მოგონების ქსელი
Appearance
მოგონების ქსელი ავტორი: ტერენტი გრანელი |
იელვებს ძველი ლოცვების გროვა,
აპრილის დამლევს მოვიქანცები.
იქნება ისევ უცნობი გლოვა
და შორეული ნიუანსები.
გავყვები ბედის სევდიან რკალებს,
გაჩნდება უცებ სიფითრე მწველი.
და ფოთოლივით სულში კანკალებს
მოგონებების ცისფერი ქსელი.