცა მათი სამეფონი სრულებით გამქრალნი არ არიან, მაგრამ ბოლო ცუდი დაადგებათ, თუ რამე ბედნიერმა შემთხვევამ, რაზედაც მე იმედი აღარ მაქვს, არა აღადგინა ისინი. ეს მეფენი იყვნენ თეიმურაზ და ლუარსაბ, რომელნიც თითქმის ყოველთვის სპარსეთზედ იყვნენ დამოკიდებულნი, რადგანაც მათი სამეფონი სპარსეთს ესამზღვრებოდნენ. გარდა ამისა უმეტესი ნაწილი ამ ქვეყნების მეფეებისა იზრდებოდნენ სპარსეთის ხელმწიფის კარზე, როგორც მაგალითად თეიმურაზ და ლუარსაბ, რომელნიც ყმაწვილობიდგანვე რამოდენიმე ხანს იქ გამოზრდილან. ამიტომაც იმ ომიანობის დროს, რომელიც მე ვახსენე, როცა თურქები და სპარსელები თავიანთ ჯარებით მეფეებს ძლიერ დაუახლოვდნენ და თითქმის მათ ქვეყანაში შევიდნენ და დაიწყეს მორიგებაზე ლაპარაკი, მაშინ სხვათა შორის იმაზეც დაიწყეს ბაასი, თუ ვის უნდა ემორჩილებოდნენო თეიმურაზ და ლუარსაბიო. თურქები ამტკიცებდნენ, რომ ამ მეფეებს ჩვენი მხარე უნდა ეჭიროსთო; სპარსეთის ხელმწიფე თავის მხრით ეუბნებოდა თურქის ელჩს, რომელიც მეცადინეობდა შერიგების მოხდენას, რომ თეიმურაზ და ლუარსაბ არიან და ყოველთვის იყვნენ ჩემსკენო; დასამტკიცებლად ამისა მე შემიძლიანო, როცა ვისურვებო, ისინი ჩემს ბანაკში დავიბაროო. ელჩი არ ერწმუნა მას და მოითხოვა, რომ სპარსეთის ხელმწიფეს გამოეცადა და დაებარებინა.

სპარსეთის ხელმწიფემ დიაღ დაიბარა მეფეები, მაგრამ რადგანაც ესენი ხედავდნენ, რომ თურქის ჯარი ეგრე ახლო იდგა, იმათ ვერ გაბედეს ცხადათ გამოემჟღავნათ მათი სურვილი და ვერაგობდნენ ხან ერთთან და ხან მეორესთან; სპარსეთის ხელმწიფის წინაშე ზრდილობიანად დიდს ბოდიშს იხდიდნენ, მაგრამ მის ბანაკში კი არ მივიდნენ. მათი ამისთანა მოქმედება კარგად იგრძნო სპარსეთის ხელმწიფემ და ამიტომაც თურქებთან ცოტა შერცხვენილი დარჩა. თუმცა მაშინ დაფარა თავისი გრძნობა და იმ ჟამად არაფერი უყო მათ, და არც არა შეეძლო; მაგრამ როცა შერიგება მოხდა და თურქების ჯარი წავიდა და იარაღი დაყარა, მაშინ ხელმწიფე ეცადა, რომ თავის ახალ გამოგონილ ზომებით განხეთქილება ჩამოეგდო ლუარსაბის და თეიმურაზის შორის. იმდენად იხმარა მან თავისი ჩვეულებრივი მზაკვრობა, რომ თითქმის იგინი შეატაკა ერთმანეთს, თუმცა ეს მეფეები ერთმანერთის მოყვრები იყვნენ (თეიმურაზის მეორე ცოლი ლუარსაბის და იყო). იგინი უსათუოდ შეეტაკებოდნენ ერთმანეთს (რადგანაც გამოსული იყვნენ უკვე ბრძოლის ველზე თავიანთ ჯარებით ერთი მეორის წინააღმდეგ), რომ ბოლოს არ გამოჩენილიყვნენ ერთგულნი თავად-აზნაურები და ერისთვები და ამათ არ ემეცადინათ მათი შერიგება. ამათ დაანახვეს მეფეებს, რომ მათი უთანხმოება სპარსეთის ხელმწიფის ქმნილებაა, რომ ამითი იმას ჰსურდა ორივესი დაღუპვა. ისიც გამოაშკარავდა, რომ მას თითოეულს მათგანისთვის ცალკე გაუგზავნია ფარულად ჩვეულებრივი წერილი ან ბრძანება, მაგრამ ორივესთვის ერთისა და იმავე შინაარსისა. ამ წერილებში თითოეულს მათგანს იგი უბრძანებდა, რომ მოეკლა მეორე და დაეპყრა მისი სამეფო; ჰპირდებოდა თავის მხრით შემწეობას და მეორის სამეფოში მაგრად ფეხის ჩადგმევინებას. ამის გარდა იმას, ვისაც წერილს ჰსწერდა, უცხადებდა მეგობრობას და მეორის შესახებ კი მტერობას, და ამის მიზეზებსაც ჰსთვლიდა. ყოველი ესე საკმაოდ არ დარჩა მეფეების გასაფრთხილებლად; ეგრე სიწრფელით და ადვილად დაენდობიან ხოლმე სხვას ქართველები.

[ქეთევან დედოფალი და თეიმურაზი][edit]

გარდა ამისა სპარსეთის ხელმწიფემ მტრობა თუ არა სამდურავი მაინც ჩამოაგდო თეიმურაზისა და მის დედის შორის, რომელსაც ერქვა ქეთევან დედუფალი (Ketevan Dedupali, eioe la Regina Ketevan). ქეთევან იყო ლუარსაბის გვარისა და მისი ნათესავი. მას ჰქონდა დიდი ნიჭი სახელმწიფოის მართვისა. რამოდენიმე წლის განმავლობაში, როცა თეიმურაზ მცირე წლოვანი იყო, ქვრივი ქეთევან ჰმართვიდა სახელმწიფოს, რომელიც მასთანვე დიდებულად დაიცვა თავის მაზლის (cognato) კოსტანტინე მაჰმადიანისაგან[1]. შემდეგ იმისა, რო მოჰკვდა დავით, ქმარი ქეთევანისა და ძმა კოსტანტინესი, ამ უკანასკნელმა უწყალოდ მოკლა თავისი მოხუცებული მამა ალექსანდრე და მეორე თავისი ძმა და განიზრახა კახეთის დაპყრობა; კიდევაც დაიპყრობდა უსათუოდ, რომ ქეთევანს მამაცურად არ გამოეჩინა წინააღმდეგობა, არ მოეკლა იგი ბრძოლაში[2] და არ დაემარცხებინა იგი მრავალ სპარსელებით, რომელნიც მას ეხმარებოდნენ. აი, ამისათვის ქეთევან ყოველთვის ძლიერ უყვარდა მის ხალხს და პატივცემული იყო მისგან. სპარსეტის ხელმწიფემ, ვამბობ მე, დაამდურა ქეთევან თავის შვილს. მან ჩააგონა თეიმურაზს რომ დედას მისას განზრახვად აქვსო რომ ქმრად შეირთოსო ერთი გამოჩენილი სარდალი, რომლის ვაჟკაცობით და სახელმწიფო საქმეების ცოდნით იმან ბევრი ისარგებლაო. ამ შემთხვევაში ის ეცდებაო, რომ მას უწინააღმდეგოსო იმისათვის, რომ სახელმწიფო მოუმზადოსო სხვა შვილებს, რომელნიც ეყოლებაო მეორე ქმრის ხელშიო. ამითი მოტყუებულმა თეიმურაზმა მოაკვლევინა ეს სარდალი, რომელიც იყო საუკეთესო თავი ამ ქვეყნისა; მმართველობა გამოგლიჯა ხელიდგან თავის დედას, მაგრამ რადგანაც იყო ჯერ ძლიერ ყმაწვილი, მცირე გამოცდილებისა და აკლდა პატივისცემა თავის თავად-აზნაურებისაგან, ის დარჩა ხიფათში გამბული. ამასთანავე სპარსეთის ხელმწიფე მუდამ აჩხუბებდა მას თავის თავად-აზნაურებთან, რომელთა წინაშე იგი აძაგებდა თეიმურაზს, როგორც თითქმის ბავშვს. თავად-აზნაუირებს, რომელნიც მივიდოდნენ იმ დროის სპარსეთში, ხელმწიფე პატივს ჰსცემდა, დიდის სიყვარულით ეალერსებოდა და აძლევდა ძვირფას საჩუქრებს. სარწმუნოების მხრით იგი ყველას უთავსებოდა თითოეულის სიამოვნების და-გვარად. ამ გვარმა სპარსეთის ხელმწიფის მათთან მოქცევამ მათ დაუკარგა თავის ბუნებითის მეფისადმი სიყვარული და მაგივრად შეაყვარა მათ ეს ხელმწიფე, რომელიც ჰსურდათ ჰყოლოდათ ბატონათ, რადგანაც ჰფიქრობდნენ რომ ის მოუტანდა მათ უმაღლეს ბედნიერებას.


  1. ეს იყო კოსტანტინე III, რომელმაც მოჰკლა თავისი მამა ალექსანდრე II და ძმა გიორგი.
  2. ეს ამბავი, ვითამ ქეთევანს თვითონ მოეკლას კოსტანტინე ბრძოლაში, არ ეთანხმება ქართლის ცხოვრებას.

