ოცნება ისევ მაღლა წავიდა

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ოცნება ისევ მაღლა წავიდა
ავტორი: ტერენტი გრანელი


ოცნება ისევ მაღლა წავიდა,
თეთრმა ღრუბლებმა ცა გადახურეს.
და ბოტანიკურ ბაღის მთებიდან
ხელის გულივით თბილისს დავყურებ

ღრუბლები ისევ ჩამოწვა გზებთა
და მალე მოვა თეთრი ზამთარიც.
ისევ მიცქერის მაღალი ზეცა,
ისევ მიცქერის მთა გადამწვარი.

მოდის შუადღე მწუხარე სახით,
ფიქრები ისევ ფეხზე დგებიან.
აქეთ დგას ორი წითელი სახლი,
იქეთ კოჯორის ფართო გზებია.

გზაზე ჭრიალით მიდის ურემი
და ბიჭი სადღაც დაკარგულია.
ახლა არ ვიცი, რას ვისურვებდი,
ახლა არ ვიცი, მე რა მწყურია.

რესურსები ინტერნეტში[edit]