მწყემსის ანდერძი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
მწყემსის ანდერძი
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1888 წელი


თქვენნიმც თვალნ დამიტირებენ,
სწორებო, გენაცვლენითა,
ნეტავი მენა, თუ მიწა
მეღირსა თქვენის ხელითა!..

აქ ნუ გამწირავთ, წამიღეთ,
ჩემს ადგილს მიმაბარეთა;
გზა-გზა ქურდულად მავლიეთ,
ნაბადი წამაფარეთა;
ჩემთ მამა-პაპათ გვერდითა
სამარე გამითხარეთა;
სიცოცხლით ჩამწარებული
მკვდარ მაინც გამახარეთა.

დამცქერდეს დიყელის გორი,
ინოს მთა ჭიუხიანი,
ყინჩად ნაღრანტი აქა-იქ,
ხევები შალდაყიანი.
ხმალიც თან ჩამაყოლოდით,
ჩემი ფრანგული ფხიანი.

ქალს, თვალ-შალშავას უთხროდით,
მალე მაიჭრას თმანია,
შავეთში კელაპტრად მინდან,
რო გავიკვლიო გზანია.

ხომ იცით, უთვისტომო ვარ,
მამგონე არა მრჩებაო;
ვინ აიტკივებს ჩემთვის თავს,
დღეში ათასი კვდებაო!

ჩემ სარჩო-საბადებელი
მიმირთვით თამარ-ნეფესა¹.
გენაცვლეთ, ნუ მამიმშიებთ
ბროლას, თეოზე მყეფესა.

რო შაიყარნეთ ციხე-გორს,
ან ლაშარს დავლათიანსა,
ფშავლებო, მამიგონოდით,
დიდს არას მოგცემთ ზიანსა!