[შაჰ-აბასის პირველი ლაშქრობა საქართველოში][edit]

რამოდენიმე ხანი ეგრე იმოქმედა სპარსეთის ხელმწიფემ და შემდეგ, თუ არ ვსცდები, 1613 წელსა[1], უცებ წარემართა უმძლავრესის ჯარითა საქართველოზედ. მიზეზად ის აიღო, რომ თეიმურაზმა წაიყვანა ცოლათო, მის ნება დაურთველად, ლუარსაბის და, ხოროშანიო, რომელიც მას ჰყავდა წინედ შეპირებული[2]. როცა დაუახლოვდა მათის ქვეყნების სამზღვრებს, მან დაიბარა ორივე, თეიმურაზ და ლუარსაბ, რომ მოსულიყვნენ მის ბანაკში, პასუხი ეგოთ ამისთანა მოქმედებისათვის, მოეყვანათ მისთვის ცოლი, რომელიც ყოველ შემთხვევაში მას თავისთვის უნდოდა. თხოულობდა, რომ იმ ქალის და თეიმურაზის ცოლ-ქმრობა დარღვეულიყო, თუმცა ეს ცოლქმრობა დიდი ხნის წინედ მოხდა, თითქოს ქრისტიანებში შესაძლო ყოფილიყოს ის, რაც მათში, მაჰმადიანებში, ადვილად მოხდებოდა ხოლმე. საქართველოს მეფეებს სწორედ თავ-ზარი დაეცათ, რადგანაც იგინი მოუმზადებელნი იყვნენ და ამ დროს სულ სხვაზე ჰფიქრობდნენ. ყველაზე უარესი ის იყო, რომ მათ მრავალმა თავად-აზნაურებმა უღალატეს, რომელთაც თავისის ნდომით და სურვილით მისცეს გზა ხელმწიფეს და შეიყვანეს იგი შიგ ქვეყანაში. იქნება უამისოდ, გზების და ადგილ-მდებარეობის სიმაგრის გამო, ის ვერას დროს ვერ შესულიყო იქ. ამიტომაც მეფეები დაიბნენ და არ იცოდნენ რა ექნათ.


  1. შაჰაბაზ პირველად შემოვიდა საქართველოში 1615 წ.
  2. ამ გარემოებაზე სრულებით არაფერს ამბობს ქართლის ცხოვრება. პირიქით, ქართლის ცხოვრება ამბობს, რომ შაჰაბაზს წინედ ჰყავდა შერთული ცოლად ლუარსაბის ერთი და, თინათინ. მეორე და, ხვარაშან, შეირთო თეიმურაზმა თვითონ შაჰაბაზის რჩევით; ლუარსაბ უარს ეუბნებოდა თეიმურაზს, რადგანაც ეს ნათესავი იყო მისი, მაგრამ ბოლოს შაჰაბაზის ბრძანებით მას უნდა მიეცა თავისი და ცოლად თეიმურაზისთვის. მიზეზი შაჰაბაზის შემოსვლისა საქართველოში, როგორც ამბობა ქართლის ცხოვრება, იყო კოსტანტინეს მოკვლა

[ლუარსაბ მეფის დატყვევება და სიკვდილი][edit]

ლუარსაბმა, რომელიც იყო უფრო უზაკველი, გადასწყვიტა დამორჩილებულიყო, წავიდა დაბარებისა-მებრ ხელმწიფესთან და მიეცა მას. ხელმწიფემ გაგზავნა ის ესტერაბადში, რომელიც არის ყასპიის ზღვაზე საქართველოზე კარგად დაშორებული. ამ ქვეყანაში ლუარსაბი იყო რამოდენიმე ხანი იქაური ხანის ზედამხედველობის ქვეშ. მას ეპყრობოდნენ პატივისცემით და ეძლეოდა თავისუფლება რომ ეარა სადაც უნდოდა. ის იყო უფრო დაკავებულსავით ვიდრე ტყვეთ. მის ქვეყანაში, რომელშიაც ხელმწიფე არ შესულა და რომლისათვისაც არაფერი არ უვნია, იმან გაგზავნა მმართველად ვიღაც რაირეი ან ბაგრატ მირზა. ეს ბაგრატი იყო ლუარსაბის გვარისა, მისი ბიძა, თუ ბიძაშვილი[1], მაგრამ თავის სარწმუნოებას უარ ჰყო სპარსეთში და დიდის ხნის წინედ გაჰხდა მაჰმადიანი. ჩემ დროს იქ ჰფლობდა ამისი შვილი[2], ეგრეთვე მაჰმადიანი, რომელიც დაბადებიდგანვე ამ სარწმუნოებისა იყო. ის სრულ მეფეს კი არ წარმოადგენდა, არამედ იყო, როგორც სხვა ხანები, სპარსეთის ხელმწიფის დამოკიდებულებაში, მორჩილებაში და თითქმის მის მონატაც. მართალია, რომ უმეტეს ნაწილად მის ჯარში სარდლები ქრისტიანები იყვნენ, რომელთა შორის ზოგიერთებს მე ვიცნობ, და ეგრეთვე ხალხის უმეტესი ნაწილიც ქრისტიანია. ამ მიზეზის გამოც ხელმწიფემ გადაიყვანა ლუარსაბ ესტერაბადიდგან სადაც ამ უკანასკნელმა გაატარა რამოდენიმე წელიწადი იმ მდგომარეობაში, რომელზედაც მე ზემოთ ვლაპარაკობდი, ფარსის თემში, ან ფარსისტანში, ესე იგი, საკუთრად წოდებულ სპარსეთში. ეს ძლიერ შორს არის საქართველოზე. ხელმწიფეს ამით უნდოდა, რომ ლუარსაბ უფრო მტკიცედ ჩაეგდო ხელში. ამ ქვეყანაში ლუარსაბ რამოდენიმე ხანი დამწყვდეული იყო ძლიერ შევიწროებულად ციხეში, რომელიც დედაქალაქის შირაზის სიახლოვეს არის. ბოლოს, 1621 წელს დაახლოვებით, როცა მის თანა მემამულეებს უფრო იმედი ჰქონდათ მისის განთავისუფლებისა, როცა მათ იმედი ჰქონდათ, რომ ხელმწიფე ერთს დღეს ნახავსო ლუარსაბს და შეიწყალებსო, საქმით სულ წინააღმდეგი მოხდა. თურმე ხელმწიფე იყო ჩაგონებული ერთის გამოჩენილ და ძლიერის ქართველ მოურავისაგან, რომელიც გამწყრალი იყო ლუარსაბზე, იმიტომ რომ წინედ იგი შეჰპირდა მისის დის ცოლად წაყვანას და მგონია კიდევაც დაიწერა ჯვარი, მაგრამ შემდეგ უარჰყო და ეს ქალი აღარ ინდომა. ამის გამო ის მტრად გაუხდა ლუარსაბს და მთელს საქართველოს და იყო მიზეზი იმ უბედურებისა, რომელზედაც ეხლა მე ვამბობ. ამასტანავე მან დიდი გავლენა შეიძინა სპარსეთის ხელმწიფის წინაშე. სპარსეთის ხელმწიფეს, ვამბობ მე, ამიგან ჰქონდა ჩაგონებული ის აზრი, რომ ლუარსაბის ქვეყანა არ იქნებოდა მის ფლობელობაში წყნარად და მოსვენებულად, სანამ თვითონ ლუარსაბი ცოცხალი იქნებოდა, რადგანაც ხალხს უყვარსო ეს თავისი მეფეო და ყოველთვის იმედი ექმნებაო, სინამ ის ცოცხალი იქნებაო, რომ ერთ დროს იგი ხრლახლავ თავის მეფედ იყოლიოსო; ხალხის გული და სული მუდამ მისკენ არისო. ამით იყო შეშინებული, თუ იმ შეთქმულობით, რომელიც ვითამ იმ დროს სხვა ქართველებს ჰქონდათ იმის მოსაკლავად, ხელმწიფემ გადაჰსწყვიტა მოესპო მათთვის ეს მიზეზი, რომელსაც შეეძლო სხომის წაექეზებინა იგინი ამისთანა მოქნედებებზე. მან მშვილდის ბაწრით წაახრჩობინა საწყალობელი ლუარსაბ თვით იმ ციხეში, რომელშიაც ის ტყვეთ იყო[3].


  1. აქ არის ლაპარაკი ბაგრატ მეექვსეზე, რომელიც ლუარსაბის მამის გიორგი მეთერთმეტის ბიძაშვილი იყო
  2. სვიმონ II, რომელმაც იმეფა 1619-1629 წ.
  3. ქართლის ცხოვრების სიტყვით ეს მოხდა 1622 წ.

