Jump to content

მჭედელი

From Wikisource
მჭედელი
ავტორი: ნოე ჩხიკვაძე


მუდამ ღამით და ყოველ დღე ჩვენს ქალაქში,
კომლით სავსე, უსინათლო ძველ სარდაფში,
მესმის წყნარი, სევდიანი მე სიმღერა;
მასში მოსთქვამს დაჩაგრულთა ბედისწერა,
უნდო, დუხჭირ ცხოვრებისგან განწირული,
შრომის ცეცხლით ანაკვნესი ხმა გმირული...

მე ყურს ვუგდებ, როგორ რეკავს გრდემლზე კვერი,
როგორ კვდება მუნ სიცოცხლე მშვენიერი,
როგორ ბრუნავს ყოფნის ჩარხი გაქცეული,
იწვის ცრემლი, ფოლადზედა დაქცეული,
ტანჯვის შვილთა, რომელთაც მზე არ უნახავთ
და სიცოცხლის მიზნად შრომა დაუსახავთ.

მიყვარს იგი უცნაური, დაფარული
ცხოვრების ხმა, რღვევის ხმაში გაპარული,
და მჭედელი, გამდნარ შანთსა როცა სჭედავს,
როცა ალში სიცოცხლისა სახეს ხედავს, -

შვება მიპყრობს, მინდა გრძნობით იმას მივყვე,
დავიფერფლო, საუკუნოდ შიგ დავიწვე!..

ამ დროს იგი, კვერისა და გრდემლის ხმაზე,
თვის საყვარელ სიმღერასა მღერის ასე:

- “სიცოცხლეო, იჩუხჩუხე, კვლავ აღავსე
ყოფნის თასი წმინდა ოფლის ნაკადულით,
რომ შევხედო ჩემს სამკაულს სიყვარულით,
დავეწაფო ათრთოლებულ ცეცხლის ალებს
და შევერთო აზვირთებულ ძალთა-ძალებს!

იჩუხჩუხე! - აუჩქაროს გულმა ძგერა,
გამომჟღავნდეს დაფარული ბედისწერა,
რომ დაირღვეს არსებობის სახე ძველი,
რომ გაირკვეს სიცოცხლისა განსაცდელი,
ცის სახელით, მიწის ბნელით დაფარული,
და შეიგნოს დაჩაგრულმა სიყვარული!..

ვინაც კვნესის, იმან იცის ყოფნის ვალი!
აწმყოსაგან მსხვერპლსა ითხოვს მომავალი.
და როდესაც სამსხვერპლოზე იგი დნება,
როცა ოფლსა ცხარე ცრემლი ეთვისება,
ის ნაღველი ბრძოლის ცეცხლად უნდა იქცეს,
ძველი ყოფნა ჩაიტანოს და დაიქცეს!

სიცოცხლეო, იჩუხჩუხე მაშ კვლავ ასე,
ცრემლი ცრემლთან შეაზავე და აღავსე
ყოფნის თასი წმინდა ოფლის ნაკადულით,
რომ შევხედო შენს სამკაულს სიყვარულით,
დავეწაფო ცხოვრებისა ცეცხლის წყაროს,
შევუერთდე იმ ქვეყანას, იმ სამყაროს,
სადაც მეფობს და ბატონობს შრომის შვილი,
სად სიცოცხლეს ქედს მოუხრის თვით სიკვდილი!”

მე ყურს ვუგდებ უცნაურსა ამ სიმღერას,
გრძნობით ვისმენ დაჩაგრულთა ბედისწერას,
და მჭედელი გამდნარ შანთსა როცა სჭედავს,
როცა ალში სიცოცხლისა სახეს ხედავს -

ვმღერი, სრულქმნა სიცოცხლისა რომ ვიხილო:
- დაჰკარ, დაჰკარ გრდემლსა კვერი, შრომის შვილო!