მოსამსახურე
Appearance
მოსამსახურე ავტორი: ტერენტი გრანელი |
ქარი მოვიდა, კარი დახურე,
არ მოკვდებიან ჩემი ლექსები.
მიდის უფროსი მოსამსახურე,
მიაქვს ცხოვრების ინტერესები.
ქარი მოვიდა, კარი დახურე,
სარკეს ეცემა ღამის ჩრდილები.
და მე არა ვარ მოსამსახურე,
ცხოვრებას მე არ ვემორჩილები.
და სადღაც ელავს ქალის საყურე,
შენ წმინდა გული გვიან დაკეტე.
ზის საცოდავი მოსამსახურე
და ის ცხოვრების საქმეს აკეთებს.
ქარი მოვიდა, კარი დახურე,
არ მოკვდებიან ჩემი ლექსები.
მიდის უფროსი მოსამსახურე,
მიაქვს ცხოვრების ინტერესები.