[თეიმურაზი და შაჰ-აბასი][edit]

თეიმურაზი უფრო ფრთხილად იყო. ის არას გზით არ დაენდო ხელმწიფეს. როცა ამან დაიბარა, იგი არ წავიდა; ბოდიში მოითხოვა და შეუთვალა, რომ ვერ გიახლებიო, რადგან მეშინიან თქვენის რისხვისაო მას აქეთ, რაც თქვენ ფიქრობთო, რომ ვითომ მე შეურაცხება მოგაყენეთო; ვერც ჩემს ცოლს გაახლებთო, რადგანაც შეუძლებელია ქრისტიანებშიო, რომ დაიშალოსო ცოლ-ქმრობა; გარდა ამისა არც ჩემი ღირსება მაძლევსო ნებას, რომ ჩემი საკუთარი ცოლი სხვას მივსცეო. მაგრამ რომ დაინახოთო რა პატივის-მცემელი ვარ თქვენიო, გიგზავნითო (მართლაც გაუგზავნა) ჩემს საკუთარ დედასო, ორს ჩემს ახალ-გაზდა და გაუთხოვარ დებსო და პატარა ბავშვებს, რომელიც ჩემი ცოლის ხელში მეყოლაო. ეგრე მოიქცა თეიმურაზ იმ იმედით, რომ მის დედას ქეთევან დედოფალს, როგორც ძლიერ ჭკვიან ადამიანს და რამოდენიმე-ჯერ სპარსეთში ნამყოფს, ხელმწიფის ხასიათის მცოდნეს, შეეძლო მისი დამშვიდება და შერიგების მოთხოვნა. მაგრამ ყოველიფერი ამაოდ დარჩა. ხელმწიფე ულმობელად დარჩა და, თითქოს ძლიერ შეყვარებული ყოფილიყოს, დაჟინებულად თხოულობდა ხვარაშან დედოფალს, თუმცა კი იცოდა რომ ეს ურცხვი მოთხოვნილება იყო, და თეიმურაზს დათმობა ამაში არც შეეძლო არასოდეს და არც ისურვებდა. ამასთანავე ამბობდა, რომ თეიმურაზ თვითონ მოვიდესო და დამიმორჩილდესო. რადგანაც ეს არ მივიდა, ხელმწიფემ დააკავა ქეთევან დედოფალი და არამც თუ აღარ გაუშვა უკან, არამედ გაგზავნა იგი თავის შვილის-შვილებით შირაზში, სადაც ჩემ დროს მას პატივის-ცემით ეპყრობოდნენ. სპარსეთის ხელმწიფემ კი განაგრძო მსვლელობა საქართველოსკენ, ე.ი. კახეთისაკენ, რომელიც თეიმურაზის ბრძანებლობის ქვეშ იყო. მას მიუძღოდნენ მრავალნი თავად-აზნაურები, რომელთაც უღალატეს თავის მეფეს და დაიჭირეს სპარსეთის ხელმწიფის მხარე, რადგანაც ბევრს რასმე მოელოდნენ ამისაგან. ამათ ცვენეს მას გზები საქართველოში შესასვლელათ და გაუადვილეს საშიშ ადგილებზე მსვლელობა.

[კახეთის აოხრება][edit]

თეიმურაზ მოულოდნელად დიდ გასაჭირში დარჩა: მას არ ჰყავდა იმისთანა ჯარი, რომელსაც შესძლებოდეს სპარსელებისათვის წინააღმდეგობის გაწევა, არც დრო ჰქონდა ერთად შეეყარა თავისი ჯარები; თავისიანების ნდობა აღარ ჰქონდა და ამისი საფუძველიც ჰქონდა. სხვა სახსარი აღარ იყო: ამ მდგომარეობაში მას მხოლოდ გაქცევა უშველიდა. მართლაც, იგი ცოლით და რამოდენიმე ერთგულ კაცებით, რომელნიც მას გაჰყვნენ, გადავიდა უფრო შიგნით მდებარე და უფრო მაგარს ქვეყანაში, იმერეთში; ჯერ იქაურ მეფესთან და მერმე ოდიშის ანუ დადიანის მთავართან შეიფარა თავი. მრავალნი თავად-აზნაურნი, რომელთაც გულში ჩაუვარდათ ამაო იმედი, მიეცნენ თავისის ნებით სპარსეთის ხელმწიფეს; უარესი კიდევ ის იყო, რომ მათ უღალატეს რა თავის სარწმუნოებას, ჩადგნენ სპარსეთის ჯარში. სხვები, რომელთაც არ უნდოდათ იგივე ექმნათ, ძალით იყვნენ დამორჩილებულნი. მთელი ხალხი კი, უთვალავის რიცხვით, დარჩა მძლეველის ხელში გასაოხრებლად. როცა სპარსეთის ხელმწიფე შევიდა საქართველოსი, ნახა ადგილების სიმაგრე და დაფიქრდა, თუ რა შეეძლოთ ქართველებს, რომ იგინი ერთობით ყოფილიყვნენ, დარჩომილიყვნენ თავიანთ სახლებში და ჰქონოდათ რიგიანი ნართებლობა,- ის არამც თუ აღარ ეცადა ამ ქვეყნის ხელში ჩაგდება - იცოდა, რომ ვერას გზით ვერ ჩაიგდებდა - არამედ მოუთმენლად ისწრაფა იქიდგან გამოსვლა და უსაშიშო ადგილზედ დაბანაკება. მაგრამ თუ ხელში ჩაგდება ქვეყნისა არ შეეძლო, არც ეგრე ხელიდგან გაშვება უნდოდა ამ მშვენიერის ნადავლისა, რომელმაც შექმნა ამოდენა ხალხი; იქნება ეს ხალხი უფრო ბევრად ჰღირდა, ვიდრე თვით ქვეყანა. აი ამიტომ მან მსწრაფლად მოაცილა მთელი ხალხი თავის სახლ-კარს და ძალით წაიყვანა თან. ადვილად წარმოსადგენია რა არეულობა იქმნებოდა მთელ ქვეყნის ხალხის გადასახლების დროს[1]. ამათ შორის იყვნენ მამა-კაცები და დედა-კაცებიც, თავად-აზნაურები და გლეხებიც, დიდები და პატარებიც; ყოველ წლოვანებისა, ყოველ წოდებისა და ყოველ მდგომარეობისა. ესენი თავიანთ ხიბაკით, რამოდენის წამოღებაც შეეძლოთ, დააყენეს ჯარის წინ და სიჩქარით წაიყვანეს სპარსეთისაკენ, სადაც მშვიდობით მიიყვანეს. აქ იმათ მიუჩინეს ის ადგილები, რომელნიც ძლიერ დაშორებულნი იყვნენ საქართველოზედ და რომელთაც უფრო ეჭირვებოდათ დასახლება. აი, საიდგან არის ის, რომ დღეს საკუთრად თქმული სპარსეთი, მაგალითად კირმანი ან კარმანია, მაზანდერანი ყასპის ზღვის ნაპირზე და სპარსეთის სახელმწიფოის სხვა ადგილები სავსენი არიან ქართველებით და ჩერქეზებით. უკანასკნელნი რამოდენიმე ხნის წინ გადმოვიდნენ თეიმურაზის სამეფოში, თავის ქვეყნის სიახლოვედ და დაესახლენ ქართველებთან, რომელთანაც იგინი დანათესავდნენ და სრულებით შეერთდნენ, და როგორც ქართველები, იგინი მეფის ქვეშევრდომნი გახდნენ. მაგრამ ზემოხსენებულ არეულობის დროს, როგორც ვსთქვი, იგინიც წაიყვანეს სპარსეთში და დაასახლეს სხვა-და-სხვა მხარეებში. დღეს იგინი თავისუფლად ჰსცხოვრობენ სპარსეთის ქვეყნებში, როგორც სხვა ქვეშევრდომები სპარსეთისა. უმეტეს ნაწილად იგინი არიან ფარსისტანში და მაზენდარანში და უჭირავთ არამც თუ ქალაქები და მაზრები, არამედ მთელი ქვეყნებიჩ, რომელშიაც მათ გარდა ვერავის ვერ შეხვდებით. თავს იგინი ირჩენენ იმ მიწებით, რომელნიც დაუნიშნა მათ სპარსეთის ხელმწიფემ და რომელთაც იგინი ამუშავებენ. ამ მიწებისთვის იგინი იხდიან, როგორც სხვა მაჰმადიანები, მცირე ღალას.

უმეტესი ნაწილი ამ ხალხებისა არიან ქრიატიანები და ქრისტიანებათ დარჩნენ ჩვენს დრომდი, მაგრამ აგერ-ახლა ისინი თითქმის არაფერს არ ემსახურებიან. იქნება ამის მიზეზი ის იყოს, რომ მათ არ ჰყავთ მღვდლები და უფროსები, რომელთაც მათი სწავლება შეეძლოსთ; რაც არიან, ისინი არ ჰკმარიან ამდენის ხალხისთვის, რომელიც მასთანვე ამდენ სხვა-და-სხვა ადგილებზე გაფანტულია; ან იქნება ამის მიზეზი იყოს მათი უგუნურება. თავად-აზნაურებმა, რომელნიც არ არიან დაჩვეულნი მოთმინებას, მხედრობის უმეტესმა ნაწილმა და ბევრმა ხალხთაგანმაც მიიღეს მაჰმადიანობა, ზოგმა პატივის მოყვარეობის გამო და ზოგმა სიხარბის გამო, რადგანაც რჯულის გამოცვლისათვის მოელიან რამე საჩუქარს ხელმწიფისაგან, რომელიც ამ შემთხვევაში ძლიერ გამცემია და თავის რჯულისკენ სხვების მიზიდვისათვის ყოველთვის უხვად ჰხარჯავს. ზოგიერთები კი იძულებულნი არიან მაჰმადიანობა მიიღონ, რომ შიმშილით არ მოკვდნენ. ეს ამბავი ყოველ დღე ჰხდება მათ შორის და ამისთანა მაჰმადიანებით ხელმწიფის ჯარი გავსებულია. მათი რიცხვი თან-და-თან მატულობს შაჰაბაზის მოხერხებულობით, რომელსაც ყოველთვის მიზნად ჰქონდა, რომ ამისთანა უცხოეთელ მომხრეების შემწეობით, რომელთაც იგი მონებს უწოდებდა, დაემდაბლებინა ამაყი ყიზილბაშები და აედვა ამათთვის ლაგამი. ამ გვარად დღეს ხელმწიფის მხედრობაში ოც-და-ათი-ათასზე მეტი ქართველია, რამდენიმე ჩერქეზი და ცოტაოდენი სომეხი. უკანასკნელებსაც თავისი რჯული მიტოვებული აქვსთ. ისინი ჩარეულნი არიან პირველთ შორის და ითვლებიან ეგრეთვე უცხო-ქვეყნელებად და მონებად. ზოგიერთ მათგანს წირავსთ გამოჩენილი ადგილები როგორც მხედრობაში, ისე ქვეყნის პოლიტიკურ მმართველობაში და შეიქმნენ კიდევაც სულთნებათ, ხანებათ და სხვა წარჩინებულ პირებათ.

გარდა ზემოხსენებულ ქართველებისა, რომელნიც სპარსეთში ჰსცხოვრობენ თავისუფლად, არიან მრავალნი იმისთანანი, რომელნიც მონად ჩაუვარდნენ სპარსელებს იმარეულობის დროს, რომელიც მოხდა სპარსეთის ხელმწიფის შემოსვლისა და მცხოვრებთა სამშობლოდან ძალ-დატანებით გარდასახლების თაობაზედ. ამათი რიცხვი ისე დიდი იყო, რომ დღეს არ იპოვება არც ერთი სახლი მთელს სპარსეთში, რომელიც სავსე არ იყოს ამისთანა ქართველებით, მამა-კაცებით და დედა-კაცებითაც. იქ არ არის იმისთანა დიდ-კაცი, რომელსაც არ ჰსურდეს, რომ ყველა მისი ქალები ქართველები იყვნენ, იმიტომ რომ ესენი მშვენიერები არიან. თვით ხელმწიფეს გავსებული აქვს თავისი სასახლე მათის კაცებით და ქალებით და სხვებს თითქმის არ იმსახურებს. მაგრამ ამ უბედურებმა, რომელნიც მონად არიან ცავარდნილნი, ყველამ,- თუ სიყვარულის, თუ ძალადობის გამო,- მიატოვეს თავისი რჯული, ან და გარეგნად მაინც აჩვენებენ, ვითომ და მივატოვეთო. მე ბევრს ვიცნობდი იმისთანებს, რომელნიც მალვიდ ინახვიდნენ თავის სარწმუნოებას. ისინი მოტყუებულნი იყვნენ იმ ცრუ, მაგრამ ძლიერ გავრცელებულ აზრით, რომ ჭმერთის წინაშე ესეც კმარაო.

რა მდგომარეობა მოჰყვა ამ საზარელ გადასახლებას, რა წყვეტა-ჟლეტა, რამდენი სიკვდილი ნამდვილ გაჭირვებისაგან, რა გლეჯა, რა გახრწნა, რა ძალ-დატანება, რამდენი ჩვილი ყმაწვილები თავიანთ მამებმა დაახჩვეს ან წყალში ჩააგდეს სასო-წარკვეთილებისაგან! რამდენი სხვა მოჰკლეს სპარსელ ჯარის-კაცებმა იმიტომ რომ სასიცოცხლო არ იყვნენ! რამდენი ზალად მოჰგლიჯეს დედის ძუძუს და დააგდეს შარაზე მხეცების საჭმელად ან მხედრობის ცხენებისა და აქლემების სასრესად! მხედრებს არა ერთხელ უვლიათ ლეშებზედ. რამდენჯერ მამა შვილს, ქმარი - ცოლს, ძმა - დას მოაშორეს და წაიყვანეს სხვა-და-სხვა შორ ქვეყნებში, ისე რომ დაშორებულებს იმედიც არ შერჩენიათ როდისმე ერთმანეთის შეხვედრისა! ამ შემთხვევაში რამდენი ქალი და კაცი იყიდებოდა ყველგან პირუტყვზედ უფრო იაფად! რამდენი ამისთანები სხვა მოხდა, ღირსი შებრალებისა, მაგრამ ყველას ვინ მოსთვლის.

ვიტყვი მხოლოდ, რომ თეიმურაზ რო წავიდა თავის ქვეყნიდგან, რამოდენიმე დღე იარა სხვა-და-სხვა ქართველ მთავრების ქვეყნებში და ბოლოს კი თავი შეიფარა თურქების ქვეყანაში, სადაც ამ უკანასკნელ წლების განმავლობაში ჰსცხოვრებდა. თუ მართალი მითხრეს მე, თურქებს მისთვის მიუციათ ქალაქი გონია და სხვა ადგილებიც კაპადოკიისა, სადაც უმეტეს ნაწილად სახლობენ ქრისტიანე ბერძნები; აქ ჰსცხოვრებდაო და თავს ირჩენდაო თეიმურაზ. იგი ჰსცდილობდა და მუდამ ჰსცდილობს შური უგოს შაჰაბაზს. მისის მუდამ თხოვნის გამო მოხდა ის, რომ 1618 წელსა თურქების და თათრების შველებელი ჯარი, რომელზედაც უდიდესი სპარსეთში არას დროს არ მისულა, შევიდა შიგ სპარსეთში, თითქმის არდებილამდი. რადგანაც ეს ქალაქი წარმოადგენდა სპარსელების წმინდა ადგილს, სადაც სპარსეთის აწინდელ ხელმწიფის გვარისშვილები იმარხებოდნენ, ამიტომ თეიმურაზს, რომელიც თან მიჰყვებოდა ჯარს, ძლიერ ჰსურდა მისი დანგრევა, სამაგიეროდ იმისა, რომ საქართველოში საქრისტიანო ეკკლესიები დაანგრიეს სპარსელებმა. ამ ომიანობის დროს, რომელზედაც უფრო საშიშო შაჰაბაზს თავის დღეში არ შეხვედრია, მე ვიყავი იმასთან და ვნახე ყოველიფერი, მაგრამ ბოლოს თურქებმა, რომელთაც ბევრი რამ შეეძლოთ, არ ვიცი რა უგუნურების გამო, რამოდენიმე წლის წინედ დადგენილ ჩვეულებისამებრ, არა გააკეთეს რა და ისე დაბრუნდნენ თითქო მტერს გამოექცნენო. მათ შეეშინდათ დახოცილთა სიმრავლისა მათის მხრით. ნამდვილი მიზეზი ამისთანა ყოფა-ქცევისა არის ის, რომ მათ, როგორც ეხლა ეტყობა, დაჰკარგეს ძველებური სათნოება და ძველებური კარგი მართებლობა. სპარსეთის ხელმწიფე ამის გამო დაბრუნდა სასახლეში, როგორც გამარჯვებული. თეიმურაზ კი წავიდა იმ მხარეში, რომელიც მის გამგეობის ქვეშ იყო. იგი არავითარ მოძრაობას აღარ ახდენს. როგორც მგონია მე, ის ელის უკეთეს დროს და უკეთეს შემთხვევას, თუ სხვაფრივ არა, ეს შემთხვევა უსათუოდ მიეცემა მას შაჰ-აბაზის სიკვდილის გამო, რომელიც ბევრად უფრო მოხუცებულია მაზედ. ამ შემთხვევაში ის გარემოებაც დაეხმარება, რომ სპარსეთში მყოფნი და თავის რჯულის უარმყოფელნი ქართველები უკმაყოფილონი არიან ხელმწიფისა. თვით იმ თავად-აზნაურებმაც, რომელნიც შეაცდინეს და აღალატებინეს თეიმურაზისთვის და რომელთაც ჰსურდათ სპარსეთის ხელმწიფე ჰყოლოდათ თავის ბატონად, ვერ ჰპოვეს ის, რაც ჰსურდათ. ხელმწიფემ მათ არ მისცა, რასაც ესენი მოელოდნენ; მან ის პატივი არ ჰსცა და არც ჰსცემს მათ სპარსეთში, რა პატივსაც იგი უწინ ჰსცემდა, როცა იგინი ჯერ მისი ქვეშევრდომები არ იყვნენ. სესახებ რჯულისაც, მათის მოლოდინების წინააღმდეგ, ძალას ატანდა მათ, თუ შეიძლება ეგრე ითქვას, რადგანაც არავის მათგანს არ იღებდა თავის სამსახურში, არც-ერთ მათგანს, არც აზნაურს, არც ჯარის-კაცს ცხოვრების სახსარს არასოდეს არ აძლევდა, თუ იგინი მაჰმადიანობას არ მიიღებდნენ. ამიტომაც თითქმის ყველანი გაჯავრებულნი არიან და ნანობენ რაც უქნიათ; ასე რომ იგინი ხმა-მაღლა აღიარებენ, რომ მოტყუებულნი დავრჩითო და ხელახლად დასაწყები რომ იყოსო ჩვენი მოქმედებაო, სხვა გვარად მოვიქცეოდითო. ეხლანდელ მდგომარეობის დაცვა მხოლოდ შაჰაბაზს შეუძლიან თავის სიცოცხლეში, რადგანაც ის გონიერი კაცია და მისი ყველას ეშინიან. იმის სიკვდილის შემდეგ კი,-მეტადრე თუ იგი მოკვდა, როგორც ადვილი შესაძლებელია, იმ ქართველთა სიცოცხლის დროს, რომელთაც ახსოვთ თავისი სამშობლო და დაესწრენ მის დანგრევაზე,- თეიმურაზ უსათუოდ მოახდენს დიდს მოძრაობას სპარსეთში და ქართველები დიდ ომს გასწევენ ამ სახელმწიფოის დასაპყრობლად, თუ კი საერთოდ იმოქმედებენ და ეყოლებათ მოთავეც; მაგრამ ამაში კი ეჭვი მაქვს, რადგანაც ვიცი მათი ბუნებითი თავ-ქარიანობა. მე სხვაგან მითქვამს, რომ სპარსეთის ხელმწიფის დამარხვა ისე არ ჩაივლის, რომ ხმალი არ იხმარონ და რამე არეულობა არ მოხდეს მეთქი. შესაძლებელია, რომ ამ შემთხვევაში ლუარსაბის სამეფო ისევ რომელსამე ქრისტიანს მეფეს დაუბრუნდეს; იქნება თვითონ ახლანდელმა მეფემ მიატოვოს მაჰმადიანობა, ან და იქნება სხვა ქრისტიანი მეფე შემოვიდეს ამ ქვეყანაში და ეს მაჰმადიანი მეფე გადააყენოს ქრისტიან ქვეშევრდომების შემწეობით, როგორც ხშირად მომხდარა საქართველოში ამისთანა არეულობის დროს.


  1. წარსულ საუკუნის ისტორიკოსი ფარსადან გორგი-ჯანიძე ამბობს, რომ შაჰაბაზმა ამ დროს გადაასახლაო 80 000 კაცი.

[ქეთევან დედოფალის წამება][edit]

თეიმურაზის დედა ქეთევან დედოფალი, როგორც ვსთქვი, წაყვანილი იყო თავის პატარა შვილის-შვილებით შირაზში, სადაც ჩემს დროს მას კარგად ეპყრობოდნენ. მღელის თავის სახლით (მას ჰყავდა მრავალი მოსამსახურე ქალი თუ კაცი) დიდის სიმტკიცით ადგა ქრისტეს სარწმუნოებას, რომელსაც ასრულებდა, რამდენადაც იცოდა და შეეძლო, დიდის გულ-მოდგინებით; ძვირფასს საეკკლესიო ნივთებს, წიგნებს და სამოსლებს დიდის თაყვანის-ცემით ინახავდა. მაგრამ იმ დროს მას არა ჰყავდა არც-ერთი თავისიანი მღვდელ-მთავარნი წირვა-ლოცვის შემსრულებელი. ერთი კი ჰყავდა წინედ, რომელიც, ვფიქრობ, იყო რაღაც საეკკლესიო თანამდებობისა; მაგრამ რადგანაც ის იყო ძლიერ კეთილი ქრისტიანე და მაჰმადიანებს ეგონათ, რომ ის იმაგრებსო დედოფალს და რა კი მოშორდება დედოფალიც გადუდგება თავის სარწმუნოებასაო, და ამისათვის მას შესწამეს, არ ვიცი, რაღაც დიდი დანაშაულობა და მოკლეს. ის მოკვდა ცეცხლზედ დამწვარი შირაზში თავ-დადებული სარწმუნოებისათვის და აღსავსე დიდის მოთმინებითა. მეორე მღვდელთაგანი, რომელიც ქეთევან დედოფალს თან ჰყავდა, როცა მე იქ ჩავიარე, იყო ვითარცა მოურავი; განაგებდა მთელს მის სახლს და უფრო კარის-კაცათ ჩაითვლებოდა, ვიდრე სხვა რამეთ; უცოდინარობისა, თუ სხვა რამე მიზეზის გამი, არ ვიცი, ის არასოდეს არ ჰსწირავდა. გარდა ამისა ჰყავდა კიდევ ერთი ბერი, მაგრამ წმინდად ჩურჩუტი, და ერთი ერის კაცი, რომელიც ამისთანებში ვერაფრით გამოადგებოდა.

მე ვფიქრობ რომ მას აქეთ, რაც ჩვენს პატრებს კარმელიტანელ ფეხ-შიშველებს და ეგრეთვე ავგუსტინიანებს აქვსთ შირაზში დგომა და ეკკლესია, ისინი არ დააკლებდნენ იმას ნუგეშს და გაამხნევებდნენ ყოვლის გვარის სულიერ შემწეობით. მე გავიგონე ეგრეთვე, რომ დედოფალს, არასოდეს, ვიდრე ცოცხალი იყო, არ დაუკლია მათთვის უხვი საწირავები და სხვა გვარი შემწეობაც. მე ვამბობ ვიდრე ცოცხალი იყო მეთქი, იმიტომ რომ რამდენიმე თვის წინედ ინდოეთიდგან დაბრუნებული ბაზორაში რო ჩაველ, იქ მე შევიტყე შემდეგი ამბავი. 22[1] სეკტემბერს 1624 წელსა ქეთევან დედოფალი სპარსეთის ხელმწიფის ბრძანებისამებრ დიდის წვალებით მოუკლავსთ, ქრისტეს რჯულზე სიმტკიცით დგომისათვის, იმავე ქალაქს შირაზში, სადაც ამდენი ხანი დაკავებული იყო. არ ვიცი რა მოქმედებას თხოულობდნენ მიგან. სიკვდილს შეხვდა იგი მხნედ, ვითარცა უდიდებულესი მოწამე. ამ ცნობების საფუძვლად მე ვასახელებ ღირსის პატრი ფრა გრეგორი-ორსინო დომინიკანელის მოხსენებებსა. იგი იყო სამხრეთის მთავარი ვიკარი და თავის მოგზაურობის დროს გადასულიყო სპარსეთში, სადაც ცოტა ხნის წინედ ეს შემთხვევა მომხდარიყო. ბაზორაში მას შევხვდი მე, და პირველად მან მიამბო მე ეს ამბავი. გარდა ამისა მან ამის შესახებ რომში მიიტანა ვრცელი მოხსენება.

თუმცა პატარა შვილის-შვილები ზემოხსენებულის დედოფლისა, რომელთაც ჰქვიათ, თუ კარგად მახსოვს, ერთს ლევან და მეორეს ალექსანდრე, იყვნენ იმავე ქალაქს შირაზში, მაგრამ მაჰმადიანები იმათ არასოდეს ანახვებდნენ დედოფალს, რადგან ხელმწიფეს ჰქონდა განზრახვა აღეზარდა იგინი და რათა დედოფალს ამ უღვთო რჯულის სიყვარული არ გაექარვებინა მათში და სხვა გზაზე არ დაეყენებინა იგინი. იმავე წელს, როცა ლუარსაბ მოჰკლეს საპყრობილეში, ხელმწიფემ გამოიჩინა უშველებელი უწყალოება და ორივე იგინი გახადა საჭურისებად; ამ გზით უნდოდა, რომ იგინი უფრო საიმედოდ ჰყოლოდა ხელში და სრულებით მოესპო მათთვის შთამომავლობის იმედი და მასთანავე ყოველი განზრახვა და ყოველი სურვილი (რომელიც შეიძლებოდა მოსვლოდათ მათ შემდეგ) სამშობლო სახელმწიფოში დაბრუნებისა.

მათმა ბებიამ ეს არ იცოდა ჩემს დროს. მას ეს ამბავი არ თხრეს, რომ მითი მეტად არ შეეწუხებიათ, და როცა მე ვიყავი შირაზში და შემიხვდა მასთან მისვლა ყველაზე პირველად მისიანებმა იმაზე გამაფრთხილეს, რომ მე არ მეთქვა მისთვის ამისთანა ცუდი ამბავი. თეიმურაზს კიდევ ჰყავდა მეორე ცოლის ხელში სხვა შვილები ვაჟებიც და ქალებიც. ალბათ ღმერთს არ უნდოდა რომ მისი გვარი სრულებით ამოვარდნილიყო.

თუ მართალია ის ამბავი, რომელიც ხმამ გაავრცელა ალეპოში, როცა რამოდენიმე თვის წინად მე იქ მგზავრად გავიარე, თეიმურაზ წასულა ბოლოს თურქების ქვეყნიდგან, რომელთაც როგორც მაჰმადიანებმა მოინდომეს მისი გადაბირება, და შეუფარებია თავი მოსკოვში[2], რომლის მთავარი ქრისტიანია ეგრეთვე და, როგორც ის, ბერძნის ტიბიკონისაა. თეიმურაზი ბევრს ეცადა, მაგრამ ამაოდ, გამოეხსნა თავისი დედა ამ მთავრის შემწეობით, რომელიც იყო მეგობარი სპარსეთის ხელმწიფისა და რომელიც ხშირად უგზავნიდა ამ უკანასკნელს დესპანებს.

ზოგიერთები ჰფიქრობენ, იქნება არც უსაფუძვლოდ, რომ ამ გარემოებამ მოაკვლევინაო სპარსეთის ხელმწიფეს ქეთევან დედოფალი, რადგანაც მისი გაშვება არ უნდოდაო, და არ გაეშვა არ იქნებოდაო; ამისთვის მან დედოფალი ან უნდა ძალით გაეხადა მაჰმადიანად და მაშინ შეეძლო მისი გაშვება თავიდამ აეცილებინა და ბოდიშის მოსახდელი მიზეზიც ექნებოდა, ანდა, როგორც მართლადაც ჰქმნა, უნდა მოეკლა.


  1. ე.ი. 10 სექტემბერს (ჩვენებურად).
  2. თეიმურაზ ამ დროს არ ყოფილა წასული მოსკოვში. იგი წავიდა იქ მხოლოდ 1658 წ., ალექსი მიხაილოვიჩის დროს.

[თეიმურაზის ბრძოლა ქართლ-კახეთის დასაბრუნებლად][edit]

ამის შემდეგ თეიმურაზმა გადასწყვიტა ომის დაწყება. მას იმედი ჰქონდა, რომ მას დაეხმარებოდნენ ამ სემთხვევაში მოსკოველები, რომელთაც შეეძლოთ საქართველოში ჩასვლა ჩერქეზეთით და ყასპიის მთებით, რომელნიც არიან მოსკოველების და ქართველების ქვეყნებს შუა. თეიმურაზ დაბრუნდა საქართველოში და დიდის წარმატებით თავზე დაეცა არამც თუ თავის ქვეყანას, არამედ განსვენებულ ლუარსაბისასაც. ამისი გზა გაუხსნა მას, მრავალ მაჰმადიანების გაწყვეტით, თვით იმ ქართველმა დიდ მოურავმა[1], რომელიც, როგორც ზემოთ ვამბობდი, იყო მიზეზი ამდენის უბედურობისა.

ეს მოურავი განაგებდა ლუარსაბის სამეფოს ახალგაზრდა მთავრის შემწეობით, რომელიც იყო სპარსეთის მორჩილი. ბოლოს მოურავს დაეკარგა სპარსეთის ხელმწიფის ნდობა, შეიძლება იმიტომ, რომ იგი დიდ უფლებას იჩენდა. აღმოჩნდა, რომ ამ მიზეზით სპარსეთის ხელმწიფე უმზადებდა მას სიკვდილს. მან ინანა თავისი შეცთომილებანი და ლუარსაბის წამება, რომელიც მეტის-მეტად დასჯილი დარჩა. ამბობენ, რომ მოურავმა უარ ჰყოო მაშინ ცუდად მიღებული რჯული, აღიარა ისევ ქრისტეს სარწმუნოებაო; მოჰკლაო ვერაგობით რამოდენიმე უმთავრესნი სპარსეთის სარდლები, რომელნიც უკანასკნელ დროს გამოგზავნილნი იყვნენ ამ ქვეყანაში; განაგდოო ეგრეთვე ახალგაზრდა მაჰმადიანი (თუ არ მოჰკლა კიდევაც) და ეცადაო ყველა მხარეების პატრონად შექმნილიყო თეიმურაზ[2] და ხალხი განთავისუფლებულიყო სპარსეთის მტარვალობისაგან და შეჩვენებული მაჰმადიანობის რჯულისაგან,- მე უნდა დავძინო, რომ ამ ამბის სინამდვილეს და უეჭველობას არ ვამტკიცებ, არამედ, როგორც მითხრეს იგი (საეჭვოდ და აბნეულად) ისე მომყავს მეც.

მაშ ეგრე ჩამოვარდნენ თავიანთ ტახტებიდგან, როგორც ზევით ვსთქვი, ორნი მეფენი, თეიმურაზ და ლუარსაბ. ეს უკანასკნელი რომ მოჰკლეს მისი სამეფი ხელუხლებლად დარჩა, როგორც უწინ, მისივე გვაროვნობის მთავრის ხელქვეშ, მაგრამ მისი მოადგილე მაჰმადიანი და სპარსეთის მორჩილი. თუ ზემოხსენებული ამბავი მართალი არ არის, თეიმურაზ დარჩენილა მოკლებული თავის მამეულ სამეფოისაგან. მისი ხალხი და მისნი შვილები სპარსეთში დატყვევებულნი უნდა იყვნენ; დედა მოუკლეს; ქვეყანა მისი უხალხო და გაოხრებულია, რომელსაც არ ჰფლობდნენ დღემდი არც იგი და არც სპარსეთის ხელმწიფე, რადგანაც უყურებდნენ, თუ რას იზამსო მომავალში ბედ-იღბალი, ან უკეთ ვსთქვათ, ღვთის განგება.


  1. გიორგი სააკაძე.
  2. თეიმურაზს თვითონ მოურავი არ ეხმარებოდა, არამედ ეწინააღმდეგებოდა. მას ეწეოდა არაგვის ერისთავი ზურაბ, რომელიც იყო მოურავის ცოლის ძმა და მისი გაზდილი. ესენი მუდამ ერთად მოქმედებდნენ საპოლიტიკო ასპარერზზე, მაგრამ ბოლოს მტრებმა წაჰკიდეს იგინი. როცა თეიმურაზ დაბრუნდა კახეთში თავის სამეფოის ასაღებად, ზურაბ მას მიუდგა; მოურავმა კი ბრძოლა გაუწია, რომელშიდაც ეს უკანასკნელი დამარცხდა. მაშინ, ქართლის ცხოვრების სიტყვით, მოურავი წავიდა სტამბოლს, სადაც მიიღო მაჰმადიანობა. ჰქონდა მას წინედ სპარსეთში მიღებული მაჰმადიანობა, თუ არა, ამაზედ ქართლის ცხოვრება არას ამბობს. ეს ამბავი მოხდა თეიმურაზის რუსეთში წასვლამდი

[დასავლეთ საქართველო და თურქეთი][edit]

დანარჩენნი ქართველნი მთავრები, ესე იგი იმერეთისა, ოდიშისა და გურიისა, ყოველთვის აყვავებულნი იყვნენ და ეხლა კიდევ უფრო აყვავებულან. მათ დაიცვეს თავიანთი ქვეყნები საუკეთესო მდგომარეობაში და ქრისტეს სარწმუნოებაში, ისე რომ მაჰმადიანებისაგან არავიტარი აყალ-მაყალი არ მომხდარა მათს ქვეყნებში. ორს მათგანს, ოდიშის და გურიის მთავრებს, აქვსთ სამთავროები შავის ზღვის პირათ და ამიტომ მათ უფრო მიწვდებიან თურქის ჯარები. მაგრამ სამაგიეროდ ეს მდგომარეობა მათთვის ძლიერ სასარგებლოდაც ჰრჩება. იმათ დიდი ვაჭრობა აქვთ კოსტანტინეპოლთან და მთელ საბერძნეთთან აბრეშუმისა და სხვა რამეებისა. იგინი აღიარებენ, რომ არავითარ ზარალს არ ჰხედავენ იმაში, როგორც მათ აქვსთ მეგობრობა და დამოკიდებულება თურქებთან, რომ სიმშვიდე და მოსვენებული ცხოვრება უნდა იყიდონ საჩუქრებითა და მუდამის მორჩილებითა; რადგანაც თურქებს მაინც აძლევენ ნებას, რომ შემოვიდნენ იმათ ქვეყნებში არამც თუ საბრძანებლად, არამედ ჯარების სხვაგან გასატარებლადაც. თითქმის იქამდე დაიცვეს საკუთარი თავისუფლება, რომ პოლშის ყაზახებს, რომელნიც ჰსცხოვრებენ დნეპრის შავს ზღვასთან შესართავზე, დიდის სიყვარულით იღებენ თავიანთ ქვეყნებში, როგორც ქრისტიანებს, თუმც იგინი არიან თურქების დიდი მტრები და დიდს ზარალს აძლევდნენ და აძლევენ ეხლაც ამათ.

გარდა ამისა, როგორც მე გავიგონე, ეს ორნი ხალხნი ემოყვრებიან ერთმანეთს; თვითონ პოლშის ხელმწიფეს, როგორც ამბობენ, აქვს ამ მთავრებთან მეგობრობა და მიწერ-მოწერა. ხშირად ერთ ქვეყნიდგან მეორეში დადიან სავაჭრო ხომალდები. ამ გარემოებას შეიძლება დიდი შედეგი მოჰყვეს ქართველებისათვის, რადგანაც ყაზახები დღეს შავის ზღვის ბატონები არიან და ბევრად ძლიერნი; პოლშის ხელმწიფეს შეუძლიან კიდევ ამ გზით, რომელიც ძლიერ მოკლეა, დიდად დაეხმაროს ქართველებს ყოველ გაჭირვებაში, რომელსაც მათ მიაყენებენ ან სპარსელები, ან თურქები. ქართველებს თავის მხრით შეუძლიანთ მათის ნავსადგურებით და უსაშიშო თავშესაფარ ადგილებით, რომელნიც აქვსთ ზღვის ნაპირებზე, დიდად დაეხმარონ ყაზახებს მათ საქმეებში. ამით ქართველები ჩვენებისათვისაც ძლიერ გამოსადეგნი იქმნებიან, თუ ჩვენ ოდესმე დიდი რამ დავიწყეთ, ზღვით ან ხმელეთით, ოსმალეთისა და განსაკუთრებით კონსტანტინო-პოლის წინააღმდეგ.

რაც შეეხება იმერეთის მეფეს, ის არ იმყოფება იმდენად არც სპარსელების და არც თურქების დამოკიდებულებაში, რადგანაც მისი, სამეფო არის, როგორც ვსთქვი ზევით, უფრო შუაგულ ქვეყანაში, მოშორებული თურქებზე და სპარსელებზედაც და გამაგრებული ყოვლის მხრით მთებით, მდინარეებით და საშიშო ადგილებით. თუმცა იგი გარეგნად როგორც ერთს, ისე მეორეს უჩვენებს თავს მეგობრად, გულით კი არც ერთს არ ენდობა და არც ერთის ჯარს არ უშვებს თავის ქვეყანაში. კარგადაც ჰშვრება, რადგანაც ერთიც და მეორეც, სპარსელებიც და თურქებიც, როგორც სხვა რჯულისანი, გააოხრებდნენ მის სამეფოს, რომ შესძლებოდათ. თუმცა მაჰმადიანები თავს სხვაფრივ აჩვენებენ და მრავალ ჯერ მეგობრობასაც აცხადებენ, მაგრამ არასდროს არ დაჰზოგვენ ქრისტიანებს, როცა შეუძლიათ, თუ კი რამე დიდმა მათმა სარგებლობამ ან საჭიროებამ არ მოითხოვა ქრისტიანების სიცოცხლე. უთვალავ მაგალითებს ამისას ყოველ ჟამს ვხედავთ; ქრისტიანე მთავართაგანი, ვინც კი დაენდო მათ, ყველანი გასწყვეტილ იქმნა, მაგალითად კოსტანტინეპოლელი ბერძნები, უკანასკნელი ვენგრიის ხელმწიფეები და მრავალნი სხვანი, რომელნიც მთელს ქვეყანას ახსოვს.

[ქართველთა სარწმუნოება][edit]

მე გადაგიშალეთ ვრცელი სურათი საერო მდგომარეობისა, რომელშიაც იმყოფება საქართველო. ეხლა ვიტყვი რასმე სასულიერო მდგომარეობაზედაც. ქართველებმა ძველის დროიდგან მიიღეს ქრისტეს სარწმუნოება, რომლიტაც იგინი გაანათლა ერთმა უცხო ქვეყნიდგან ჩამოსულმა მხევალმა. ამ ქალის მრავალ და შესანიშნავ სასწაულებს მოგვითხრობენ ქართველები, მაგრამ დღემდი ვერ შევიტყე, რა ერქვა მას. მისი სახელი არც ქართველებმა იციან, თუმცა ისტორია მისი კი იციან[1]. მხოლოდ ჩვენს მარტირიკებში უწოდებენ მას ქრისტეს წმიდა მხევალს.

მე ვფიქრობ, რომ მათ მიიღეს სარწმუნოება ბერძნებისაგან, კოსტანტინოპოლის იმპერატორების დროს, და თავიდგანვე მიიღეს ბერძნების ტიბიკონი, რომელსაც დღემდი ასრულებენ. მხოლოდ წირვა-ლოცვა საკუთარ ენაზედ აქვსთ. მათ ენაზე ორგვარი მწიგნობრობა არის: ერთს ჰქვიან ხუცური, რომელსაც ხმარობენ მხოლოდ ეკკლესიაში და სამღვთო წერილში; მეორეს ჰქვიან მხედრული, რომელსაც საზოგადოდ ყოველ გვარ მიწერ-მოწერაში ჰხმარობენ; სამღვთო წიგნებიც იწერებიან ხოლმე მხედრულით ერის კაცებისთვის.

რადგანაც ქარრთველები მიუყვებოდნენ ბერძნების ტიბიკონს და ეკკლესიას, იმიტომ იმათ შეითვისეს ის სეცთომილებანი, რომელნიც აქვსთ ბერძნებს თავის სარწმუნოებაში. მართალია რომ ბერძნებს უფრო ნაკლებ აქვსთ შეცთომილებანი, ვიდრე დანარჩენ აღმოსავლეთის ხალხებს. მე გაბედვით ვიტყვი, რომ ქართველებს კიდევ ნაკლები აქვსთ შეცთომილებანი ვიდრე ბერძნებს. ეს იქნება, იმიტომ არის ასე, რომ ქართველები ცოტად ეტანებიან მწიგნობრობას, უფრო ბევრს დროს ატარებენ ომში და ამის გამო უფრო უმეცარნი არიან, ნაკლებ შეუძლიათ იცოდნენ და ნაკლებ იციან კიდეც ამისთანა საგნები; იგინი მხოლოდ ჰსცხოვრებენ კეთილის განზრახვით. ამისა გამო მათ შორის უფრო ადვილათ შეხვდებით უძლეველს მარტივ უმეცრებას, ვიდრე ბერძნებს შორის, რომელთაც უყვართ თავის წიგნების ფურცვლა. ამიტომაც ქართველებს ბევრი მოეტევებათ.

ამის მიზეზი, იქნება, კიდევ ის არის, რომ იმ უკანასკნელ კრებაში, რომელშიაც ბერძნებმა გამოიჩინეს ჟინიანობა თავის რაღაც შემცდარ აზრებში, ქართველები მაშინ იქ არ იყვნენ და ამ შეცდომებში არავითარი მონაწილეობა არ მიუღიათ, როგორც ცხადად ამტკიცებენ ბარონიო თავის მარტირიკაში და კიდევ გაბრიელ პრატეოლო თავის "მწვალებლების ალფაბეტურ სიაში", რომელნიც ამ შეცდომების შესახებ ქართველებს უფრო ამართლებენ, ვიდრე ბერძნებს. ამასთანავე ქართველები არ მედიდურობენ, როგორც ბერძნები, თავის ეკკლესიის უპირატესობით. თუმცა იგინი არ ეუცხოვებიან კოსტანტინეპოლელ პატრიარხს, მაგრამ პირ-და-პირ მის დამოკიდებულებაში არ არიან, რადგანაც თავიანთ მიტროპოლიტებს თვითონ აყენებენ; აქვს, თუ არა რამე უფლება საქართველოში კოსტანტინეპოლელ პატრიარხს, არ ვიცი.

გარდა ამისა მათ დიდი პატივისცემა აქვსთ რომისადმი, წმინდა პავლეს და წმინდა პეტრესადმი და რომის მღვდელ-მთავრისადმი. მათ არ აქვსთ ის რაღაც ძულვა ურთიერთშორის, რომელიც აქვსთ ბერძნებს უპირატესობისთვის; არ არიან ისე ამაყნი, როგორც ბერძნები, არც ჟინიანები, არც ცუღლუტები ან მატყუარნი საქმეებში, არამედ არიან მშვიდნი, წყნარნი, კეთილის გულისა, წრფელნი. მათი დაჯერება და რაიმე საქმეში დაყოლიება ისე ადვილად შეიძლება, რომ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მარტო ამ თვისების გამო, იმათ ბევრი ზარალი ნახეს მაჰმადიანობისაგან.

გარდა ამისა, იმათ ჰყავთ, როგორც ვსთქვი, ქრისტიანი მთავრები, აქვთ საკუთარი სახელმწიფო და მართებლობა საერო და სასულიეროც. ეს დიდი საქმეა. აბა რას უნდა მოველოდეთ რომლისამე ხალხისაგან, რომელსაც არც მოთავე ჰყავს, არც სახელმწიფო აქვს, არც რაიმე მართებლობა აქვს და, როგორც თითქმის დანარჩენნი აღმოსავლეთის ქრისტიანენი, არის დამოკიდებული ურჯულო მთავრებზე, რომელნიც საყოველთაოდ ჩვენი მტრები არიან.

ამისთანა ხალხთან როგორ შეიძლება საზოგადო შეერთება, კრების ქონა? ან და რა კეთილ განჩინებას დაადგენს ამ კრებაში ამისტანა ხალხი? რომ კიდევაც დაადგინოს, ვინ შეასრულებს, ან ვის შეეძლება შეასრულებინოს ეს განჩინებანი? ამისთანა შემთხვევაში უფრო საფიქრებელია ხოლმე, რომ უკანასკნელს და უბოროტესს მათგანს, რომელიც არ ეთანხმება სხვებს, შეეძლება ცილის-წამების შემწეობით მაჰმადიანების წინაშე დაშალოს ყოველიფერი და დიდი ზარალი მოუტანოს სხვებს.

ქართველებს შორის კი ყოველისფერის გაკეთება შეიძლება, რადგანაც მათ აქვსთ თავისი მმართებლობა, სარწმუნოება და ჰყავსთ ხელმწიფე თავის ხალხოსნობისა. მათი ხელმწიფე ჰმართავს ქვეყანას აღმოსავლეთურად; მისი უფლება უფრო დესპოტურია და უფრო განუსაზღვრელი, ვიდრე ჩვენის ევროპის ხელმწიფეებისა. ამიტომაც მათის მომხრეობით და შემწეობით იმედია, მათს ქვეყანაში ბევრი რამ გაკეთდეს. ყველა ეს მიზეზები მართლა გაადვილებენ მათს ჩვენთან შემოერთებას, თუ მხურვალე მეცადინეობა არ დააკლდა ამ საქმეს და თუ იმათ გასანათლებლად წავლენ ჩვენგან ნიჭიერნი პირნი, იცხოვრებენ მათ შორის და კარგად შეისწავლიან მათს ენას.

მაგრამ არ ვიცი რად არ ჰსწყალობენ ეგრე ქართველებს, რომ დღემდე ამის შესახებ არავითარი მეცადინეობა არავის გამოუჩენია. იქმნება ამის მიზეზი ისაა, რომ მათ ცოტა დამოკიდებულება ჰქონიათ ევროპასთან, ან ის, რომ მათი ენა ჩვენთვის თითქმის უცნობია. მაშინ როდესაც სამოციქულო ტახტმა ამოდენი იზრუნა ყველა სხვა აღმოსავლეთის ხალხების შემოერთებისათვის და ამოდენი დახარჯა ამ საგნისთვის ბერძნების და სხვა ხალხების შესახებ, ქართველების შესახებ კი არავის არაფერი გახსენებია, თუმცა ესენი არც უფრო შორს და უფრო მიუწვდომელნი არიან სხვებზე, არც ღვთისა ნაკლებად საყვარელნი, არც რომის ეკკლესიის წინაშე ნაკლები ღირსება აქვსთ მათ.

ჩვენების ამისთანა გულ-გრილობამ ქართველებისადმი, რომელიც ჰსუფევს ეხლაც, მაიძულა მე მომეხსენებივა მათი ამბავი. ვინაიდგან მე შევიტყე მათი გარემოება და მაქვს მრავალ ქართველებთან როგორც სულიერი ნათესაობა, ისე მეგობრობაც, მე ჩემს ვალად ვთვლიდი მომეხსენებინა თქვენის სიწმინდისთვის მდგომარეობა და საჭიროება ამ ხალხისა, და კუდევაც მოგახსენეთ. ამასთანავე დიდის გულ-მოდგინებით გევედრებით, რომ ინებოთ მათი დახმარება. რამდენად ეხლა ნაკლებად აქვსთ მათ შეცდომილებანი, იმდენად თქვენს უწმიდესობას მეტი დამსახურება ექმნება ღვთის წინაშე და მეტი სახელი ქვეყნის წინაშე.


  1. ცხადია, რომ აქ ლაპარაკი წმ. ნინოზედ არის

[მისიონერების საქართველოში შემოსვლის სამი გზა][edit]

ხოლო, რათა თქვენმა უწმიდესობამ იცოდეს თუ რა საშუალებანი ინდა იქმნენ ხმარებულნი ამ საქმეში და რა გზით შეიძლება მათი მიშველება, მე მოგახსენებთ, რომ ჩვენებს შეუძლიანთ საქართველოში წასვლა სამის გზით. პირველი და უფრო მოკლე არის კოსტანტინიოილის გზა, რომლითაც წაისვლება საქართველოში რვა თუ ხუთ დღეში, ტაროსის დაგვარად. კოსტანტინოპოლიდგან სკუტარაში (აზიაშია) მივა კაცი უსაშიშო ყარავნებით, ესე იგი, სავაჭრო ამხანაგობებთან, რომელნიც ყოველ დღე დადიან ტრაბიზონის გზაზე. ეს ადვილად შეუძლიანთ კოსტანტინოპოლის ჯეზუიტის პატრებს და ეგრეთვე დომენიკანელებს და ფრანჩისკანელებს, რომელთაც აქვსთ იქ ეკკლესიები და მონასტრები. მაგრამ მართალი რომ ვსთქვათ, უფრო გამოსადეგნი არიან ჯეზუიტები, რადგანაც მათ განსაკუთრებულ წესად აქვსთ მოყვასთ მიაქციონ ყურადღება, ასწავლონ, შკოლები და პანსიონები გახსნან. როგორც გამოცდილება გვაჩვენებს ეს საშუალებანი ყველა სხვებს ჰსჯობიან. კოსტანტინოპოლით საქართველოში წასვლას მხოლოდ ერთი დაბრკოლება ექნება, მგონია:- თურქები იქ არ გაუშვებენ ადვილად ჩვენებს, უმეტესად მაშინ, თუ შეიტყვეს რომ იგინი არიან ბერები ან მღვდლები, რომელთაც ჩვენ ვიბარებთ ამ საქმისათვის. მაგრამ მე მგონია, რომ გონიერ კაცებს, რომელთაც ეცოდინებათ რამდენადმე ოსმალეთი და იქაური ენა, შეუძლიათ ცოტ-ცოტად და დრო გამოშვებით დაფარულად ჩაიარონ თუ ტანისამოსს გამოიცვლიან და თავს ვაჭრებათ ან სხვა რამეთ უჩვენებენ.

მეორე გზა არის სპარსეთით, საიდგანაც ჩვენს ბერებს კამელიტანელ ფეხ-შიშველებს და ეგრეთვე პორტოგალიის ავგუსტინიანებს, რომელთაც აქვთ ეგრეთვე ეკკლესიები სპარსეთში, უფრო ადვილად შეუძლიანთ წასვლა კაფილებით, ესე იგი, სავაჭრო ყარავნებით, იმ მხარეში, რომელიც წინედ ლუარსაბისა იყო და ეხლა სპარსეთს ემორჩილება. ამ კუთხიდგან იმათ მერმედ შეუძლიანთ გადვიდნენ საქართველოს ყველა სხვა კუთხეებში. ამ შემთხვევაში უფრო გამოსადეგნი იქნებიან ფეზ-შიშველები, რადგანაც მათის მარხულობით და ცხოვრებაში მოჭირვებით იგინი ჰბაძვენ აღმოსავლეთის ბერებს და ქართველებისაგან, ამათის ბერების და მღვდელ-მთავრებისაგან ძლიერ კარგად იქმნებიან მიღებულნი და ძლიერ სამაგალითონი დარჩებიან. გარდა ამისა შეუძლიათ სპარსეთში ამ განზრახულებისათვის დიდი შემწეობა იპოვონ წამებულის ქეთევან დედოფლის კაცებისაგან, რომელნიც ჯერეც შირაზში არიან და რომელთ იციან, რომ დედოფლის გვამი არის, როგორც ამბობენ, ავგუსტინიანების ხელში. შემწეობას ეგრეთვე გაუწევენ მათ მიტროპოლიტის ალავერდის ნათესავები და მრავალნი წარჩინებულნი ქართველნი, რომელთთანაც იმათ მეგობრობა აქვსთ. მაგრამ როგორც იქ წასვლის დროს, ისე მოქმედებაში ძლიერ გონივრულად და სიფრთხილით უნდა მოიქცნენ, რომ სპარსეთის ხელმწიფემ არ შეიტყოს ის განზრახულებანი, რომელნიც მას არ ესიამოვნება; რომ აქედგან არც თვითონ მათთვის და არც მეგობართ ქართველებისთვის უსიამოვნება არ მოხდეს.

მესამე და უკანასკნელი გზა არის პოლშის გზა. ამ სახელმწიფოის იმ ადგილებიდგან, რომელნიც შავის ზღვის ნაპირზე არიან, ეგრეთვე ადვილად და მალე შეიძლება საქართველოში გადასვლა. ამ ზღვამდიც ადვილად შეიძლება მისვლა შუაგულ პოლშიდგან მდინარე დნეპრით, რომელიც ჩაუვლის კიევს. ზოგიერთის აზრით ეს ქალაქი არის ძველის დროის პონტის თომი, სადაც ექსორიად გაგზავნილი იყო ოვიდიო. პოლშიდგან ამ საქმეს ბერები არ დააკლდებათ, განსაკუთრებით ჯეზუიტები, დომინინკანელები და კარმელიტანელი ფეხ-შიშველები, რომელნიც იქაც არიან დამყარებულნი. არც პოლშის ხელმწიფე მოაკლებს თავის შემწეობას; იგი ფრიად კათოლიკეა და ღვთის მოყვარე, და დიდის სიმხურვალით ეცდება ხელი შეუწყოს ამ მისვლა-მოსვლას. ამისათვის ყაზახების ხომალდები ბლომად იქმნებიან, რომლითაც მოსვენებულად შეუძლიანთ საქართველოში წასვლა ჩვენებს, არა მარტო ბერებს, არამედ, როცა საჭირო იქმნება, ეპისკოპოზსაც, ნუნციოსაც და დესპანსაც თავიანთ მოწყობილობით. უკანასკნელად, არა მცირედი შემწეობა ამ საქმეში შეუძლიანთ პოლშის რუთენის კათოლიკებს, რომელთაც ჯერ აქვსთ ბერძნის ტიბიკონი და რომელთაც ამის გამო დიდი გავლენა და ზედ-მოქმედება ექმნებათ ქარტველების შორის.

სხვა საშუალებებს და გზებს მოიფიქრებს თქვენი უწმიდესობა, რადგანაც ხართ ყოვლად ბრძენი და წმიდა სულისაგან ჩაგონებული. ჩემის მხრით მე გთხოვთ ეს მცირედი მოხსენება, რომელიც არის ნაყოფი ჩემის გამოცდილებისა, მიიღოთ ნიშნად ჩემის კეთილ-მსახურებისა ამ წმიდა სარწმუნოების მიმართ და ნიშნად იმისა, რომ მე მსურს ამ სარწმუნოების გავრცელება და ღვთის სამსახური. ამით ვათავებ ჩემს მოხსენებას და თქვენს წმიდის წმიდა ფერხთა ვეამბორები.